Sunday, March 26, 2023

ვირჯინია ვულფი - "მისის დოლოვეი" Virginia Woolf - "Mrs Dalloway"

 


           ნოველისტი, ესეისტი, ფემინისტი , ლიტერატურული კრიტიკოსი - ასე შემორჩა მსოფლიო ლიტერატურას ინგლისელი მწრალი ქალი - ვირჯინია ვულფი, რომლის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ღრმა , შინაარსობრივი განცდები და ცხოვრებიეული ანალიზის საოცარი უნარი.

          წიგნი - "მისის დოლოვეი" , რომელიც მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება, აერთიანებს ძალიან ბევრ საინტერესო პერსონაჟს, რომელთა შორისაც გამორჩეულია მთავარი გმირი - კლარისა - მისის დოლოვეი. საკმაოდ წარმატებული ქალი , რომელიც წიგნის პირველივე ფურცლებში მიისწრაფვის ლონდონის ქუჩებში და წვეულების მოსაწყობად ემზადება. მისი ოცნებები , განვლილი ცხოვრება, დანიშნულება საკუთარ თუ სხვის ცხოვრებაში , ქორწინება, სიყვარული, რომელთა გაანალიზება ზუსტად იმ ერთ დღეს ხდება.


          მთლიანობაში , წიგნი ორი ნაწილისგან შედგება - ომის დროს ტრავმირებული სეპტიმუსი და მისი ცოლი - ლუკრეცია და მეორე კლარისა დოლოვეი და მისი გარემოცვა. ორივე ამბავი პარალელურად ვითარდება, მთელი ნაწარმოების განმავლობაში ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან. სეპტიმუსს მენტალური პრობლემა აქვს და აქ ძალიან საინტერესოა ექიმებთან ურთიერთობა. მისი ცოლი , ლუკრეცია მას ბოლომდე გვერდით უდგას. კითხვის დროს, უფრო და უფრო აშკარად ჩანს , რომ ბოლომდე ადამიანისთვის უანგაროდ გვერდში დგომა არც ისე მარტივია...

          კლარისა დოლოვეი ბოლომდე კარგად ვერ გამაცნო მწერალმა , მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვერდი დაუთმო მის ფიქრებს და მოქმედებებს. ასეთებს არაამქვეყნიურ ქმნილებებს ვეძახი...საკუთარ სამყაროში , სასახლეებში გამოკეტილები რომ სხედან და რეალობას აცდენილები არიან...ცხოვრებაშიც ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ...

         წიგნში გადმოცემული პრობლემები ეხება ყველას, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს.ეს პრობლემები შეიძლება იყოს ცხოვრებაზე , სიყვარულზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, იმაზე, რომ ორი ადამიანი არასდროს უნდა უშლიდეს ხელს ერთმანეთის განვითარებას, რადგან ხშირ შემთხვევაში მეორე მხარე მძიმე დეპრესიაში ეშვება, ქმნის გამოგონილ სამყაროს და იქ ბედნიერი არ არის.


          როდესაც ვირჯინია ვულფმა საკუთარ პერსონაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან დაგვანახა არაერთი ყოფითი პრობლემა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ნამდვილად არ მივყავართ მდინარისკენ თავის მოსაკლავად , ლოდებით სავსე ქურთუკით. პირიქით, იქამდე მისასვლელ გზებს ამარტივებს და ყოველივე ამის მაგალითზე გვაძლევს საშუალებას ვმართოთ ჩვნი ცხოვრება, წიგნში მოცემული სიუჟეტისგან განსხვავებულად... შგვიძლია ყვავილებიც თვითონ შევიძინოთ და ისეთი წვეულება მოვაწყოთ, რომელზეც მთლი გულით მოგვინდება დასწრება!




No comments:

Post a Comment