Friday, June 27, 2025

გოდერძი ჩოხელი - "წითელი მგელი"

 


        ქართულ მწერლობაში გოდერძი ჩოხელი სულ სხვა განზომილებაა. ის ერთ-ერთია , ვისაც შეუძლია ერთ წიგნში გააერთიანოს სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, სიბნელე და სინათლე და ეს ისე მოახერხოს, რომ მკითხველის გულში სამუდამოდ დარჩნენ მისი პერსონაჟები. 

      რაც შეეხება "წითელ მგელს" : რომანის მთავარი პერსონაჟი - ლუკა, ცდილობს გაერკვეს და შეიცნოს საკუთარი თავი. იგი ქალაქიდან სოფელში ბრუნდება, რა დროსაც დაუჯერებელი ამბები გადახდება თავს. რომანში რეალური, წარმოსახვითი და ზღაპრული ელემენტები ერთმანეთშია შერწყმული, რაც გარკვეულ იდუმალებას ამკვიდრებს. წითელი მგლის სიმბოლიკა კი მრავალნაირად შეიძლება გავიაზროთ, როგორც საყოველთაო ბოროტება, რომელშიც იგულისხმება დაუნდობელი, უღმერთო საბჭოური ეპოქა.

      განსაკუთრებით მომეწონა წიგნის დასასრული, რომლის მიხედვითაც ლუკა რწმენის სიმბოლოდ გვევლინება, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, მგლებს კი ამქვეყნად არ დაედგომებათ, სწორედ ლუკასნაირი ნათელი ადამიანების დამსახურებით, რომლებიც არასდროს არ ქრებიან...



Wednesday, June 18, 2025

ჩარლზ დიკენსი - "ორი ქალაქის ამბავი" Charles Dickens - "A tale of two cities"

 


       "ორი ქალაქის ამბავი" გვიყვება საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მომხდარ საზარელ და შემაძრწუნებელ ამბებს. ესაა ეპოქა, რომელმაც კაცობრიობის გეზი და ცხოვრება მთლიანად შეცვალა. საბედისწერო და უცნაური ბედით დაკავშირებულ პერსონაჟებს, რთული და ამავდროულად სიყვარულით და თავგანწირვით სავსე გზა აქვთ გასავლელი. ეს გზა ძალიან ვერაგი , სისხლიანი და დაუნდობელია, სადაც წლობით ნატანჯ და გამეხებულ ხალხს გულში ოდნავი სიბრალულუც კი აღარ შერჩენია...

      სინამდვილეში , ეს დარნეის და ლუსის სიყვარულის ისტორია არაა, ესაა მადამ დეფარჟის შურისძიების ერთიანი სურათი, რომელშიც ბევრი სხვა პერსონაჟი ბუნებრივად და ოსტატურად ჰყავს თავადვე ჩაქსოვილი. დაუვიწყარი და საბედისწერო ქალი, რომლის არარსებობაც  წარმოუდგენლად მეჩვენება დღემდე , იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 


       ჩემთვის მეორე განსაკუთრებული პერსონაჟი - კარტონია. კაცი, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი თავისთვის სწორი გზა ეჩვენებინა, თავისთვის ეშველა და გაებედნიერებინა საკუთარი თავი. კაცი, რომელმაც იცოდა , რო მთელი მისი ცხოვრება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ერთიანობა იყო.  ამ დროს დიკენსი რას აკეთებს?! სწორედ ამ ადამიანის ისეთ დიდებულ სულიერ აღდგომას აღგვიწერს, შეუძლებელია მთლიანად არ შეგძრას ამ ამბის გააზრებამ... 

     მეტი რომ არ გამიგრძელდეს , დიდზე დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ წიგნს. წაიკითხეთ, იგრძენით, გაიცანით დაუვიწყარი პერსონაჟები და შთაბეჭდილებების გაზიარებაც არ დაგავიწყდეთ. 



