Friday, May 17, 2024

ჰერმან ჰესე - "ნარცისი და გოლდმუნდი"

 


         ალბათ ხშირად გვიჩნდება ხოლმე კითხვა : რისთვის არიან საჭირო მეგობრები და რატომ არ შეგვიძლია მათ გარეშე ცხოვრება?  ერთ-ერთი პასუხი კი ამ კითხვაზე ჰერმან ჰესეს თავის ნაწარმოებში "ნარცისი და გოლდმუნდი" აქვს გაცემული. ადამიანები სრულყოფილი არსებები არ ვართ. ადამიანი იმითაა ადამიანი , რომ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, მაგრამ ამის მოხერხება მარტო შეუძლებელია. იმდენად მრავლისმომცველია სამყარო, რომ ერთი პიროვნება, უბრალოდ ვერ დაიტევს მთელ მის ავს და კარგს. 

         ეს არის ამბავი საკუთარი თავის ძიებასა და პოვნაზე. მარიაბრონის მონასტერში, სადაც განსწავლულობა და ცბიერება, სიბრძნე სახარებისა და სიბრძნე ბერძენთა, თეთრი და შავი მაგია ყვაოდა, ახალგაზრდა გოლდმუნდს მიაბარებს მამა, რომელსაც ღრმად სწამს, რომ მისი შვილი ბერი გახდება და ამით დედის ცოდვებს გამოისყიდის. მამის გავლენის ქვეშ მყოფი გოლდმუნდიც სწორედ ამ იდეით და შემართებით შეაბიჯებს სამონასტრო ცხოვრებაში.


          ნარცისი კი არის ახალგაზრდა სწავლული, რომელიც მასწავლებლის დამხმარეა და გაკვეთილებს უტარებს აღსაზრდელებს. მას უნიკალური ნიჭი აქვს ჩასწვდეს ადამიანის ჭეშმარიტ ბუნებას და მოწოდებას და გოლდმუნდის დანახვისთანავე მიხვდება, რომ მისი ცხოვრებისეული დანიშნულება მონასტერს სულაც არ უკავშირდება. მიზნად ისახავს ამ ახალგაზრდა ბიჭის გამოღვიძებას და რათქმაუნდა საწადელსაც აღწევს.გოლდმუნდიც გამოიღვიძებს ილუზიებიდან და აქ იწყება სწორედ დიდი მოგზაურობა.

        უსამშობლოდ ხეტიალი, შიმშილი, სიცივე, ქალების ტრფიალი, ნდობა და შემდეგ ღალატი, მკვლელობა, ადამიანის მიერ ჯოჯოხეთად ქცეული სამყარო, სადაც სიკვდილი ჭირიანი ხელებით დარევია ყველა ცოცხალ არსებას.

         ჰესე არასდროს არ მიცრუებს იმედებს, თუმცა "ზიდჰარტას" შემდეგ , არ მეგონა , თუ მისი რომელიმე წიგნი ისევ მოახდენდა დიდ შთაბეჭდილებას ჩემზე და თურმე როგორ ვცდებოდი...  ნამდვილად დიდებული წიგნია და უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ამ საოცარ ნაწარმოებს. 



სამახსოვრო ფრაზები : 

  • ყოველთვის სურვილები ხომ არ განსაზღვრავენ კაცის ბედსა და დანიშნულებას, ღვთის ნებაც.
  • აღმოაჩინო ადამიანში სხვებისგან განსხვავებული ნიშნები, ეს ნიშნავს , შეიცნო იგი.
  • მეცნიერების გარეშეც შეიძლება ბრძენი იყო.
  • ორი კაციც კი ხშირად ვერ ახერხებს ერთმანეთთან ნამდვილ საუბარს.ამისათვის  ბედნიერი შემთხვევა, განსაკუთრებული მეგობრობა და სურვილია საჭირო.
  • ყოველივე მშვენიერი და საყვარელი წარმავალია და დიდი ხნით არ რჩება ჩვენთან.
  • ბევრ რამეს ისწავლის კაცი წლების მანძილზე ხეტიალისას.
  • საჭიროა ძალა, მონდომება, რომ ამ ცხოვრებიდან რამე ისწავლო, თორემ თუ სიბინძურეში ჩავარდი , ვეღარაფერი გიშველის.
  • ყველანაირი ხელოვნება და ყოველი სულიერი სიკვდილის წინაშე ძრწის.
  • საიდუმლოება მხოლოდ წარმავლობაა.
  • ამქვეყნად სრული ბედნიერება არ არსებობს.
  • თურმე არაფერს არ ჰქონია სიმყარე, ტკივილსაც კი..

No comments:

Post a Comment