Monday, February 20, 2023

ერიკ-ემანუელ შმიტი - "ოსტენდელი მეოცნებე"

 


         ერიკ-ემანუელ შმიტი ერთი ჩვეულებრივი, კეთილი მწერალია. ბევრს არ უყვარს და მის წიგნებზე არც ფიქრობენ დიდხანს. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოსაწყენია ამდენი კეთილი, ამდენი გულისამაჩუყებელი და გულისრევამდე ჰუმანური ისტორიების კითხვა?!  ნამდვილად მოსაწყენია, მაგრამ თურმე ამ კაცს რამხელა ამბების დატრიალება სცოდნია...  

        "ოტენდელი მეოცნებე" ხუთ მოთხრობას აერთიანებს. ხუთივეგან მთავარი გმირი კვდება , თუმცა არცერთი არ არის სევდიანი. ხუთივე სიყვარულს ეხება , თუმცა არც ერთი არ არის რომანტიული. გმირებიც არ არიან სრულყოფილები - ხეიბარი მოხუცი, მსუქანი მედდა, შუახნის პროფესორი, მოლოდინით გატანჯული ქალი... თუმცა არც ერთი არ გეცოდება,არც გძულს და არც ბრაზდები...პირიქით , გიყვარდება კიდეც. 

        კრებულში მთავარი მაინც "ოსტენდელი მეოცნებეა" .  სინამდვილეში სულ სხვა თემაზეა, მე კიდევ იმაზე ამეკვიატა ფიქრი, თუ რატომ ცდილობენ ადამიანები, მეორე ადამიანის დავიწყების მიზნით სხვა გარემოში გადასვლას, თუნდაც ისეთში , როგორიც ოსტენდეა...


         კრებულის ბოლო მოთხრობაა "თაიგულიანი ქალი" , რომლმაც ჩემზე განსაკუთრებული ეფექტი იქონია.  სიუჟეტი ასეთია :  ქალბატონი შტაინმეცი ქალაქის ბურჟუაზიულ უბანში ცხოვრობს, მშვის ქუჩაზე აშენებულ, ერთ-ერთ პრესტიჟულ სახლში. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად,  რამდენიმე წელია ციურიხის ქალაქის ვაგზლის მესამე ბაქანზე , ერთსა და იმავე ადგილას დგას და ელოდება... არავინ იცის რას ან ვის... შესაძლოა შვილს, ქმარს, იქნებ საყვარელს ან ტყუპისცალ ძმას , რომელიც დაბადებისთანავ დაიღუპა ან თუნდაც პირველ სიყვარულს... ამ კითხვებზე პასუხი უცნობია...თუმცა მოთხრობის დასასრულს , მაინც მოვა ის , ვისაც ეს ქალი ელოდება, შემდეგ მიდის სახლში და კვდება , აი ასე მარტივად... კვდება , უჩინარდება... თუმცა ის მაინც ბოლომდე რჩება საიდუმლოდ , თუ ვინ ჩამოდის მატარებლიდან , ვის ან რას ელოდა ეს ქალი ასე თავგამოდებით.

        კარგად რომ დავფიქრდეთ, მართლაც ასეა : ადამიანები მუდმივად რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში არიან. ხშირად მარტოებიც რჩებიან ხოლმე, მერე ლოდინს იწყებენ და ელოდებიან დაუსრულებლად... მეტი რა დარჩენიათ...ჩვენც ველოდოთ, ველოდოთ ყველაფერს, ყვავილებით ხელში, ველოდოთ კარგ დღეებს, ვინ იცის, იქნებ ამ ქალზე იღბლიანები მაინც აღმოვჩნდეთ...  ვინ იცის, რა ან ვინ ჩამოვა ჩვენი მატარებლიდან ... 



No comments:

Post a Comment