Tuesday, May 7, 2024

კობო აბე - "სხვისი სახე" Kobo Abe - "Face of another"

 


         "სხვისი სახის" მთხრობელი თავის ისტორიას რვეულების სერიაში აფიქსირებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მას აქვს კელოიდური ნაწიბურები, რომლებიც მთელ სახეს ფარავს. ეს ნაწიბურები მას თხევადი ჟანგბადის აფეთქების შედეგად გაუჩნდა. მისი სახის დაკარგვა, არსებითად , საკუთარი პიროვნების დაკარგვისკენ ტრანსფორმირდა.  წიგნის დასაწყისში ის დაბინტული სახით გადაადგილდება საზოგადოებაში და ამ დროიდან იბრძვის, რომ თავისის დახშული იერით მოერგოს სოციუმს... 

          ნაწარმოების მიმდინარეობის პროცესში , მთხრობელი ახერხებს ნიღბის გაკეთებას, რომელიც ძალიან არ განსხვავდება ნამდვილი სახისგან, მაგრამ მალევე აღმოაჩენს, რომ პრობლემები სწორედ იმ მომენტიდან იწყება, რადგან მისი პიროვნებაც სახესთან ერთად შეიცვალა. ამ ტრანსფორმაციაში არის რაღაც "ფრანკენშტეინისებური", რაღაც "ტრამალის მგლისებური" და "გრეგორი ზამზას " მსგავსი... პირადად ჩემთვის ეს რომანი არის ფილოსოფიურ- ფსიქოლოგიური მოგზაურობა დაზიანებული და დესტრუქციული გონების  ბნელ შრეებში, საიდანაც უკან დასაღწევი გზა არ არსებობს.


         როდესაც მთხრობელი დაასრულებს თავის ნიღაბს, ეს მას საბოლოოდ ნორმალურ ადამიანად ქცევის ილუზიას შეუქმნის. ამ ეტაპზე, სხვისი სახე საინტერესოდ თამაშობს ძველ ცნებასთან, რომელიც ამბობს, რომ ადამიანს შეუძლიააკეთოს ყველაფერი, თუ მას ნიღაბი ეკეთებადა საკუთარ პიროვნებას მისი მეშვეობით დამალავს. როდესაც ადამიანი ფარავს თავის იდენტობას, მას შეუძლია იფიქროს და იმოქმედოს ისე, რაზეც მისი რეალური მე არც კი იოცნებებდა... 

       ამ თვალსაზრისით , ავტორი - კობო აბე , სხვის სახეში იკვლევს სიტუაციას, რომლის დროსაც ნიღაბი აძლევს ადამიანს განსაკუთრებული თავისუფლებისა და სიძლიერის განცდას, ცვლის მის პიროვნებას და აიძულებს და უბიძგებს მას უცნაური ქმედებების ჩადენისკენ. ბოლოს და ბოლოს , საზოგადოებრივი ქმედებების უმეტესობა ხომ მხოლოდ საზოგადოების მოლოდინებით იწყებს ამოქმედებას ან გადადის შეზღუდული მდგომარეობის პოზაში - ისინი უნდა ასახავდნენ ამ მოლოდინებს, რომ პიროვნებამაც  მოლოდინების შესაბამისად იმოქმედოს. 

        ეს წიგნი განსაკუთრებული გახდება უფრო მათთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგიურად ინტენსიური ხასიათის შესწავლა, რომელიც ებრძვის ხელოვნურად აგებული იდენტობის რეალობას.. 


  სამახსოვრო ფრაზები : 

  •  მას ვისაც დასჯის უფლება აქვს,ვალდებულია, ბრალდებულის ჩვენებაც მოისმინოს.
  • ის, რასაც სინათლეს ეძახიან, თავისთავდ გამჭვირვალეა, მაგრამ მის სხივებში მოხვედრილი ყველა საგანი გაუმჭვირვალე ხდება.
  • შეჩვევის ყველაზე სწრაფი საშუალება სხვების მიჩვევაა.
  • ჭეშმარიტად სახიფათო ვითარება ის ვითარებაა, რომელსაც აღიქვამ, როგორც სახიფათოს.
  • ის, რაც სირცხვილის გრძნობას იწვევს, ხშირად ხდება ჭორების წყარო.
  • ეტალონის შერჩევა გარდაუვალად ნიშნავს საკუთრი თავის სხვისი ნებისთვის დაქვემდებარებას.
  • ის, რასაც სილამაზეს ვეძახით,შესაძლოა, სწორედ ნგრევის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გრძნობის ძალაა.
  • გაქვს კი ყოველთვის იმის სიყვარულის უფლება, ვინც გიყვარს?!
  • გატეხილი ინსტრუმენტი ყოველთვის ყალბად ჟღერს.
  • არ შეიძლება აიძულო თავი ,აკეთო ის რისიც თვითონ არ გჯერა.
  • როგორც ჩანს, არსებობის მიზანი - თავისუფლების ხარჯვაა...

No comments:

Post a Comment