Monday, January 24, 2022

მაინ რიდი - "უთავო მხედარი" Mayne Reid - "The headless horseman"

 


        ინდიელთა ბრძოლა კოლონიზატორებთან - ეს თემა გააერთიანა  უდიდეს სიყვარულსა და საშინელ სიკვდილთან ავტორმა და ამ სამი თემით შექმნა ლეგენდად ქცეული წიგნი - "უთავო მხედარი". ამ წიგნმა ნაწილობრივ მასიამოვნა, ნაწილობრივ კი გული დამწყვიტა. 

        წიგნში აღწერილია ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც ამერიკამ მექსიკას წაართვა ტერიტორიები და ინდიელთა ხოცვა-ჟლეტვა დაიწყო. იმ პერიოდში ევროპელი დამპყრობლები , მეზღვაურები და მოგზაური აღმომჩენები მიემართებოდნენ "ახალი მიწის" ათვისებისთვის და შემდეგ დასახლებისთვის.

        ერთ-ერთი მთავარი გმირი , ულამაზესი ლედი ლუიზა პოინდექსტერი, უყვარდება მამაც - მორის ჯერალდს. მათი სიყვარული იმდენად ლამაზი იყო, რომ თავად კაპიტანი კასიუს კოლჰაუნი , ლუიზას მამიდაშვილი , რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ლუიზა , უდიდესი ბოროტებით და შურით ივსებოდა მათი დიდი გრძნობის მიმართ.... მან ბევრი რამე იღონა , რომ ეს სიყვარული დაემსხვრია, მაგრამ მათმა სიყვარულმა , ყველაფერს გაუძლო და ყველაფერი დაამარცხა.


        უთავო მხედარი, უმთავრესი გმირი  -  ყველაზე საიდუმლოებით მოცული პერსონაჟია.ის მართლაც უთავო მხედარი იყო, რადგან თავი მხრებზე კი არ ება, არამედ სისხლისფერ ცხენზე ამხედრებულს,  ხელში ეჭირა იგი. ეს სანახაობა კი საშინელი იყო, თავად ბოროტი კოლჰაუნიც კი გააკვირვა და შეაძრწუნა ამ ამბავმა. თუ რატომ და როგორ მოხდა ყველაფერი , ამას წიგნის წაკითხვისას გაიგებთ.

       წიგნში არის როგორც სამართალი, ასევე უსამართლობაც. უსამართლობა ის იყო , რომ როდესაც უთავო მხედრის საქმეს იძიებდნენ სასამართლოში, ბრალდებულის ადგილზე იჯდა არა მკვლელი , არამედ სრულიად უდანაშაულო და სიყვარულით სავსე ადამიანი - მორის ჯერალდი...

       კიდევ ბევრ საიდუმლოს და საინტერესო ამბავს იტევს ეს საოცარი წიგნი , რომელიც მოწყენის საშუალებას არ აძლევს მკითხველს და თავის ამოუცნობ სამყაროში ამოგზაურებს.


სამახსოვრო ფრაზები :

  • რომანტიკული გრძნობა არ შეიძლება ფარისევლობით იკვებებოდეს
  • ვისაც ნამდვილად ჰყვარებია,განა ოდესმე უფიქრია კლასობრივ განსხვავებაზე? სიყვარული ასეთ წვრილმანებს არ ითვალისწინებს.
  • კაცმა დარდს თავი არ უნდა დააჩაგვრინოს.
  • არის ცხოვრებაში წუთები , როცა ყოველგვარი ლაპარაკი ზედმეტია.
  • თავს დამტყდარი უბედურება ადამიანს ნელ-ნელა უნდა გააგებინო.

Friday, January 14, 2022

ჩარლზ დიკენსი - "დიდი იმედები" Charles Dickens - "Great Expectations"

 

     

           რომანის მთავარი გმირი ფილიპ ჰირიპია, თუმცა თავის თავს ჰიპს უწოდებს და სხვებიც ამ სახელით იცნობენ. ობოლი ჰიპი დასთან და მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. გარდაცვლილი მშობლებისა და ძმების სასაფლაოს ხშირად სტუმრობს, სწორედ ამ ადგილიდან იწყება ამბავი, როდესაც ობოლ ბიჭუნას გზაზე ციხიდან გამოქცეული პატიმარი ხვდება.

         წიგნის პირველივე გვერდიდან , კითხვისას უცნაური , ღრმა მოწყენილობა ჩნდება, ხვდები, რომ ბევრი მომენტი სევდიანი და ნაღვლიანი იქნება...

        მალე გულგატეხილ მის ჰევიშემს ვეცნობით, რომელიც აყვანილი ქალიშვილისთვის- ესტელასთვის მეგობარს ეძებს და ჰიპის სახლში მიიწვევს, რის შემდეგადაც მოვლენები მეთად საინტერესოდ ვითარდება.


          ბიჭუნას ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც კვალს ტოვებენ , უსახავენ იმედებს და ახალ ემოციებს აღძრავენ. ჰიპისაც ,სწორედ იმ ასაკში ვეცნობით, როცა ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფები. ემოციები, მიზნები, უიმედობა, იმედები და ფიქრებიც განსაკუთრებულია ბავშვობაში, წლებთან ერთად კი თვალთახედვა იცვლება. 

         ბავშვობაში ჩვენზე გავლენას საზოგადოება ახდენს...თუმცა, შესაძლოა მხოლოდ ერთმა ადამიანმა და მისმა მაგალითმა ჩამოგვაყალიბოს განსხვავებულ ადამიანად, განსხვავებული ხასიათით და ბუნებით.

         ცხოვრებაში რთულია მრავალი გზა გაიარო, თუნდაც ეს გულით გინდოდეს. წიგნი კი, საშუალებაა სხვადასხვა გზით გატაროს და იმ მომენტში , როდესაც ეს საჭირო იქნება  - დაგანახოს ნამდვილი და სწორი გზა.