Saturday, June 27, 2020

ვერონიკა როთი - " განსხვავებული" Veronica Roth - "Divergent"



               "ცოდნის, როგორც დაუძლეველი ძალის აღქმისა და მისი საშუალებით ძალაუფლებისკენ სწრაფვისას, ადამიანები ბნელ და ცარიელ ადგილებში აღმოვჩნდებით ხოლმე".


        წიგნის სიუჟეტი პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში, ჩიკაგოში ვითარდება.ქალაქი შემოსაზღვრულია უზარმაზარი ღობით და მოქალაქეებისათვის უცნობია თუ რა ხდება ამ ღობის მიღმა.მოსახლეობის ფრაქციებად დაყოფა გახდა საჭირო, მას შემდეგ ,რაც ომებმა მთელი მსოფლიო მოიცვა და დედამიწა ლამის განადგურებამდე მივიდა. ადამიანი კი, უხეშად რომ ვთქვათ, გადაშენების პირას მყოფ  არსებად იქცა. ჩიკაგო დაყოფილია ხუთ ფრაქციად, რომლებსაც საკუთარი დევიზი და ცხოვრების გარკვეული წესი გააჩნიათ.

  1. შეუპოვრობა - ისინი ზრდიან მომავალ თაობებს, როგორც მებრძოლებს, რომლებიც დაიცავენ წესრიგს. მათი სიმბოლოა ცეცხლი.
  2. გულწრფელობა - ადამიანებს მოუწოდებენ სიმართლის თქმისკენ. მათ მიაჩნიათ , რომ სამყაროს ხსნის გზა მხოლოდ სიმართლითაა შესაძლებელი. მათი სიმბოლოა სასწორი.
  3. ერუდიცია - განათლება, განათლება და განათლება. აქ თავმოყრილია ისეთი ხალხი, სათვალეს მუდამ თან რომ ატარებს და იღლიაში ამოჩრილი წიგნი მათი მუდმივი თანამგზავრია. მათი სიმბოლოა თვალი.
  4. მეგობრულობა - მათ რიგებში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ შენ ყველაფრისთვის მზად ხარ. საკუთარ სიცოცხლესაც კი ჩააგდებ საფრთხეში მეგობრის გადასარჩენად. მათი სიმბოლოა ხე.
  5. ასკეტობა - იმ ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც უანგაროდ აკეთებენ ყველაფერს. საკმაოდ მშვიდი და თავშეკავებული ხალხია. მათი სიმბოლოა ხელები.



       წიგნის მთავარი გმირი - ბეატრისი, ასკეტების ფრაქციიდანაა. როდესაც მოზარდებს 16 წელი შეუსრულდებათ, მათ უნდა გაიარონ ტესტი, რომლის მიხედვითაც გაარკვევენ სინამდვილეში რომელ ფრაქციას მიეკუთვნებიან, მიუხედავად მათი წარმოშობისა. ბეატრისის პასუხები კი შეუჯამებელია. იგი მხოლოდ ერთ ფრაქციას არ ეკუთვნის. სწორედ ამიტომ მისი არსებობა საფრთხის ქვეშაა... ვინაიდან "განსხვავებულებს" ფრაქციებში მტრები ჰყავთ და ისინი ფიქრობენ რომ მათი კონტროლი შეუძლებელია და საჭიროა მათი განადგურება.

       

      "ერთი არჩევანიც საკმარისია, რომ სამუდამოდ გარდაიქმნა."   
სწორედ ეს ფრაზაა საკმაოდ მნიშვნელოვანი. სწორედ არჩევანი აქცევს ადამიანებს ისეთებად , როგორებიც არ არიან და წარმოუდგენლადაც კი გეჩვენება,  ის ახდენს ზეგავლენას ყველა იმ პერსონაჟზე, რომლებსაც შეხვდებით იმ მოულოდნელ სიტუაციებში, სადაც მოუწევთ თავიანთი თავის შეცნობა. 


Friday, June 12, 2020

ჯულიან ბარნსი - "დასასრულის განცდა" Julian Barnes - "The sense of an Ending"


        არსებობს წიგნები , რომელთა მასშტაბები მხოლოდ კითხვის პროცესით შეიძლება აღიქვა და იგრძნო.
       
        თუ წიგნის დანიშნულებაზე კიდევ საუბრობენ, ამ წიგნის შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ მას შეუძლია შენ ის მხარე და ის შეცდომები დაგანახოს, რომლებსაც ვერ ან უფრო ხშირად არ ხედავ... გაიძულოს იმ გმირთან ერთად გაიარო გზა, რომელმაც შენნაირი იმედებით დაიწყო ცხოვრება და ერთ დღეს აღმოაჩინა , რომ საერთოდ არ უცხოვრია...

        წიგნში დასმულია კითხვები თუ რა არის ცხოვრება?!  რა არის ისტორია?! რას წარმოადგენს ეს "ერთი დიდი შფოთვა"?!

        წიგნის მთავარი გმირი ინგლისელი ჯონი უებსტერია. კაცი, რომელიც ახალგაზრდობიდანვე უშფოთველად ცხოვრებას ნატრობდა.  მას არასდროს არ აინტერესებდა გმირული თავგადასავლები, სამყაროს მიმართ ამბოხი ან რაიმე ახლის შექმნა. მას საშუალოდ ყოფნა სურდა და შეძლო კიდეც ცხოვრების ასე მოწყობა, სანამ სიბერეში ახალგაზრდობის თითქმის დავიწყებულმა ისტორიამ  მისი ცხოვრების ყველა მხარე მოიცვა და თავი შეახსენა.


       “ხშირად გვიწევს საკუთარი ცხოვრების ამბის მოყოლა? რამდენად ხშირად ვასწორებთ, ვალამზებთ, ვაშალაშინებთ? და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ცხოვრება, მით ნაკლები რჩება ჩვენი მონათხრობის დამადასტურებელი თუ გამაქარწყლებელი ადამიანების რიცხვი, მათი ვინც შეგვახსენებდა, რომ ჩვენი ცხოვრება მართალა ჩვენი ცხოვრება კი არა უბრალოდ ჩვენივე მონათხრობია მის შესახებ. სხვებისთვისაც, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მონათხრობი.”

     არსებობენ წიგნის გმირები, რომლებიც იმდენხანს რჩებიან შენს მეხსიერებაში, რომ შეუძლებელი გგონია მათ გარეშე არსებობა. ისინი ყველგან  არიან : შენს სიტყვებში, აზრებში, შენს ირგვლივ და გაიძულებენ იფიქრო , ყველა ჯერზე თავიდან დაუბრუნდე და იფიქრო , სანამ არ მიხვდები , რომ სიცოცხლე მოძრაობაშია...