Tuesday, May 28, 2024

მაია ლუნდე - "ფუტკრების ამბავი" Maja Lunde - "The History Of Bees"

 


          ინგლისი, 1852 წელი... ამერიკის შეერთებული შტატები, 2007 წელი... ჩინეთი, 2098 წელი... ტექსტი ერთდროულად გვიამბობს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მცხოვრებ ოჯახებზე, სამ ქვეყანასა და სამ სხვადასხვა რეალობაზე, რომელთა დამაკავშირებელი მედიუმი - ფუტკრებია. წიგნი შესანიშნავად ასახავს არა მარტო ადამიანებისა და ბუნების გაუცხოებას, არამედ ოჯახური ურთიერთობების კომპლექსურობას, რომლის ძირითადი ხაზიც მშობლებსა და შვილებზე , მათ პრობლემებზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ფუტკრების ამბავს გვიყვება , არ უნდა ვიფიქროთ , რომ ამ ორიგინალურ რომანში მთავარი მხოლოდ ფუტკრებია... სკაში, ფუტკრების ოჯახების ქცევაზე დაკვირვების პარალელურად,  თვალს ვადევნებთ სახლებში ადამიანთა ოჯახების ემოციურ, ხშირად დამთრგუნველ ყოველდღიურობას, ისე რომ, საბოლოოდ, ვაცნობიერებთ, რამდენი საერთო შეიძლება გვქონდეს ფუტკრებთან და როგორ არ გვესმის არა მხოლოდ სხვა არსებების, არამედ ჩვენი მსგავსი ადამიანების, მათ შორის კი საკუთარი ოჯახის წევრების.

         ლიტერატურული ღირებულების გარდა , ტექსტი ერთგვარი შეტყობინებაა, რომელიც გვახსენებს, უფრო კი გვაფრთხილებს იმ შესაძლო რეალობაზე, რომელშიც აღმოვჩნდებით, თუკი დედამიწაზე მავნე ზემოქმედებას არ შევწყვეტთ.


          როგორც ავტორი აღნიშნავს, მას სურს, რომ შექმნას ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა დამოუკიდებელი რომანები, რომლებიც შეეხება კლიმატთან დაკავშირებულ ოთხ სპეციფიკურ თემას : მწერებს, წყალს,ცხოველებს და საბოლოოდ ყველაფერს, რაც იზრდება.  

         "ფუტკრების ამბავი" მაინც ადამიანთა უჩვეულო თავგადასავალია, მათი წარსული, აწმყო და შესაძლოა მომავალიც, რომელსაც ლაიტმოტივად ფუტკრების ბზუილი გასდევს...  



Friday, May 17, 2024

ჰერმან ჰესე - "ნარცისი და გოლდმუნდი"

 


         ალბათ ხშირად გვიჩნდება ხოლმე კითხვა : რისთვის არიან საჭირო მეგობრები და რატომ არ შეგვიძლია მათ გარეშე ცხოვრება?  ერთ-ერთი პასუხი კი ამ კითხვაზე ჰერმან ჰესეს თავის ნაწარმოებში "ნარცისი და გოლდმუნდი" აქვს გაცემული. ადამიანები სრულყოფილი არსებები არ ვართ. ადამიანი იმითაა ადამიანი , რომ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, მაგრამ ამის მოხერხება მარტო შეუძლებელია. იმდენად მრავლისმომცველია სამყარო, რომ ერთი პიროვნება, უბრალოდ ვერ დაიტევს მთელ მის ავს და კარგს. 

         ეს არის ამბავი საკუთარი თავის ძიებასა და პოვნაზე. მარიაბრონის მონასტერში, სადაც განსწავლულობა და ცბიერება, სიბრძნე სახარებისა და სიბრძნე ბერძენთა, თეთრი და შავი მაგია ყვაოდა, ახალგაზრდა გოლდმუნდს მიაბარებს მამა, რომელსაც ღრმად სწამს, რომ მისი შვილი ბერი გახდება და ამით დედის ცოდვებს გამოისყიდის. მამის გავლენის ქვეშ მყოფი გოლდმუნდიც სწორედ ამ იდეით და შემართებით შეაბიჯებს სამონასტრო ცხოვრებაში.


