Friday, September 13, 2024

კობო აბე - "ქალი ქვიშაში" Kobo Abe - "The woman in the Dunes"

 


       "იაპონელ კაფკას" , როგორც ხშირად კობო აბეს უწოდებენ, გააჩნია განსაკუთრებული უნარი ჩვენს წარმოსახვაში გააღვიძოს "სიზიფეს მითი" და ახლებურად დაგვანახოს ცხოვრება, რომელიც კაცობრიობისთვის ქვის ზიდვაა, ხოლო ამ წიგნის მთავარი პერსონაჟის - ნიკი ძიუმპეისთვის კი ქვიშისაგან თავის დაღწევის უშედეგო ცდა. 

      ერთი ჩვეულებრივი ენტიმოლოგის არაჩვეულებრივი ისტორია მაშინ იწყება, როდესაც ეს უკანასკნელი ქვიშით დაინტერესდება და გადაწყვეტს, იაპონიის შორეულ სოფელში გამგზავრებას ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და განსაკუთრებული მწერების ჯიშის აღმოჩენის იმედით. იმედი, რომელიც სრულიად არ შეეფერება რომანის ხასიათს, ხანდახან მაინც გაიელვებს ხოლმე წიგნის ფურცლებზე და თავიდან ფეხებამდე შეძრულ მკითხველს არ აძლევს მოსვენების საშუალებას. 


      ნიკი ძიუმპეის სურდა დაეტყვევებინა ქვიშის რომელიმე ბინადარი, თუმცა თავად გახდა ტყვე. ნიკის დაუჯერებელი ამბავი გადახდება, ყოვლად პრიმიტიული ეჩვენება თავად ფაქტი , რომ 20-ე საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა ფაქტი სახეზეა -  ის იძულებელია იცხოვროს ქვიშაში ქალთან ერთად და შეეგუოს არსებულ სიტუაციას. 

     როგორ მოიქცეოდა თითოეული თქვენგანი , მოგზაურობის დროს თავი ორმოში რომ ამოეყო? - ზოგი , ალბათ თავსაც მოიკლავდა, სხვები შეეგუებოდით ყველაფერს და ახალ ცხოვრებას შეუდგებოდით, დეპრესიაში ჩავარდებოდით ან კმაყოფილნი იქნებოდით საინტერესო სიახლით და რომანის წერას მიჰყოფდით ხელს. მაგრამ ალბათ ბევრია ისეთი , ვინც ყველა ღონეს იხმარდა, ცდას არ დააკლებდა და თავს დააღწევდა არსებულ სიტუაციას. 

      უნდა ვაღიარო , პირველი რამდენიმე გვერდი ნამდვილი ტანჯვა აღმოჩნდა ჩემთვის აღწერილი გარემოს გამო. ისიც კი გავიფიქრე , რომ ჩემნაირი ფილტვების პატრონისთვის , რომელსაც ასევე პანიკური შეტევები აწუხებს , ეს წიგნი განკუთვნილი არაა , თუმცა მაინც მივეჩვიე დაუსრულებელ ქვიშას, სიცხეს , კანის სიწითლეს .... ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანი გახდა და წინა პლანზე უფრო მნიშვნელოვანმა მოვლენებმა წამოიწია.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ყველაზე სწორე გადაწყვეტილება ხშირად ისე უბრალოდ გამოიყურება , სისულელე გეგონება.
  • ცივილიზაციის დონე კანის სისუფთავის ხარისხის პროპორციულია.
  • როცა ბრძოლა მთავრდება , იარაღი ტვირთად იქცევა ხოლმე.
  • სიყვარულია ის, რაც გამორიცხვის მეთოდით აკრძალვაზე უარის თქმის შედეგად რჩება. თუ ეს არ გჯერა , მაშასადამე არაფრის გჯერა.
  • ადამიანს რკინის ჭიშკარი და ყრუ კედლები კი არა, კარებში გაკეთებული პატარა საჭვრეტი აგრძნობინებს ყველაზე მეტად , რომ საპატიმროშია.
  • სიმარტოვე - ეს ოცნების დაუოკებელი წყურვილია.
  • შეგუებას გარკვეული ზღვარი აქვს.
  • თავშეკავება სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს, პირიქით, როცა მოთმინებას ისე აღიქვამ, როგორც მარცხს, ნამდვილი მარცხი სწორედ მაშინ იწყება.

Monday, September 9, 2024

შიო გვეტაძე - "მონანიება"

 

 

      ქართული დეტექტივი, რომელიც როგორც გადმოცემით ვიცი , მისი მეორედ გამოცემა აუკრძალავთ საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართვლოში გარკვეული დროით. ვინც მოასწრო და ეს საოცარი ნაწარმოები ხელში ჩაიგდო და წაიკითხა, ყველას ძალიან შეუყვარდა, მაგრამ ვისაც არ ხვდა ეს ბედნიერება, თხოულობდნენ ამ წიგნს ნაცნობებისგან და ფურცლებზე იწერდნენ მთლიან სიუჟეტს... 

