Tuesday, December 19, 2023

ფრანსუაზ საგანი - "გიყვართ ბრამსი?" Francoise Sagan - " Aimez vous Brahms? "

 


           ამ წიგნის შესახებ არაერთ მოსაზრებას მოისმენთ, მეტწილად კრიტიკას. მაგალითად, რატომ მიაკუთვნებენ მსოფლიო ლიტერატურის იმ ჩამონათვალს, რომელიც ადამიანმა "სანამ ცოცხალია უნდა წაიკითხოს". ან რატომ ცდილობს ავტორი ადამიანური ურთიერთობები ასეთი მარტივი ენით წარმოგვიდგინოს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე რთულია, თუმცა შესავალშივე დასკვნა არ იქნაბოდა მაინცდამაინც სწორი, ამიტომ ჯერ წიგნის შინაარსზე დავწერ.

           ავტორი , ზედმეტად კარგად ფლობს "ქალთა სევდის" ძირითად მიზეზებს, რომლებსაც აქვთ ლოგიკური ახსნა და მათი გაგება არ წარმოადგენს სირთულეს. მაგალითად , რამდენად რთულია მუდმივ სიმარტოვეში გატარებული დღეები, როდესაც ითვლება, რომ პარტნიორი გყავს, რომლის მიმართაც გარკვეული პასუხისმგებლობა გაკისრია და ეს პასუხისმგებლობა ცალმხრივია. ან, თუ სიყვარულის უფლება ყველას აქვს, მაშინ რატომ ხდება მისი ხელოვნურად შეზღუდვა?! 


         39 წლის , მუდამ მოხდენილად ჩაცმული, ლამაზი და ასაკ შეპარული პოლი, უკვე ნაოჭები რომ დამჩნეოდა და ძალიან კმაყოფილი როჟე, უზომოდ შეყვარებული სიცოცხლეზე, მუდამ თავისუფლებაში მყოფი და მუდამ ხარბად ჩაჭიდებული "თავისუფლებაზე". პოლი როჟესგან თავისუფლების სიყვარულს ითხოვდა მსხვერპლად, კაცს კი ამხელა მსხვერპლშეწირვა არ შეეძლო. როჟე ღალატობდა, მაგრამ პოლი მისთვის განყენებული ქალი იყო, მუდამ სასურველი, მისთვის ეს ქალი სხვა პლატფორმაზე იდგა, სხვა შეფასების კრიტერიუმებს უსადაგებდა.

        ოჯახისგან განებივრებული, ქალებისგან მოსვენება დაკარგული , ლამაზი და ახალგაზრდა  25 წლის სიმონი. ბიჭი, აღფრთოვანებული და ძლიერად  შეყვარებული პოლიზე. სწორედ მისმა აღფრთოვანებამ პირველად ცხოვრებაში ქალზე მზრუნველობის, ქალის დაცვის სურვილი გაუღვიძა.ორივე კაცს უყვარდა პოლი! პოლს უყვარდა როჟე, სიმონის მიმართ კი უცნაური გრძნობა ჰქონდა - ემოცია, სიმშვიდის და სტაბილურობის. ეს იყო სიმონი, რომელიც როჟესგან დაცარიელებულ ცხოვრებას უვსებდა, სიმონი, რომელიც მარტოობის შეგრძნებას უფერმკთალებდა.

        არჩევანი მაინც გააკეთა პოლიმ! ის ვერასდროს შეეგუებოდა ყურადღება მისაქცევ, ძალიან ლამაზ , 14 წლით პატარა ბიჭის გვერდით ჩრდილში დგომას. როჟეს და პოლის "თავისუფალი" ურთიერთობა, რომელსაც თავისუფლება, მხოლოდ კაცმა უწოდა, მხოლოდ კაცი სარგებლობდა! და ამ დროს ქალი, კაცისგან ცარიელ ბინაშ მყოფი, სახლში მჯდომარე და მომლოდინე , შეპყრობილი "მოუსვენარი უხალისობით" და თავისუფლების სახელით მინიჭებული მარტოობა... 


         ცუდია, როცა ვინმეს საკუთრებად გრძნობ თავს!!!  არ არის კარგი ხალიჩის როლში ყოფნა!!! შუა ხნის ასაკშიც უნდა შეგეძლოს ბრძოლა ცხოვრებასთან და უნდა მისცე საკუთარ თავს შანსი იყო ბედნიერი, გაღიმებული... პირადად მე ვერ გავუგე პოლის, არ მესმის მსგავსი საქციელის, როჟე მისი "მბრძანებელი" იყო , ის კი მისი "საკუთრება"  და დაუბრუნდა ამ მოღალატე კაცს... კაცმა , რომელმაც ძალიან თავისებური, ეგოცენტრული სიყვარული იცოდა... 

