Sunday, December 14, 2025

პრიმო ლევი - "განა ეს ადამიანია?!"

 


       ეს არის ავტობიოგრაფიული მემუარი , რომელიც ასახავს ავტორის უშუალო გამოცდილებას აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში.  ეს არის არა მხოლოდ ჰოლოკოსტის ისტორიული დოკუმენტი , არამედ ღრმა ფილოსოფიური და მორალური კვლევა ადამიანის ბუნებაზე, ღირსებაზე და უკიდურეს პირობებში თვითგადარჩენაზე.

      წიგნის მთავარი კითხვა  სათაურშივეა  დასმული - რჩება თუ არა ადამიანი ადამიანად მაშინ , როცა მას ყველაფერს ართმევენ? ლევი აღწერს სისტემას, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს ინდივიდუალურობას : სახელების ნაცვლად ნომრები, შიმშილი, ფიზიკური და მორალური დამცირება. ბანაკი ადამიანის არაჰუმანურობის მექანიზმად არის წარმოჩენილი.  ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის - თვითგადარჩენა. აქ ვერ ნახავთ მკაფიო საზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის -  არსებობს მხოლოდ გადარჩენის სურვილი.


       მიუხედავად სასტიკი რეალობისა , მწერალი გვაჩვენებს რომ მცირე მოქმედებასაც კი შეუძლია ადამიანობის შენარჩუნება.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" ეპიზოდი, რომელიც სიმბოლურად წარმოაჩენს კულტურისა და აზროვნების ძალას ბარბაროსების წინააღმდეგ. 

      "განა ეს ადამიანია" არ არის მხოლოდ ჰოლოკოსტზე დაწერილი წიგნი . ეს არის გაფრთილება და კითხვად ქცეული სინდისი , რომელიც მკითხველს აიძულებს   დაფიქრდეს : რა გვაქცევს ადამიანებად? რამდენად მყარია ჩვენი მორალი კრიტიკულ ვითარებაში ?!  ეს წიგნი დღემდე აქტუალურია , რადგან ის გვახსენებს, რომ ადამიანის ღირსება სათუთია და მისი დაცვა მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს.



Wednesday, November 26, 2025

პოლ ოსტერი - "ბაუმგარტნერი" Paul Auster - " Baumgartner"

 


         "ბაუმგარტნერი" პოლ ოსტერის ყველაზე მშვიდი და ყველაზე სევდიანი რომანია. წიგნი მოგვითხრობს მწერალ და პროფესორ - სეიმურ ბაუმგარტნერის ცხოვრების გვიან პერიოდზე - ისეთი ასაკის ადამიანზე, როელიც ხედავს სითბოთი და სევდით სავსე წლებთან გათანაბრებულ საკუთარ არსებობას. რომანის ცენტრში დგას სიმწიფის ასაკში მყოფი ადამიანის ბრძოლა დანაკარგთან და დროის გარდაუვალობასთან.  ბაუმგარტნერი ცდილობს იცხოვროს ახალი ცხოვრებით, მაგრამ მუდმივად უბრუნდება ტრაგიკულად დაღუპული ცოლის ანა ბლანკის მოგონებებს. ეს მოგონებები არა მხოლოდ ტკივილია, არამედ მისი ცხოვრების საყრდენიცაა...

       ბაუმგარტნერი მუდმივად იხედება წარსულისკენ, იხსენებს ანასთან ერთობლივ ცხოვრებას, მათ ბედნიერებას, ყოველდღიურობის წვრილმან დეტალებს. მწერალი გვიჩვენებს , რომ მოგონებები შეიძლება სწორედ ის ადგილი იყოს , სადაც სიყვარულს ისევ შეუძლია არსებობა. ბაუმგარტნერი ხშირად არის მარტო საკუთარ გონებაში - სამყაროში , რომელსაც ნაკლებად უთანხმდება. 


       მწერალი სიყვარულს არ წარმოაჩენს იდეალიზებულად - ის გამოცდილია ყოველდღიურობით, სიმარტივით, ხანდახან მოულოდნელი კომიკურობითაც.  მიუხედავად იმისა, რომ ბაუმგარტნერის სიყვარულის ისტორია ტრაგიკულია, ის მაინც სავსეა სინათლით. სწორედ ეს სინათლე და წვრილმანები ქმნიან დიდი ტკივილისა და სილამაზის მთლიან სურათს. 

