Saturday, September 12, 2020

მილან კუნდერა - "შეუცნობელი" Milan Kundera - " Ignorance"

 


           1975 წლიდან საფრანგეთში ემიგრირებული ჩეხი მწერლის, მილან კუნდერას, წიგნებში ავტორის პირადი ცხოვრების ტკივილი თითქმის არასდროს იმალება. ასეთი ტკივილისა და სათქმელის წიგნია `შეუცნობელიც~, რომელიც კუნდერას ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანში კუნდერა ემიგრაციისა და პოლიტიკურ თემებს ეხება.

           მთავარი გმირები 1968 წელს, საბჭოთა ჯარის მიერ ჩეხოსლოვაკიის ექსპანსიის გამო სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები - ირენა და იოზეფი არიან -   ორი სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა ხასიათითა და მსგავსი ისტორიით.  ორი დიდი მოღალატე ან დიდი ტანჯული. მხოლოდ ასე შეიძლება აღიქვა ემიგრანტები. ასე აღიქვამენ მათ მეგობრებიც, ყველაზე ახლო ადამიანებიც. ასეთი სტერეოტიპით ხედავენ ემიგრანტებს და როცა ქრება მათი სტატუსი, როცა მათ უკვე შეუძლიათ სამშობლოში “დიდი დაბრუნება” და ისინი თავს იკავებენ, ინტერესს მათი პიროვნების მიმართ ჯერ გაოცება, შემდეგ კი სრული გულგრილობა ცვლის... 


          წიგნში რამდენიმე ძალიან შთამბეჭდავი სცენაა, მათ შორის _ ირენასა და იოზეფის შეხვედრები ახლობლებთან. სცენები დამოუკიდებლად ვითარდება, მაგრამ ბევრი საერთო აქვთ. ირენას შესახვედრად რესტორანში შეკრებილი მეგობრები მხოლოდ ოცი წლის წინანდელ ირენას ხედავენ, იმდროინდელს, როცა სუფრაზე ჩადგმული ფრანგული ­ღვინო მათ შორის საზღვარს არ ავლებდა. ამიტომაც , არაფერს ეკითხებიან ემიგრაციაში გატარებულ წლებზე. 

         ირენას მსგავსად, ძმასთან მისულ იოზეფსაც არაფერს ეკითხებიან განვლილი წლების შესახებ. კითხვები მხოლოდ სამშობლოში გატარებულ წარსულსა და გასატარებელ მომავალს ეხება. ძმის ოჯახს ეშინია, რომ იოზეფი ბინის კუთვნილ წილს ან რაიმე ნივთს მოითხოვს, რაც აუტანლად ცივს ხდის შეხვედრას. იოზეფი ახლაც ისეთივე შორეული და არასასურველია უახლოესი ნათესავებისთვის, როგორც წასვლის წინ...

         წიგნი, პირველ რიგში, ალბათ იმ ემიგრანტებისთვისაა, რომლებსაც სამშობლოსთან დაკავშირებით ირენასა და იოზეფის მსგავსი იმედები აქვთ. გზავნილი, რომელსაც ავტორი ტოვებს, იმედგაცრუებისგან დაიცავს შინდაბრუნებულებს:   

 

“ვისაც უგულოდ ემშვიდობებიან დაბრუნებისას ბევრს არაფერს უნდა ელოდეს.”

 

No comments:

Post a Comment