გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ღირებული წიგნი ბევრი არ წამიკითხავს. წიგნი, რომელიც იმდენს გასწავლის, რაც შესაძლოა ათობით ერთად აღებულმა წიგნმა არ მოგცეს.
ამ წიგნმა საბერძნეთში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს იყო განპირობებული იმით, რომ წიგნში აქცენტი გაკეთებულია ცხოვრების სიყვარულზე, ამქვეყნიური არსებობის განდიდებაზე და ქრისტიანი ბერების მკრეხელურ მოღვაწეობაზე იმ პერიოდის საბერძნეთში.
თავად პერსონაჟი - ალექსის ზორბასი, არის ერთი, არცთუ დიდი განათლებით გამორჩეული პიროვნება, რომელსაც ბევრი უნახავს, გამოუცდია და გადაუწყვეტია საკუთარი ცხოვრება განვლოს ისე , რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს დღევანდელი დღიდან. მისთვის სამყარო თავად არის სამოთხე, სადაც ყოველი დღე სასწაულია და ახალი აღმოჩენებით არის სავსე. ზორბასი არ უშინდება არცერთ მარცხს, რადგან მარცხიც გამარჯვებად მიაჩნია. მისთვის ეს მხოლოდ ცხოვრების განუყოფელი, ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც ცეკვითა და სიხარულით ეგებება.
სიუჟეტი კი ასე ვითარდება : მთავარი გმირი , რომლის სახელიც უცნობი რჩება, თავისი ცხოვრების ძირეულ შეცვლას გადაწყვეტს , კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს იქირავებს და ნახშირის მოსაპოვებლად გაემგზავრება. გზაში ის მაკედონელ - ალექსის ზორბასს გაიცნობს და მასთან ერთად სამუშაოდ გაემგზავრება, რაც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ცხოვრების ნამდვილ არსს დაანახვებს და ბევრი რამის ახლებურად გაანალიზებას ასწავლის.
წიგნის ორივე გმირისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის - თავისუფლება, თუმცა ორივე თავისუფლებას სხვადასხვაგვარად აღიქვამს...
დიდი რეკომენდაციით გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი. ვფიქრობ, ცხოვრების რთული პერიოდის დროს, ზორბასის ხედვები და სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება დიდ ძალას მოგცემთ იმისთვის, რომ ცხოვრებას მარტივად შეხედოთ და დაბრკოლებები უმტკივნეულოდ გადაიტანოთ.
სამახსოვრო ფრაზები :
- საყვარელ ადამიანებთან განშორების პროცესის გაჭიანურება ძალიან მწარეა...ჯობია ეგრევე მოიკვეთო და კვლავ ადამიანის ბუნებრივ გარემოში - მარტოობაში - დარჩე.
- ველური რამ არის ახალგაზრდობა, არაადამიანური, რადგან ბევრ რამეს ვერ ხვდება.
- რელიგია ხალხის ოპიუმია.
- ყველა სოფელს თავისი გიჟი ჰყავს.თუ არ ჰყავს,ქმნის, რომ გაერთოს.
- მარადიული კანონების დაჩქარება მომაკვდინებელი ცოდვაა. მოვალე ხარ,უკვდავ რიტმს ნდობით მისდიო.
- ბევრი ადამიანი რაღაცის საფასურად არის პატრიოტი.
- თითოეული ადამიანი თავისებურად აფრენს, მაგრამ ყველაზე დიდი სიგიჟე , ასე მგონია, ის არის, რომ გიჟი არ იყო.
- სამყარო ჩვენ რომ გვგონია, იმაზე გაცილებით დიდია. თითქოს გამუდმებით ვმოგზაურობთ, სინამდვილეშ კი ჩვენი სახლის ზღურბლისთვის არ გადაგვიბიჯებია.
- როგორ უნდა გათავისუფლდე ეშმაკისაგან ,თუკი სანახევროდ მაინც არ გაეშმაკდი?!
- როცა ყველაფერი უკუღმა მიგდის, უნდა გიხაროდეს,რადგან ამ დროს შეგიძლია გამოსცადო,აქვს თუ არა შენს სულს სიმტკიცე და ღირსება.