Friday, June 13, 2025

კრისტინ ჰანა - "ბულბული" Kristin Hannah - "The Nightingale"

 


        წიგნი , რომელაც აღფრთოვანებული დამტოვა . სულ რამდენიმე წიგნი შეიძლება დავასახელო , რომლებმაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვეს, ერთ-ერთი კი სწორედ ეს არის. ეს არის ორი დის ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში...

       ვიანას ოჯახი ცხოვრობს ცვეულებრივი, მარტივი ცხოვრებით, ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. იზაბელი კი მამასთან ერთად ატარებს თავის დროს პარიზში და ცდილობს მისი სიყვარული დაიმსახუროს... ორივე მხარე მშვიდ და რუტინულ ცხოვრებას გადიან, სადღაც შორს ომის მიუხედავად, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა მისი კლანჭები საფრანგეთსაც მტკივნეულად წვდება. ითრევს ყველას და ყველაფერს... აიძულებს ქალს თუ მამაკაცს გადაიტანონ დამცირება, ფარული ბრძოლა, ტანჯვა , მონატრების განცდა და შიში... 

      ორი სრულიად განსხვავებული და... უშიშარი და თავქარიანი იზაბელი, მეოჯახე და უსუსური , საკუთარ შიშებში ჩაკეტილი ვიანა...ორივეს უჭირს შეეგუონ ცვლილებებს, თუმცა საბოლოოდ ორივეს რადიკალურად ცვლის ომი, რომელიც ყველა ადამიანს თავის კვალს უტოვებს.


        ესაა, რომანი ქალებზე, რომლებიც ომის დროს დიდ მსხვერპლზე მიდიოდნენ, რათა ოჯახი შეენარჩუნებინათ, ქვეყანა მტრისგან დაეცვათ და არ დაცემულიყვნენ, თუმცა მათი სახელები დღემდე არსად გაჟღერებულა. ქალებზე, რომლებმაც გაიარეს დამცირება, ძალადობა, შიში, შიმშილი, სიცივე, ორგულობა ოჯახის შესანარჩუნებლად, საკუთარი და სხვისი შვილების დასაცავად... გადაიარეს მთები ყინვასა და პაპანაქება სიცხეში, რომ მტრისთვის კიდევ ერთი მებრძოლის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ...

       აუცილებლად წასაკითხი წიგნია!!! რომანი , როელიც მადლიერების გრძნობას გაგიჩენთ... ის, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია , დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის , რადგან ადრე ხალხისთვის ეს ყოველივე მძიმედ მოსაპოვებელი იყო...



Tuesday, June 10, 2025

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - "ასტრალის სული"

 


        "ასტრალის სული" ფსიქოლოგიური დეტექტივია, რომელიც სიღრმისეულად ეხება ადამიანის ქვეცნობიერს და მანიაკალურ გონებას. წიგნში ავტორი აცოცხლებს ისეთ გარემოს, სადაც ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები შეიძლება წარმოჩნდნენ სრულიად განსხვავებულ და სახიფათო სახეებში. 

       ნაწარმოებში ჩაღრმავებული სიუჟეტი გვახვედრებს სხვადასხვა პერსონაჟს, როლებიც განსხვავებული მანიით არიან შეპყრობილნი. ათი პიროვნული ისტორიები და ქცევები ქმნიან მრავალფეროვან და ხშირად დაძაბულ სურათს. 

      ავტორი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანის შინაგანმა სამყარომ განსაზღვროს მისი მოქმედებები და რამდენად რთულია გაარჩიო ნამდვილი სახე მაშინ, როცა ადამიანები ნიღბებით ცხოვრობენ... ეს ნაწარმოები იდეალურია მათთვის, ვისაც იზიდავს ფსიქოლოგია და ფსიქოდეტექტიური სიუჟეტები. "ასტრალის სული" გვაჩვენებს , როგორ შეიძლება უმცირეს დეტალებშიც კი იყოს დამალული დიდი შინაარსი.