Tuesday, December 5, 2023

სილვია პლათი - "ზარხუფი" Sylvia Plath - "The bell jar"

 


          თინეიჯერობიდან ზრდასრულობაში გადასვლამდე თვითმკვლელობაზე , შესაძლოა ბევრი ფიქრობს... ტვინში სიკვდილის სხვადასხვა ვარიაციებს ამუშავებენ. დიდი ნაწილი სუიციდს იმდენად არა, რამდენადაც საკუთარ დასაფლავებას განიხილავს და ის აინტერესებს, მისი გარდაცვალების შემდეგ რეალურად გული ვის დასწყდება.

         სიკვდილი ამ წიგნში მთავარი თემაა. წიგნის მთავარი პერსონაჟი - ესთერი, ერთი შეხედვით წარმატებული გოგოა. ნიუ იორკში, პროექტში გამარჯვებით მოხვდა, მერე სახლში დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ ყველაფერი დაემხო და ზარხუფში მოექცა. ზარხუფი ამოპირქვავებული მინის გამჭვირვალე ქილაა. ესთერიც მისი ტყვე ხდება. ცვლილების მიზეზი, ერთი შეხედვით , სრულიად უმნიშვნელოა. თუმცა,თინეიჯერობისას საბაბი ყოველთვის მოიძებნება. შემდეგ მოდის ინსომნია, წერის შეწყვეტა, ბიჭები და ბოლოს საგიჟეთი, სადაც რამდენიმე კვირას გაატარებს...

        ვფიქრობ, გარდამტეხი მაინც ბიჭებთან დაკავშირებული ისტორიები გახდა. ვინც მას მოსწონდა, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და უმეტეს შემთხვევაში ბიჭები თვითონ ირჩევდნენ მას. ნიუ იორკიდან წამოსვლის ღამესაც ასე მოხდა, რამაც ესთერის ქვეცნობიერში საოცარი პროტესტი გამოიწვია.


         საერთოდ, მისთვის ქალისა და კაცის იმგვარი ურთიერთობა, რასაც ხედავს, მიუღებელია. ფიქრობს , რომ მის გარშემო კაცი ყველგან დომინანტია, თუმცა ვერ აუხსნია, რატომ, რაც მისი პიროვნების დაშლას იწვევს. 

         "ზარხუფი" სილვია პლათის ავტობიოგრაფიული რომანია. მიუხედავად ქორწინებისადმი პროტესტისა, რაც ამ წიგნშიც კარგად ჩანს, მაინც გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა. თუმცა ორი თვის შემდეგ რაც ქმარმა მიატოვა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ზღვრამდე პლათი ათი წლით ადრეც იდგა, თუმცა მაშინ "ზარხუფის" აწევა შოკური თერაპიის გარეშე მოახერხა.

         საერთოდ, მგონია, რომ ყველას ცხოვრებაშ არის პერიოდები, როცა ფიქრობ, რომ ზარხუფში მოექეცი - არსად წასასვლელი არ ჩანს, წრეზე ტრიალებ, მერე სუნთქვა გიჩერდება და ერთ ადგილას ეცემი. იშვიათად თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც შოკურ თერაპიას ჩაგიტარებს ან ამ ზარხუფს აწევს და იქიდან გამოგიშვებს. თუმცა, მგონია, რომ არასდროს "დაგეცემა" ისეთი რაღაც , რისი აწევის უნარი თავად არ გაქვს...


   სამახსოვრო ფრაზები :

  • ფაქტია , რომ კარგი ლექსი ბევრად უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ასობით ადამიანის სიცოცხლეთა ჯამი.
  • როცა ვიღაცისგან არაფერს მოელი, არც იმედის გაცრუება გემუქრება.
  • ქალთმოძულეები ღმერთებს ჰგვანან: ვერაფერს ატკენ,ძალაუფლებით არიან ავსებულნი. მოდიან და მალევე ქრებიან, დაჭერას ვერ მოასწრებ.
  • რა აჯაფსანდალია სამყარო!!! 
  • რაც უფრო უიმედო ხარ, უფრო საიმედოდ გმალავენ.

No comments:

Post a Comment