      მოქმედება ქუთაისში ვითარდება. ერთ სუსხიან , თოვლიან და ცივ ღამეს, ტყეშელიაძეების სახლში ბოროტმოქმედები შეიპარებიან და მათ სახლს გაქურდავენ. ამ დროს გაეღვიძება ოჯახის უფროსს და ბანდიტებთან ხელჩართული ბრძოლის დროს ერთ-ერთს დაჭრის და სასიკვდილო ჭრილობებს მიაყენებს, რის შედეგადაც , ბოროტმოქმედთა დაჯგუფება გაიქცევა და მიიმალება. 


       საქმეში ერთვება გამომძიებელი - ლევან მინდელი, საკმაოდ საზრიანი და დაკვირვებული ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი. გამოძიების დროს , მინდელი მოულოდნელად გადაეკვეთება კანონიერ ქურდს -  საშკა ჩერქეზს, რომელიც მთელ იმდროინდელ რუსულ, ქურდულ სამყაროს შიშის ზარს სცემდა... ლევან მინდელი ჩერქეზს კვალში ჩაუდგება, ხოლო მათი შეხვედრა კი უამრავ საიდუმლოს ახდის ფარდას. 

     აქვე უნდა აღინიშნოს ლევან მინდელის პიროვნული თვისებები. როგორც პერსონაჟი , ის საოცარი ადამიანია. რაც შეეხება საშკა ჩერქეზს, ზუსტად ამ წიგნში გაიგებთ , თუ როგორ შეუძლია ერთ პატარა შეცდომას გაქციოს ბოროტმოქმედად... მინდელისა და ჩერქეზის დიალოგი არის ამ ნაწარმოების მთავარი დეტალი, შეუძლებელია ემოციების გარეშე უსმინო მათ დიალოგს. ნაწარმოები საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ეს ნამდვილად ის წიგნია , რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო .



Saturday, September 7, 2024

მარიო ვარგას ლიოსა - "ცუდი გოგოს ოინები"

 


         მორიგი წიგნის განხილვა პერუელი მწერლის, დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურეატის. ამ წიგნში მოთხრობილია ქალისა და პარიზში გადასახლებული პერუელი მამაკაცის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობა, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის  განმავლობაში გრძელდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს - ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი, სადაც ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს ამ ქალაქებში მომხდარი უჩვეულო მოვლენები და რომანის გმირების არაორდინალური ურთიერთობა.

       რომანში მძაფრადაა აღწერილი კომუნისტური კუბა, სამხედრო დიქტატურის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ცხოვრება, გაუქმებული პერუ, მაღალგანვითარებულიევროპა, ამომავალი მზის ქვეყნის აღმოსავლური რომანტიკა და იაკუძების ქვეყანაში "შატო მეგურუ" ს სასიყვარულო შეხვედრების სახლი. 


       ნაწარმოებში , საზოგადოების დაბალი ფენიდან წამოსული, ცუდი გოგოს გზა ძალიან მრავალსახიანი და დაუჯერებლად ეგოცენტრულია... მისი ცხოვრების მიზანი ყოველთვის მდიდარი მამაკაცების ძიება იყო, თვლიდა, რომ ერთადერთი ხელშესახები ბედნიერება ფულია. მთელი თავისი ცხოვრება სწორედ ამ ფილოსოფიით იცხოვრა, თუმცა მუდმივად, მის ცხოვრებაში არსებობდა პერუელი "კარგი ბიჭი" რიკარდიტო.  რიკარდიტოს მიმართ , მთელი ისტორიის განმავლობაში გიჩნდება სიბრაზის და გაოგნების განცდა, როგორ შეიძლება ადამიანი ასე ერჩოდეს საკუთარ თავს, ასეთი მაზოხისტი იყოს და ერთიდაიგივე შეცდომების ბილიკებზე ასე დაუსრულებლად იაროს. ამ პერსონაჟის პიროვნული განვითარების გზებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. მენტალურ რევოლუციას 60-70 იან წლებში ინგლისის დედაქალაქში გადის და ეს ხდება მარიხუანას და ელესდეს ფონზე ღმერთებად ქცეული ბითლზების და მიკ ჯაგერის სმენისას. 

       ეს არის წიგნი , რომელიც აუცილებლად ჩაგახედებს საკუთარ განცდებში, საკუთარ ცხოვრებისეულ ტკივილებზე დაგაფიქრებს და ბევრ რამეს გვასწავლის.