        დასკვნის სახით შეგვიძლია ასეთი რამ წარმოვიდგინოთ - ნებისმიერი სირთულის გამარტივება შეგვიძლია და რაც უფრო მარტივად ვახდენთ სირთულის აღქმას, მით უფრო მსუბუქად აღვიქვამთ სამყაროს. მაშინ დროა , უნარების დასახვეწად ფრანსუაზ საგანი ვიკითხოთ :) . 



Tuesday, December 5, 2023

სილვია პლათი - "ზარხუფი" Sylvia Plath - "The bell jar"

 


          თინეიჯერობიდან ზრდასრულობაში გადასვლამდე თვითმკვლელობაზე , შესაძლოა ბევრი ფიქრობს... ტვინში სიკვდილის სხვადასხვა ვარიაციებს ამუშავებენ. დიდი ნაწილი სუიციდს იმდენად არა, რამდენადაც საკუთარ დასაფლავებას განიხილავს და ის აინტერესებს, მისი გარდაცვალების შემდეგ რეალურად გული ვის დასწყდება.

         სიკვდილი ამ წიგნში მთავარი თემაა. წიგნის მთავარი პერსონაჟი - ესთერი, ერთი შეხედვით წარმატებული გოგოა. ნიუ იორკში, პროექტში გამარჯვებით მოხვდა, მერე სახლში დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ ყველაფერი დაემხო და ზარხუფში მოექცა. ზარხუფი ამოპირქვავებული მინის გამჭვირვალე ქილაა. ესთერიც მისი ტყვე ხდება. ცვლილების მიზეზი, ერთი შეხედვით , სრულიად უმნიშვნელოა. თუმცა,თინეიჯერობისას საბაბი ყოველთვის მოიძებნება. შემდეგ მოდის ინსომნია, წერის შეწყვეტა, ბიჭები და ბოლოს საგიჟეთი, სადაც რამდენიმე კვირას გაატარებს...

        ვფიქრობ, გარდამტეხი მაინც ბიჭებთან დაკავშირებული ისტორიები გახდა. ვინც მას მოსწონდა, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და უმეტეს შემთხვევაში ბიჭები თვითონ ირჩევდნენ მას. ნიუ იორკიდან წამოსვლის ღამესაც ასე მოხდა, რამაც ესთერის ქვეცნობიერში საოცარი პროტესტი გამოიწვია.


         საერთოდ, მისთვის ქალისა და კაცის იმგვარი ურთიერთობა, რასაც ხედავს, მიუღებელია. ფიქრობს , რომ მის გარშემო კაცი ყველგან დომინანტია, თუმცა ვერ აუხსნია, რატომ, რაც მისი პიროვნების დაშლას იწვევს. 

         "ზარხუფი" სილვია პლათის ავტობიოგრაფიული რომანია. მიუხედავად ქორწინებისადმი პროტესტისა, რაც ამ წიგნშიც კარგად ჩანს, მაინც გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა. თუმცა ორი თვის შემდეგ რაც ქმარმა მიატოვა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ზღვრამდე პლათი ათი წლით ადრეც იდგა, თუმცა მაშინ "ზარხუფის" აწევა შოკური თერაპიის გარეშე მოახერხა.

         საერთოდ, მგონია, რომ ყველას ცხოვრებაშ არის პერიოდები, როცა ფიქრობ, რომ ზარხუფში მოექეცი - არსად წასასვლელი არ ჩანს, წრეზე ტრიალებ, მერე სუნთქვა გიჩერდება და ერთ ადგილას ეცემი. იშვიათად თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც შოკურ თერაპიას ჩაგიტარებს ან ამ ზარხუფს აწევს და იქიდან გამოგიშვებს. თუმცა, მგონია, რომ არასდროს "დაგეცემა" ისეთი რაღაც , რისი აწევის უნარი თავად არ გაქვს...


   სამახსოვრო ფრაზები :

  • ფაქტია , რომ კარგი ლექსი ბევრად უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ასობით ადამიანის სიცოცხლეთა ჯამი.
  • როცა ვიღაცისგან არაფერს მოელი, არც იმედის გაცრუება გემუქრება.
  • ქალთმოძულეები ღმერთებს ჰგვანან: ვერაფერს ატკენ,ძალაუფლებით არიან ავსებულნი. მოდიან და მალევე ქრებიან, დაჭერას ვერ მოასწრებ.
  • რა აჯაფსანდალია სამყარო!!! 
  • რაც უფრო უიმედო ხარ, უფრო საიმედოდ გმალავენ.

