Friday, September 13, 2024

კობო აბე - "ქალი ქვიშაში" Kobo Abe - "The woman in the Dunes"

 


       "იაპონელ კაფკას" , როგორც ხშირად კობო აბეს უწოდებენ, გააჩნია განსაკუთრებული უნარი ჩვენს წარმოსახვაში გააღვიძოს "სიზიფეს მითი" და ახლებურად დაგვანახოს ცხოვრება, რომელიც კაცობრიობისთვის ქვის ზიდვაა, ხოლო ამ წიგნის მთავარი პერსონაჟის - ნიკი ძიუმპეისთვის კი ქვიშისაგან თავის დაღწევის უშედეგო ცდა. 

      ერთი ჩვეულებრივი ენტიმოლოგის არაჩვეულებრივი ისტორია მაშინ იწყება, როდესაც ეს უკანასკნელი ქვიშით დაინტერესდება და გადაწყვეტს, იაპონიის შორეულ სოფელში გამგზავრებას ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და განსაკუთრებული მწერების ჯიშის აღმოჩენის იმედით. იმედი, რომელიც სრულიად არ შეეფერება რომანის ხასიათს, ხანდახან მაინც გაიელვებს ხოლმე წიგნის ფურცლებზე და თავიდან ფეხებამდე შეძრულ მკითხველს არ აძლევს მოსვენების საშუალებას. 


      ნიკი ძიუმპეის სურდა დაეტყვევებინა ქვიშის რომელიმე ბინადარი, თუმცა თავად გახდა ტყვე. ნიკის დაუჯერებელი ამბავი გადახდება, ყოვლად პრიმიტიული ეჩვენება თავად ფაქტი , რომ 20-ე საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა ფაქტი სახეზეა -  ის იძულებელია იცხოვროს ქვიშაში ქალთან ერთად და შეეგუოს არსებულ სიტუაციას. 

     როგორ მოიქცეოდა თითოეული თქვენგანი , მოგზაურობის დროს თავი ორმოში რომ ამოეყო? - ზოგი , ალბათ თავსაც მოიკლავდა, სხვები შეეგუებოდით ყველაფერს და ახალ ცხოვრებას შეუდგებოდით, დეპრესიაში ჩავარდებოდით ან კმაყოფილნი იქნებოდით საინტერესო სიახლით და რომანის წერას მიჰყოფდით ხელს. მაგრამ ალბათ ბევრია ისეთი , ვინც ყველა ღონეს იხმარდა, ცდას არ დააკლებდა და თავს დააღწევდა არსებულ სიტუაციას. 

      უნდა ვაღიარო , პირველი რამდენიმე გვერდი ნამდვილი ტანჯვა აღმოჩნდა ჩემთვის აღწერილი გარემოს გამო. ისიც კი გავიფიქრე , რომ ჩემნაირი ფილტვების პატრონისთვის , რომელსაც ასევე პანიკური შეტევები აწუხებს , ეს წიგნი განკუთვნილი არაა , თუმცა მაინც მივეჩვიე დაუსრულებელ ქვიშას, სიცხეს , კანის სიწითლეს .... ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანი გახდა და წინა პლანზე უფრო მნიშვნელოვანმა მოვლენებმა წამოიწია.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ყველაზე სწორე გადაწყვეტილება ხშირად ისე უბრალოდ გამოიყურება , სისულელე გეგონება.
  • ცივილიზაციის დონე კანის სისუფთავის ხარისხის პროპორციულია.
  • როცა ბრძოლა მთავრდება , იარაღი ტვირთად იქცევა ხოლმე.
  • სიყვარულია ის, რაც გამორიცხვის მეთოდით აკრძალვაზე უარის თქმის შედეგად რჩება. თუ ეს არ გჯერა , მაშასადამე არაფრის გჯერა.
  • ადამიანს რკინის ჭიშკარი და ყრუ კედლები კი არა, კარებში გაკეთებული პატარა საჭვრეტი აგრძნობინებს ყველაზე მეტად , რომ საპატიმროშია.
  • სიმარტოვე - ეს ოცნების დაუოკებელი წყურვილია.
  • შეგუებას გარკვეული ზღვარი აქვს.
  • თავშეკავება სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს, პირიქით, როცა მოთმინებას ისე აღიქვამ, როგორც მარცხს, ნამდვილი მარცხი სწორედ მაშინ იწყება.

No comments:

Post a Comment