        რომანი განსაკუთრებით ძვირფასი იქნება მათტვის, ვისაც დაუკარგავს ძვირფასი ადამიანი ან ვისაც დაღლილობის მიუხედავად , მაინც სჯერა ცხოვრების მარადიულობის.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • თითოეულ ჩვენგანს საკუთარი "აქ" აქვს და დაბადებიდან სიკვდილამდე მასშია გამომწყვდეული.
  • ცოცხალი ადამიანი ტკივილსაც უნდა გრძნობდეს,ტკივილისგან გაქცევა სიცოცხლეზე უარის თქმაა.
  • მთავარია სწორი კითხვები გვქონდეს სიცოცხლის შესახებ, მაშინაც კი , როცა ვიცით, რომ პასუხს ვერასოდეს მივაგნებთ.
  • როგორ უნდა ისურვოს ადამიანმა იმაზე მეტი, რაც ისედაც საკმარისზე მეტია?!
  • რატომ ილექება ხოლმე მეხსიერებაში ზოგი უმნიშვნელო წამი მაშინ, როცა სხვა, ერთი შეხედვით, უფრო საგულისხმო მომენტები სამუდამოდ ეძლევა დავიწყებას.

Monday, November 3, 2025

ისააკ ბაშევის ზინგერი - "ლუბლინელი მაგი" Isaac Bashevis Singer - " The Magician Of Lublin"

 


      ისააკ ბაშევის ზინგერი - ებრაული წარმოშობის პოლონელ-ამერიკელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატია. მისი წიგნი ლუბნილეი მაგი პირველად გამოქვეყნდა 1960 წელს და ასახავს ზინგერისთვის დამახასიათებელ თემებს : რწმენასა და ცოდვას შორის ბრძოლას, თავისუფლებისა და სინდისის კონფლიქტს , ადამიანის გაორებას...

     მთავარი გმირია იაშა მაზური, ლუბლინელი მაგი და ილუზიონისტი, რომელიც მოგზაურობს პოლონეთის ქალაქებში, სადაც ასრულებს ფოკუსებს, ატყუებს ხალხს თავისი ხელოვნებით და ამავე დროს ეძებს ცხოვრების აზრს.  იაშა გარეგნულად მხიარული, ჩაცმულობით ელეგანტური და მიმზიდველი ადამიანია, მაგრამ შინაგანად გაურკვეველ ბრძოლაშია. მას ჰყავს ცოლი ლუბლინში, თუმცა სხვა ქალებთანაც აქვს ურთიერთობა.  ის საკუთარ თავს "თავისუფალ სულად" მიიჩნევს, მაგრამ თანდათან აღმოაჩენს, რომ მისი "თავისუფლება" სინამდვილეში სულიერი სიცარიელეა. როდესაც ერთ-ერთი საყვარელი - ემილია თვითმკვლელობას ჩაიდენს, იაშა დგება რწმენისა და სინდისის წინაშე. ბოლოს ის თავის თავს განმარტოებასა და მონაზვნურ ცხოვრებას უძღვნის.

       იაშას ცხოვრების გზა ცოდვისგან სინანულამდე გადის. ემილიას სიკვდილი მისთვის გარდამტეხი მომენტია, სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისი სულიერი გამოფხიზლება.  იაშას სიყვარული არ არის სუფთა -  ის არის ეგოიზმით სავსე. საბოლოოდ კი ხვდება, რომ ასეთი სიყვარული არ იძლევა ბედნიერებას.


      ავტორი გვიჩვენებს, რომ ადამიანი შეიძლება გონებით თავისუფალი ჩანდეს , მაგრამ სულით მონა იყოს. მხოლოდ სინანული, რწმენა და შინაგანი სიმართლე აცოცხლებს ნამდვილ თავისუფლებას. ნაწარმოები გვაფიქრებს იმაზე , როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი სული, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს სამყაროში , სადაც ცდუნება მუდამ ახლოა...