Friday, December 1, 2023

მეთ ჰაიგი - "შუაღამის ბიბლიოთეკა" Matt Haig - "The midnight library"

 


            წიგნი ეხება ორ მნიშვნელოვან თემას :  კითხვას , ვინაიდან სიუჟეტი წიგნებით სავსე ბიბლიოთეკაში ხდება, ხოლო მეორე მხრივ , ასევე ეხება ცხოვრებას , თუ როგორ გვიქმნის სხვადასხვა შესაძლებლობებს ჩვენი გადაწყვეტილებები ცხოვრების მანძილზე. 

            ნორა სეიდი , წიგნის მთავარი პერსონაჟი, მოულოდნელად ჩნდება შუაღამის ბიბლიოთეკაში, სადაც მას სთავაზობენ ახალ შესაძლებლობებს , რომ გამოასწოროს თავისი ქმედებები. ამ მომენტამდე მისი ცხოვრება სინანულით და უბედურებით იყო სავსე. ნორა გრძნობს, რომ მან ყველა გააღიზიანა და იმედები გაუცრუა, მათ შორის საკუთარ თავსაც... სწორედ ამიტომ გადაწყვეტს ცვლილებას...სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არის ბიბლიოთეკა და ამ ბიბლიოთეკის თაროები უსასრულოა. თითოეული წიგნი არის შესაძლებლობა დაინახო ცხოვრება, რომელიც შესაძლო იყო გქონოდა თუ სხვა არჩევანს გააკეთებდი.



          ძველი მეგობრის დახმარებით, ნორას ექნება შესაძლებლობა თავი აარიდოს ყველაფერს , რასაც ნანობს რომ გააკეთა ან არ გააკეთა, სრულყოფილი ცხოვრების საძიებლად. თუმცა ყველაფერი ყოველთვის არ იქნება ისე, როგორც მას წარმოედგინა.  მალე მისი ახალი გადაწყვეტილებები ბიბლიოთეკას და საკუთარ თავს უკიდურეს საფრთხეში ჩააგდებს. ნორას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე სანამ მისი დრო ამოიწურება : რომელია  ცხოვრების  საუკეთესო გზა?! 


        სამახსოვრო ფრაზები : 

  • ზეწოლა გვაყალიბებს.თავიდან ქვანახშირი ხარ და ზეწოლის შემდეგ ბრილიანტი ხდები.
  • თუ შავ ხვრელს მიუახლოვდები,გრავიტაციული ძალა მის გაყინულ, ბნელ რეალობაში შეგათრევს.
  • დროთა განმავლობაში ბედნიერი წუთებიც მტკივნეული ხდება.
  • იმდენი ცხოვრება გაქვს , რამდენიც შესაძლებლობა.
  • ყველა ადამიანის ცხოვრება შესაძლოა უსასრულო მიმართულებით განვითარდეს.
  • სიყვარულის შიში იგივეა,რომ ცხოვრების გეშინოდეს, ხოლო ის ვისაც ცხოვრების ეშინია, სამი მეოთხედით მკვდარია.
  • ხანდახან სინანული ფაქტებიდან სრულიად არ იღებს სათავეს. ხანდახან სინანული, უბრალოდ ... ნეხვის გროვაა...
  • სინანული არასდროს არ ქრება. კოღოს ნაკბენს არ ჰგავს. სამუდამოდ გეფხანება.
  • დაუმორჩილებლობა თავისუფლების ჭეშმარიტი საფუძველია. დამჯერები მონები უნდა იყვნენ.
  • ჩვენი ცხოვრების თითოეული წამი ერთგვარი მოსახვევია.
  • გონება ვერ ხედავს იმას , რასაც ვერ უმკლავდება.
  • ვერასდროს იცხოვრებ თუკი ცხოვრების აზრის ძიებას დაიწყებ.
  • ყველაფერი კარგი ველური და თავისუფალია.
  • შესაძლოა ყველაფერი გქონდეს და არაფერს გრძნობდე.
  • შესაძლებლობებს ვერასდროს გამოლევ, მაგრამ შესაძლოა მათი ცდა აღარ გინდოდეს.
  • ცხოვრებაში რაც არ უნდა გულწრფელი იყო, ადამიანები მხოლოდ იმ სიმართლეს დაინახავენ, რომელიც მათ რეალობასთან არის ახლოს.
  • სიყვარული , სიცილი, შიში და ტკივილი უნივერსალური გრძნობებია.