Tuesday, February 15, 2022

ჰარუკი მურაკამი - "ნორვეგიული ტყე" Haruki Murakami - "Norwegian Wood"

 


          ეს არის ჰარუკი მურაკამის ყველაზე რეალისტური რომანი . სხვა წიგნებთან შედარებით, აქ მძიმედაა გადმოცმული შინაარსი .

          ბერძნული ტრაგედიების, თომას მანის, სკოტ ფიცჯერალდის და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული - ტორუ ვატანაბე , თავის თავს არაფრით გამორჩეულს უწოდებს. მისი მეგობრები კოლეჯშიც და უნივერსიტეტშიც რჩეული ბიჭები იყვნენ. ნაოკოც და მიდორიც რჩეულები იყვნენ. ტორუ ვატანაბე კი, თავისი "მეს" მნიშვნელობას აკნინებს და საკუთარ თავს ერთ უბრალო ადამიანს უწოდებს, არ უღრმავდება იმ ნიჭს რაც მისი "უბრალოების" მიღმა იმალება ...

         უცებ, დადგა ის სახიფათო მომენტი ვატანაბეს და ნაოკოს შორის , რასაც უნებლიე შეხება ჰქვია... ბეგბედერი უკონტროლო შეხებას სიყვარულს უწოდებს , თუმცა მურაკამი მას დიდ საფრთხედ აფასებს. ნაოკო ამ უნებლიე ქმედებას ვატანაბეს აბრალებს, სხვაზე გადაბრალება ხომ მშიშარა და პატარა ადამიანების ხასიათის შტრიხია... ნაოკოს შემდეგ ასეთივე "საფრთხით" მიდორის ჯერი დგება... გაორებული ვატანაბე ორივე ქალს კარგავს!  ესეც მურაკამისეული საფრთხე!!!

     

          მურაკამი არ გვაჩვენებს ნათლად , თუ როგორ ბიჭად ჩამოყალიბდა ტორუ ვატანაბე. როგორი კარიერა შექმნა, როგორი ცოლი მოიყვანა, როგორი შვილები ჰყავს... გონიერი, ცხოვრებაში წინ მსვლელი ადამიანი იღებს გარემოდან დანახულს, ფილტრავს და ითვისებს. ვატანაბე ხომ ზუსტად ასეთი იყო. მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში , წიგნში არსებულმა ყველა პერსონაჟმა დიდი როლი ითამაშა.

          ტორუ ვატანაბე მაგარი ბიჭია!!! ის ცხოვრებას აგრძელებს. ტოკიოს მეტროს ვაგონს არ გაცდენილი , 37 წლის ასაკში უკვე უზარმაზარ ბოინგში ზის და ჰამბურგის აეროპორტში ეშვება....


          წიგნი ყველაზე საინტერესო მოენტში წყდება და როგორც მურაკამს სჩვევია, მკითხველის შესაძლებლობებს პრეტენზიას უყენებს : მიდი, აბა, შენ თვითონ დაასრულე!!! დაინახე და აღიქვიო!!! 

          ბევრ წიგნს მოუტანია ჩემთვის ემოცია, თუმცა მსგავსი - ცოტა იშვიათად! წიგნის კითხვის დროს გეუფლება განცდა თითქოს ეს ყველაფერი რეალობაშია, აქვე, გვერდით ხდება, შენს სამყაროშია, შენი განცდილი ემოციებია, შენი გადატანილი ტკივილებია... ავტორმა კი, უბრალოდ ნიჭიერად გადაწერა ფურცელზე... 


         მოკლედ, თუ არაჩვეულებრივი წიგნის წაკითხვა გინდათ ბევრი უმაგრესი მუსიკით და ბევრი ემოციით, "ნორვეგიული ტყე" თქვენთვის არის...

P.S. მზად იყავით იმ ტკივილისთვის, რომელსაც ეს წიგნი მოგაყენებთ... მერე არ თქვათ - არ გაგიფრთხილებივართო...


 სამახსოვრო ფრაზები : 

  • უნდა გასცე გრძნობები... წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შენში დაგროვდება , შემდეგ კი - მოკვდება
  • საბედნიეროდ რაც შენ შეგხვდი, სამყაროს ცოტათი შეყვარება შევძელი
  • მარტოობა არ მიყვარს, უბრალოდ ზედმეტ ნაცნობობას ვერიდები, რათა მეტ იმედგაცრუებას ავარიდო თავი
  • უსამართლო საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც შენი შესაძლებლობების ზღვარის  შეცნობისკენ გიბიძგებს
  • მას ჩემი ხელი არ სჭირდებოდა, არამედ ვიღაც სხვისი...მას ჩემი სხეული არ სჭირდებოდა , არამედ ვიღაც სხვისი... და მე ვერ ვთავისუფლდებოდი იმ გაურკვეველი იმედგაცრუებისგან , რომ მე - მე ვარ!!!