Thursday, March 6, 2025

შარლოტ პერკინს გილმანი - "ყვითელი შპალერი" "მთის გადადგმა"

 


         "ყვითელი შპალერი" მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც მან მშობიარობის შემდგომი მწვავე ფსიქოზური შეტევის შემდეგ დაწერა. ეს არის შემაძრწუნებელი ისტორია მარტოსული ქალისა , რომელიც ძლიერი დეპრესიით იტანჯება. იგი სრულიად ემიჯნება ოჯახს, გაუცხოებულია, სურს , რომ მოუსმინონ, მის მდგომარეობაზე ისაუბროს და უბრალო თანადგომა მოიპოვოს.  ამის ნაცვლად კი იგი ხდება მეტად ჩაკეტილი , ვინაიდან არავინ უსმენს.  მოსიყვარულე ქმარი, რომელიც ექიმია, ყველაფერს მის ფანტაზიად აღიქვამს და მიუთითებს სიმშვიდე შეინარჩუნოს.  ქალი შვებას მის ოთახში არსებული შპალერის ნაგლეჯში ხედავს, იწყებს მის შესწავლას და დაკვირვებას.  თავიდან მასში გამომწყვდეულ ქალს ხედავს, მაგრამ ნელ-ნელა მასში თავს აიგივებს და ზუსტად ისევე იქცევა როგორსაც მას ხედავს.  საბოლოოდ კი ოთხზე დამდგარი ფორთხვას იწყებს და ამ ფიზიკური გამოხატულებით არწმუნებს თავის ქმარს თუ რა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა ის დეპრესიამ და მარტოსულობამ. 


        მწერლის მეორე ნაწარმოები - "მთის გადადგმა" , მოგვითხრობს კაცზე, რომელიც თავის სამშობლოში 30 წლის შემდეგ ბრუნდება და მას სრულიად სხვა სამყარო ხვდება.  ეს არის შოკირებული კაცის ფიქრები იმის შესახებ თუ რა გავლენა მოახდინა მასზე იმ გარემოების მიღებამ, რომლის თანახმადაც ახლა ქალის უფლებები უფრო პრიორიტეტულია.  ისინი მეტი თავისუფლებითა და არჩევანის უფლებით სარგებლობენ, პრესტიჟულ თანამდებობაზე მუშაობენ და ყველა ასპექტში მამაკაცებს უთანასწორდებიან ან მათზე მაღლა დგანან.  თავდაპირველად კაცი სრულ აგრესიულობასა და მიუღებლობას განიცდის ახალი , თითქმის იდეალური სამყაროს მიმართ, მაგრამ მისი საბოლოო გადაწყვეტილება  დაგარწმუნებთ , რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სიახლე , სიჯანსაღე და კომფორტულობა პრიორიტეტულია. 



Sunday, March 2, 2025

მარგარეტ ეტვუდი - "მხევლის წიგნი" Margaret Atwood - " The handmaid`s tale"

 


     "წარმოიდგინეთ სამყარო , სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული... ეკრძალებათ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან" 

      ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება , რომელსაც მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნი" გაგონილი არ აქვს. ვისაც რომანი არ აქვს წაკითხული, სერიალის შესახებ მაინც ექნება ინფორმაცია. ეს არის დისტოპიური რომანი მომავალზე, ტოტალიტარულ, ძალადობრივ სახელმწიფოზე, გილიადზეა, რომელიც რელიგიურ ფანატიზმს ამოაფარეს და ამ სახელმწიფოში ქალების როლზე, რომლებსაც მხოლოდ რეპროდუქციული როლი აქვთ. ქალები არიან მხევლები, მონები, უუფლებოები, რომლებსაც ყველაფერი წაართვეს. წაართვეს ცხოვრება, წარსული, მომავალი, პროფესია, ოჯახი და სახლიც კი... 

      რომანის მთავარი გმირია უსახელო ქალი, რომელიც როგორც ყველა სხვა ქალი გილიადაში თავის მეთაურს ეკუთვნის, მაგრამ იბრძვის, რომ ჯერ გადარჩეს და შემდეგ დაიბრუნოს ყველაფერი, რაც წაართვეს. 


     მთელი წიგნი არის მისი ერთი დიდი ბრძოლა სისასტიკის, ძალადობის, დამცირების, შეურაცყოფის, წამების წინააღმდეგ. 

     მარგარეტ ეტვუდმა ამ წიგნით გვანიშნა , რომ თუ მოინდომებენ, ნებისმიერი რელიგიის გამოყენება შეიძლება რეპრესირებისთვის. გვითხრა ისიც, რომ თუ ძალადობაზე თვალს დავხუჭავთ და ვიტყვით , რომ ჩვენ არ გვეხება, ხვალ ყველამ შეიძლება გაიღვიძოს ისეთ სამყაროში , სადაც ყველაფრის გამოსწორება დაგვიანებული იქნება...

     აუცილებლად წასაკითხი წიგნია. ყველა ვინც წიგნს წაიკითხავს , შემდეგ ასევე შეუძლია ნახოს ეკრანიზაცია. ეს ის შემთხვევაა , როდესაც ეკრანიზაცია , არათუ ჩამოუვარდება რომანს, არამედ სუბიექტურად სჯობს კიდეც.