          ნარცისი კი არის ახალგაზრდა სწავლული, რომელიც მასწავლებლის დამხმარეა და გაკვეთილებს უტარებს აღსაზრდელებს. მას უნიკალური ნიჭი აქვს ჩასწვდეს ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებას და მოწოდებას და გოლდმუნდის დანახვისთანავე მიხვდება, რომ მისი ცხოვრებისეული დანიშნულება მონასტერს სულაც არ უკავშირდება. მიზნად ისახავს ამ ახალგაზრდა ბიჭის გამოღვიძებას და რათქმაუნდა საწადელსაც აღწევს.გოლდმუნდიც გამოიღვიძებს ილუზიებიდან და აქ იწყება სწორედ დიდი მოგზაურობა.

        უსამშობლოდ ხეტიალი, შიმშილი, სიცივე, ქალების ტრფიალი, ნდობა და შემდეგ ღალატი, მკვლელობა, ადამიანის მიერ ჯოჯოხეთად ქცეული სამყარო, სადაც სიკვდილი ჭირიანი ხელებით დარევია ყველა ცოცხალ არსებას.

         ჰესე არასდროს არ მიცრუებს იმედებს, თუმცა "ზიდჰარტას" შემდეგ , არ მეგონა , თუ მისი რომელიმე წიგნი ისევ მოახდენდა დიდ შთაბეჭდილებას ჩემზე და თურმე როგორ ვცდებოდი...  ნამდვილად დიდებული წიგნია და უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ამ საოცარ ნაწარმოებს. 



სამახსოვრო ფრაზები : 

  • ყოველთვის სურვილები ხომ არ განსაზღვრავენ კაცის ბედსა და დანიშნულებას, ღვთის ნებაც.
  • აღმოაჩინო ადამიანში სხვებისგან განსხვავებული ნიშნები, ეს ნიშნავს , შეიცნო იგი.
  • მეცნიერების გარეშეც შეიძლება ბრძენი იყო.
  • ორი კაციც კი ხშირად ვერ ახერხებს ერთმანეთთან ნამდვილ საუბარს.ამისათვის  ბედნიერი შემთხვევა, განსაკუთრებული მეგობრობა და სურვილია საჭირო.
  • ყოველივე მშვენიერი და საყვარელი წარმავალია და დიდი ხნით არ რჩება ჩვენთან.
  • ბევრ რამეს ისწავლის კაცი წლების მანძილზე ხეტიალისას.
  • საჭიროა ძალა, მონდომება, რომ ამ ცხოვრებიდან რამე ისწავლო, თორემ თუ სიბინძურეში ჩავარდი , ვეღარაფერი გიშველის.
  • ყველანაირი ხელოვნება და ყოველი სულიერი სიკვდილის წინაშე ძრწის.
  • საიდუმლოება მხოლოდ წარმავლობაა.
  • ამქვეყნად სრული ბედნიერება არ არსებობს.
  • თურმე არაფერს არ ჰქონია სიმყარე, ტკივილსაც კი..

Tuesday, May 7, 2024

კობო აბე - "სხვისი სახე" Kobo Abe - "Face of another"

 


         "სხვისი სახის" მთხრობელი თავის ისტორიას რვეულების სერიაში აფიქსირებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მას აქვს კელოიდური ნაწიბურები, რომლებიც მთელ სახეს ფარავს. ეს ნაწიბურები მას თხევადი ჟანგბადის აფეთქების შედეგად გაუჩნდა. მისი სახის დაკარგვა, არსებითად , საკუთარი პიროვნების დაკარგვისკენ ტრანსფორმირდა.  წიგნის დასაწყისში ის დაბინტული სახით გადაადგილდება საზოგადოებაში და ამ დროიდან იბრძვის, რომ თავისის დახშული იერით მოერგოს სოციუმს... 

