Tuesday, December 19, 2023

ფრანსუაზ საგანი - "გიყვართ ბრამსი?" Francoise Sagan - " Aimez vous Brahms? "

 


           ამ წიგნის შესახებ არაერთ მოსაზრებას მოისმენთ, მეტწილად კრიტიკას. მაგალითად, რატომ მიაკუთვნებენ მსოფლიო ლიტერატურის იმ ჩამონათვალს, რომელიც ადამიანმა "სანამ ცოცხალია უნდა წაიკითხოს". ან რატომ ცდილობს ავტორი ადამიანური ურთიერთობები ასეთი მარტივი ენით წარმოგვიდგინოს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე რთულია, თუმცა შესავალშივე დასკვნა არ იქნაბოდა მაინცდამაინც სწორი, ამიტომ ჯერ წიგნის შინაარსზე დავწერ.

           ავტორი , ზედმეტად კარგად ფლობს "ქალთა სევდის" ძირითად მიზეზებს, რომლებსაც აქვთ ლოგიკური ახსნა და მათი გაგება არ წარმოადგენს სირთულეს. მაგალითად , რამდენად რთულია მუდმივ სიმარტოვეში გატარებული დღეები, როდესაც ითვლება, რომ პარტნიორი გყავს, რომლის მიმართაც გარკვეული პასუხისმგებლობა გაკისრია და ეს პასუხისმგებლობა ცალმხრივია. ან, თუ სიყვარულის უფლება ყველას აქვს, მაშინ რატომ ხდება მისი ხელოვნურად შეზღუდვა?! 


         39 წლის , მუდამ მოხდენილად ჩაცმული, ლამაზი და ასაკ შეპარული პოლი, უკვე ნაოჭები რომ დამჩნეოდა და ძალიან კმაყოფილი როჟე, უზომოდ შეყვარებული სიცოცხლეზე, მუდამ თავისუფლებაში მყოფი და მუდამ ხარბად ჩაჭიდებული "თავისუფლებაზე". პოლი როჟესგან თავისუფლების სიყვარულს ითხოვდა მსხვერპლად, კაცს კი ამხელა მსხვერპლშეწირვა არ შეეძლო. როჟე ღალატობდა, მაგრამ პოლი მისთვის განყენებული ქალი იყო, მუდამ სასურველი, მისთვის ეს ქალი სხვა პლატფორმაზე იდგა, სხვა შეფასების კრიტერიუმებს უსადაგებდა.

        ოჯახისგან განებივრებული, ქალებისგან მოსვენება დაკარგული , ლამაზი და ახალგაზრდა  25 წლის სიმონი. ბიჭი, აღფრთოვანებული და ძლიერად  შეყვარებული პოლიზე. სწორედ მისმა აღფრთოვანებამ პირველად ცხოვრებაში ქალზე მზრუნველობის, ქალის დაცვის სურვილი გაუღვიძა.ორივე კაცს უყვარდა პოლი! პოლს უყვარდა როჟე, სიმონის მიმართ კი უცნაური გრძნობა ჰქონდა - ემოცია, სიმშვიდის და სტაბილურობის. ეს იყო სიმონი, რომელიც როჟესგან დაცარიელებულ ცხოვრებას უვსებდა, სიმონი, რომელიც მარტოობის შეგრძნებას უფერმკთალებდა.

        არჩევანი მაინც გააკეთა პოლიმ! ის ვერასდროს შეეგუებოდა ყურადღება მისაქცევ, ძალიან ლამაზ , 14 წლით პატარა ბიჭის გვერდით ჩრდილში დგომას. როჟეს და პოლის "თავისუფალი" ურთიერთობა, რომელსაც თავისუფლება, მხოლოდ კაცმა უწოდა, მხოლოდ კაცი სარგებლობდა! და ამ დროს ქალი, კაცისგან ცარიელ ბინაშ მყოფი, სახლში მჯდომარე და მომლოდინე , შეპყრობილი "მოუსვენარი უხალისობით" და თავისუფლების სახელით მინიჭებული მარტოობა... 


         ცუდია, როცა ვინმეს საკუთრებად გრძნობ თავს!!!  არ არის კარგი ხალიჩის როლში ყოფნა!!! შუა ხნის ასაკშიც უნდა შეგეძლოს ბრძოლა ცხოვრებასთან და უნდა მისცე საკუთარ თავს შანსი იყო ბედნიერი, გაღიმებული... პირადად მე ვერ გავუგე პოლის, არ მესმის მსგავსი საქციელის, როჟე მისი "მბრძანებელი" იყო , ის კი მისი "საკუთრება"  და დაუბრუნდა ამ მოღალატე კაცს... კაცმა , რომელმაც ძალიან თავისებური, ეგოცენტრული სიყვარული იცოდა... 

        დასკვნის სახით შეგვიძლია ასეთი რამ წარმოვიდგინოთ - ნებისმიერი სირთულის გამარტივება შეგვიძლია და რაც უფრო მარტივად ვახდენთ სირთულის აღქმას, მით უფრო მსუბუქად აღვიქვამთ სამყაროს. მაშინ დროა , უნარების დასახვეწად ფრანსუაზ საგანი ვიკითხოთ :) . 



No comments:

Post a Comment