Thursday, December 24, 2020

რეი ბრედბერი - "ტანმოხატული კაცი" Ray Bradbury - "The illustrated man"

 


       რეი ბრედბერის მორიგი წიგნის განხილვა ბლოგზე :) . სხვა წიგნებისგან განსხვავებით, "ტანმოხატული კაცი", ნოველების ერთიან კრებულს წარმოადგენს. ნაწარმოების მთავარი გმირი მხოლოდ პროლოგსა და ეპილოგში ჩანს. იგი ერთადერთია , რომელიც მოთხრობებს აკავშირებს, თუ არ ჩავთვლით კაცს, რომელიც მას ხვდება და მის ნახატებს "კითხულობს". მისივე თქმით, ეს სვირინგები ერთი მოხუცი ქალის ნახელავია , რომელიც დროში მოგზაურობდა. ნახატების განსაკუთრებულობა კი, გარდა მათი სილამაზისა, იმაში მდგომარეობს, რომ ღამ-ღამობით ისინი ცოცხლდებიან. მთავარი გმირი არ შეუშინდება უცხო კაცთან ერთად ღამის გატარებას, უძილობით შეწუხებული კი გარკვევით ამჩნევს მის სხეულზე მოძრავ ფიგურებს. დანარჩენი 18 მოთხრობა სწორედ ამ კაცის სხეულზე გაცოცხლებული ფიგურებით შექმნილი ამბებია. 



        


       შეხვდებით ოჯახს, რომლის წევრებიც შორეულ მომავალში ცხოვრობენ და მიზანი არ დარჩენიათ -  მათ მაგივრად ყველაფერს კომპიუტერები აკეთებენ. შეხვდებით კოსმოსში "გაჭრილ" ადამიანებს , რომლებიც დედამიწაზე ვეღარ ძლებენ და ვერც კოსმოსში ჩერდებიან, რადგან საკუთარი თავი, ცხოვრება და რწმენა დაკარგეს. ალბათ ამიტომაც ხვდებიან სამყაროს აღსასრულს ასე მშვიდად...მერე რა თუ ამის შესახებ წინასწარ გაიგეს...  


      სამყარო , სადაც ტექნიკა ადამიანებივით გაბოროტდა, ალბათ არც არის გადასარჩენი...ყოველ შემთხვევაში, ტანმოხატული კაცის სხეული ასეთ განცდას ტოვებს - უიმედობის განცდას, სევდას , რომელიც მკითხველსაც ძალიან დიდხანს გაყვება...



Tuesday, December 22, 2020

ჯუდი ბლუმი - "აქ ხარ ღმერთო?! ეს მე ვარ, მარგარეტი" Judy blume - " Are you there,God? It`s me, Margaret"

 


        ლიტერატურაში იშვიათად იპოვით ისეთ გულწრფელ პერსონაჟს, როგორიც მარგარეტ საიმონია. თერთმეტი წლის მარგარეტი პირდაპირ გაგაოცებთ თავისი იუმორით და გულახდილობით.

        წიგნი მოგვითხრობს 11 წლის მარგარეტ საიმონის ამბავს, რომლის ოჯახიც ნიუ იორკიდან ნიუ ჯერსიში გადასახლდა.მარგარეტის დედა - ბარბარა, ქრისტიანია, მამა - ჰერბერტ საიმონი კი - ებრაელი და იუდაიზმის მიმდევარი.მშობლები შვილს სრულ თავისუფლებას აძლევენ სასურველი რელიგიის არჩევანში და გადაწყვეტილების მისაღებად არ აჩქარებენ. წიგნში ძალიან სახალისოდაა აღწერილი მარგარეტის ღამისეული საუბრები ღმერთთან, ურთიერთობა ახალ კლასელებთან,მასწავლებლებთან...


        ეს არის წიგნი იმაზე თუ როგორ იზრდება და ყალიბდება გოგონა, როგორ იცვლება მისი აზროვნება გარდატეხის ასაკში, რა აწუხებს, რას განიცდის და რა უხარია.რაც შეეხება ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას, ამ მხრივ მას დიდი დატვირთვა არ გააჩნია,თუმცა წასაკითხად ნამდვილად ღირს.

       ამ რომანში ხდება ის, რაც ყველა გოგოს ცხოვრებაში ხდება პირველად და რასაც დიდი განცდები, სიხარული და უხერხულობებიც ახლავს თან. გოგონები წიგნში საკუთარ თავს ამოიცნობენ, უფროსები კი, ცოტახნით ბავშვობაში დაბრუნდებიან და აუცილებლად გაეღიმებათ მარგარეტის ისტორიებზე.


        ახლა კი მშობლების საყურადღებოდ: ძვირფასო მშობლებო! მოგეხსენებათ რამდენად რთული და საფრთხილოა გარდატეხის ასაკი, თავისი ფსიქო-ფიზიკური ცვლილებებით, რაც მოზარდებში აგრესიას, არაადეკვატურ ქცევას და უმიზეზო გაღიზიანებას იწვევს, ხოლო უფროსებში - გაუგებრობასა და დაბნეულობას.მერწმუნეთ, ეს წიგნი დაგანახებთ სამყაროს მოზარდის თვალით და ძალიან ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს: რატომ აღარ გიშვებთ თქვენი გოგონა ოთახში დაუკითხავდ, რატომ საუბრობს მეგობართან საათობით, რატომაა მუდმივად უკმაყოფილო საკუთარი გარეგნობით და ა.შ.