Saturday, October 25, 2025

ჰან კანგი - "ვეგეტერიანელი" Han Kang - "The Vegetarian"

 


       ეს არის შოკისმომგვრელი, ფსიქოლოგიურად რთული და სიმბოლიზმით სავსე რომანი, რომელიც იკვლევს ადამიანის ბუნებას, სხეულსა და თავისუფლებას.

       მთავარი გმირია - იონგჰე, რომელიც ჩვეულებრივი , მშვიდი ქალი ჩანს, სანამ ერთ დღეს გადაწყვეტს ცხოველური საკვების ჭამა შეწყვიტოს. ეს გადაწყვეტილება არ არის უბრალოდ დიეტური არჩევანი - ის შედეგია ძალადობრივი და დამთრგუნველი გარემოსადმი შინაგანი პროტესტის. როდესაც ოჯახი და საზოგადოება ცდილობს მის "გამოსწორებას", იონგჰეს ქცევა თანდათან უფრო უკიდურესი ხდება, ის უარს ამბობს არა მხოლოდ ხორცზე, არამედ ადამიანურობაზე - მას არ სურს შეიგრძნოს ტკივილი, აღარ სურს არსებობა... მისი სხეული მისივე ბრძოლის ველი ხდება. ის ცდილობს სხეულიდან გათავისუფლდეს, თავიდან აიცილოს ფიზიკური სურვილები, ძალადობა და ის საზოგადოებრივი მოლოდინები, რომლებიც ქალს აკავებს. მისი "მცენარედ ქცევა" შეიძლება აღიქმებოდეს როგორც სულიერი გათავისუფლება.


       კორეული საზოგადოება რომანში წარმოჩენილია როგორც პატრიარქალური და მკაცრი სისტემა, სადაც ინდივიდს თავისუფლება არ აქვს.  რომანში ასევე ბუნდოვანია ზღვარი სიგიჟესა და სიწმინდეს შორის. იონგჰეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სიგიჟე , მაგრამ შეიძლება იყოს ასევე ერთადერთი გზა სულიერი გადარჩენისთვის სამყაროში , სადაც მისი ტკივილის ხმა არავის ესმის...

      წიგნი საკმაოდ მარტივად იკითხება, თუმცა არის მომენტები , რომლებმაც შესაძლოა მკითხველი შოკირებული დატოვოს...



Thursday, October 23, 2025

ჰერმან ჰესე - "დემიანი" Hermann Hesse - "Demian"

  


       რომანი მოგვითხრობს ემილ ზინკლერის , ახალგაზრდა ბიჭის სულიერ და შინაგან ბრძოლაზე. ის იზრდება "კარგი" სამყაროს წესების მიხედვით, მაგრამ მალევე ხვდება , რომ არსებობს "ბნელი" მხარეც - აკრძალული, უცნაური სამყარო, რომელიც მას იზიდავს... მის ცხოვრებაში ჩნდება მაქს დემიანი - იდუმალი და გონიერი თანაკლასელი, რომელიც ზინკლერს ეხმარება თავისი შინაგანი ბუნების გაცნობიერებაში.  დემიანი მას ასწავლის, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება სრულფასოვანი, როცა საკუთარ "ჩრდილს" - ანუ ბნელ მხარეს იღებს და ცნობიერებაში აერთიანებს.  ზინკლერი გადის სულიერ გზას ბავშვობიდან ახალგაზრდობამდე, თვითმპყრობელი ღმერთის - აბრაქსასის იდეამდე, რომელიც ერთდროულად მოიცავს სიკეთეს და ბოროტებას.

      დემიანი ზინკლერს უხსნის , რომ ჭეშმარიტი ღმერთი აერთიანებს ყველაფერს, რასაც ადამიანები ყოფენ კარგად და ცუდად... აბრაქსასი წარმოადგენს ერთგვარ სიმბოლოს - ერთიანობას და თავისუფლებას.  ზინკლერი თანდათან უარყოფს საზოგადოებრივ მორალს, ავტორიტეტებს, ტრადიციულ რელიგიას და ცდილობს საკუთარი გზა იპოვოს  - რაც ძალიან ჰგავს სულიერი აღორძინების პროცესს.