          ნაწარმოების მიმდინარეობის პროცესში , მთხრობელი ახერხებს ნიღბის გაკეთებას, რომელიც ძალიან არ განსხვავდება ნამდვილი სახისგან, მაგრამ მალევე აღმოაჩენს, რომ პრობლემები სწორედ იმ მომენტიდან იწყება, რადგან მისი პიროვნებაც სახესთან ერთად შეიცვალა. ამ ტრანსფორმაციაში არის რაღაც "ფრანკენშტეინისებური", რაღაც "ტრამალის მგლისებური" და "გრეგორი ზამზას " მსგავსი... პირადად ჩემთვის ეს რომანი არის ფილოსოფიურ- ფსიქოლოგიური მოგზაურობა დაზიანებული და დესტრუქციული გონების  ბნელ შრეებში, საიდანაც უკან დასაღწევი გზა არ არსებობს.


         როდესაც მთხრობელი დაასრულებს თავის ნიღაბს, ეს მას საბოლოოდ ნორმალურ ადამიანად ქცევის ილუზიას შეუქმნის. ამ ეტაპზე, სხვისი სახე საინტერესოდ თამაშობს ძველ ცნებასთან, რომელიც ამბობს, რომ ადამიანს შეუძლიააკეთოს ყველაფერი, თუ მას ნიღაბი ეკეთებადა საკუთარ პიროვნებას მისი მეშვეობით დამალავს. როდესაც ადამიანი ფარავს თავის იდენტობას, მას შეუძლია იფიქროს და იმოქმედოს ისე, რაზეც მისი რეალური მე არც კი იოცნებებდა... 

       ამ თვალსაზრისით , ავტორი - კობო აბე , სხვის სახეში იკვლევს სიტუაციას, რომლის დროსაც ნიღაბი აძლევს ადამიანს განსაკუთრებული თავისუფლებისა და სიძლიერის განცდას, ცვლის მის პიროვნებას და აიძულებს და უბიძგებს მას უცნაური ქმედებების ჩადენისკენ. ბოლოს და ბოლოს , საზოგადოებრივი ქმედებების უმეტესობა ხომ მხოლოდ საზოგადოების მოლოდინებით იწყებს ამოქმედებას ან გადადის შეზღუდული მდგომარეობის პოზაში - ისინი უნდა ასახავდნენ ამ მოლოდინებს, რომ პიროვნებამაც  მოლოდინების შესაბამისად იმოქმედოს. 

        ეს წიგნი განსაკუთრებული გახდება უფრო მათთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგიურად ინტენსიური ხასიათის შესწავლა, რომელიც ებრძვის ხელოვნურად აგებული იდენტობის რეალობას.. 


  სამახსოვრო ფრაზები : 

  •  მას ვისაც დასჯის უფლება აქვს,ვალდებულია, ბრალდებულის ჩვენებაც მოისმინოს.
  • ის, რასაც სინათლეს ეძახიან, თავისთავდ გამჭვირვალეა, მაგრამ მის სხივებში მოხვედრილი ყველა საგანი გაუმჭვირვალე ხდება.
  • შეჩვევის ყველაზე სწრაფი საშუალება სხვების მიჩვევაა.
  • ჭეშმარიტად სახიფათო ვითარება ის ვითარებაა, რომელსაც აღიქვამ, როგორც სახიფათოს.
  • ის, რაც სირცხვილის გრძნობას იწვევს, ხშირად ხდება ჭორების წყარო.
  • ეტალონის შერჩევა გარდაუვალად ნიშნავს საკუთრი თავის სხვისი ნებისთვის დაქვემდებარებას.
  • ის, რასაც სილამაზეს ვეძახით,შესაძლოა, სწორედ ნგრევის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გრძნობის ძალაა.
  • გაქვს კი ყოველთვის იმის სიყვარულის უფლება, ვინც გიყვარს?!
  • გატეხილი ინსტრუმენტი ყოველთვის ყალბად ჟღერს.
  • არ შეიძლება აიძულო თავი ,აკეთო ის რისიც თვითონ არ გჯერა.
  • როგორც ჩანს, არსებობის მიზანი - თავისუფლების ხარჯვაა...