       ჰესეს მიხედვით , ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება თავისუფალი , როცა საკუთარ ბნელ მხარეს არ ემალება. თითოეულ ჩვენგანში შეიძლება ვიპოვოთ დემიანი - ხმა, რომელიც შინაგანი სიმართლისკენ გვიძღვება. ეს რომანი , ალბათ ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეულია ჰესეს შემოქმედებიდან, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეს წიგნი არა მხოლოდ გმირის, არამედ ყოველი მკითხველის სულიერი სარკეა. 


 სამახსოვრო ფრაზები : 

  • შენ გმირი არ ხარ, თუ რაღაცის ან ვიღაცის წინაშე ძრწიხარ.
  • მადლიერების მოთხოვნას ვერ ჩავთვლით ზნეობრივად გამართლებულად, მით  უმეტეს ბავშვებში.
  • არაფერია ამქვეყნად ადამიანებისთვის იმაზე დიდი ტანჯვა , ვიდრე იაროს იმ გზაზე , რომელზეც საკუთარ თავს აღმოაჩენს.
  • მუსიკის მოსმენისას ისეთი შეგრძნება ეუფლება ადამიანს , თითქოს ცასა და ქვესკნელს შორის ცახცახებს. 
  • ყველა რელიგია თავისებურად მშვენიერია, ყველაშია სული.
  • არ არსებობს იმაზე დიდი ჭეშმარიტება, რასაც ჩვენში ვატარებთ.
  • ყველა ადამიანი სიზმარში ცხოვრობს , მაგრამ არა თავის  საკუთარში. ესაა განსხვავება.
  • ადამიანმა უნდა იპოვოს თავის არსებაში ჩაბუდებული ბედისწერა, გააცოცხლოს იგი და ბოლომდე მისდიოს მას. სხვა დანარჩენი კი საზოგადოებრივი იდეალებისთვის თავის შეფარებაა.

Monday, September 29, 2025

ნინო ხარატიშვილი - "უკმარი სინათლე"

 


        ვფიქრობ, ეს წიგნი მწერლის ყველაზე მეტად ქართული და ამავდროულად მისი საუკეთესო რომანია.  წიგნი არის რეკვიემი დაკარგულ თაობაზე , დაავადმყოფებულ, წამალზე დამოკიდებულ ახალგაზრდობაზე, 80-90- იანი წლების თბილისის გაძაღლებულ ყოფაზე, ნამდვილ მეგობრობაზე, რომელიც არასდროს სრულდება, სიყვარულსა და ღალატზე, საკუთარ დემონებთან ბრძოლასა და ომზე. 

       წიგნის მთავარი მოქმედი პერსონაჟები ერთმანეთთან ბედისწერის ძალით დაკავშირებული ოთხი გოგონაა.  ქეთო - ამბის მთხრობელი, ყველაზე მგრძნობიარე პერსონაჟი და ადამიანი , რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის მრავალ უბედურებას, გადარჩება, ცხოვრებას თავიდან დაიწყებს, მაგრამ წარსულს ვერა და ვერ დააღწევს თავს...  ნენე - ქალაქში ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ძმისშვილი და უბრალოდ ახალგაზრდა გოგო, რომელსაც სიყვარული სწყურია და თავისებურად უჯანყდება მის ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას, ყოველთვის წინ იხედება და წარსულს მასზე ბატონობის უფლებას არ აძლევს, ქეთოსგან განსხვავებით. დინა - ჩემი საყვარელი პერსონაჟი, შეუდრეკელი, თავისუფლების მოყვარული და მაძიებელი, სამართლიანი, ექსტრავაგანტური, სიყვარულისთვის ყველაფერზე წამსვლელი, გონიერი და უშიშარი. და ბოლოს ირა - ჭკვიანი, გონებამახვილი პერსონაჟი, რომელმაც მოახერხა და იმ სასტიკ დროში ამერიკაში შეძლო სასწავლებლად წასვლა და იქ მიღებული ცოდნით საყრდენი გამოაცალა იმ სისტემას , რომელიც მალევე ჩამოიშალა.


       ამ წიგნს როცა წაიკითხავთ, მიხვდებით თუ რა ჭაობიდან ამოვედით და ძალიან აშკარად დაინახავთ, რომ იმავე ჭაობში ვბრუნდებით დღეს, 2025 წელს... დაუსჯელობის სინდრომი , სროლები, ნარკოტიკი, ბანდები და სხვა მრავალი უბედურება... საქართველოში დღესაც უკმარი სინათლეა , მთელი თავისი სიცხადით...



Wednesday, September 3, 2025

ერიხ მარია რემარკი - "შავი ობელისკი"

 


      ერიხ მარია რემარკის რომანი "შავი ობელისკი" ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და სევდიანი ნაწარმოებია, რომელიც ავტორის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. რომანში მოქმედება გერმანიაში, 1920 -იან წლებში, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება. მთავარი გმირი - ლუდვიგი, მუშაობს ქვის გადამამუშავებელ საამქროში და ნათლად ხედავს თუ როგორ ცდილობს საზოგადოება ახალი ცხოვრების დაწყებას ომისგან განადგურებული რეალობის ფონზე.

     "შავი ობელისკი" სიმბოლურად აღნიშნავს ცხოვრებას, დროის წარმავლობას და სიკვდილს.ეს ობელისკი თითქოს უძრავია, მარადიული, თუმცა მის გარშემო ადამიანები მუდმივად იცვლებიან, ქრებიან, იტანჯებიან ... რემარკი გვიჩვენებს , რომ ომი არა მარტო ფიზიკურად განადგურებს, არამედ ფასეულობებს, რწმენას და ადამიანების ნდობას გიკარგავს. ობელისკი არის გარდაცვალების სიმბოლო, რომელიც მუდმივად გვახსნებს, რომ სიცოცხლე წარმავალია. მთავარი გმირები ვერ პოულობენ სრულ ბედნიერებას , რადგან წარსული მათ სულში მძიმე კვალს ტოვებს.


      რემარკის წერის სტილი რჩება სევდიანი, ლაკონური და სიღრმისეული..მისი პერსონაჟები თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათში მთელი თაობის ტრაგედიაა თავმოყრილი. რომანი გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მაშინ, როცა მომავალი გაურკვეველია და წარსული - აუტანელი.

      რომანი გვასწავლის , რომ სევდის მიღმა ყოველთვის შეიძლება იპოვო სითბო, ხოლო "შავი ობელისკი" - როგორც სიკვდილის სიმბოლო - შეიძლება იქცეს სიცოცხლის და სულიერი სიმტკიცის მუდმივ შეხსენებად.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ადამიანს არასდროს არ ავიწყდება ის, რაც მის ცხოვრებაში პირველად ხდება.
  • ის, რის ხელში ჩაგდებასაც ცდილობ,ყოველთვის იმაზე უკეთესი გგონია, რაც გაქვს.
  • რომანტიკოსებისთვის იუმორი უცხო ხილია.
  • სიკეთე არცთუ ისეთი უსაფრთხო რამ არის და შეიძლება უფრო მეტად გაგანადგუროს , ვიდრე პატარა უვნებელმა ბოროტებამ.
  • ერთი ადამიანის სიკვდილი სიკვდილია, ორი მილიონის კი - მხოლოდ სტატისტკა.
  • დრო ცრურწმენაა და სწორედ ეს არის ცხოვრების საიდუმლო, ოღონდ ადამიანმა არ იცის ეს და ყოველთვის სადღაც მისვლას ლამობს.
  • ნუ უგულებელყოფთ ეკლესიის სიბრძნეს : ის ერთადერთი დიქტატურაა, რომლის დამხობაც ორი ათასი წლის მანძლიზე ვერავინ მოახერხა.
  • ადამიანს რომ დასცილდება , მერე გაინტერესებს ყველაფერი , რაც მას ეხება. ასეთია სიყვარულის პარადოქსი.
  • მხოლოდ იდიოტები ფიქრობენ , რომ ერთი ნაცია შეიძლება რამით სხვებზე უკეთესი იყოს.
  • ის რაც არსებობს, უკვალოდ არ ქრება.