ეს არის შოკისმომგვრელი, ფსიქოლოგიურად რთული და სიმბოლიზმით სავსე რომანი, რომელიც იკვლევს ადამიანის ბუნებას, სხეულსა და თავისუფლებას.
მთავარი გმირია - იონგჰე, რომელიც ჩვეულებრივი , მშვიდი ქალი ჩანს, სანამ ერთ დღეს გადაწყვეტს ცხოველური საკვების ჭამა შეწყვიტოს. ეს გადაწყვეტილება არ არის უბრალოდ დიეტური არჩევანი - ის შედეგია ძალადობრივი და დამთრგუნველი გარემოსადმი შინაგანი პროტესტის. როდესაც ოჯახი და საზოგადოება ცდილობს მის "გამოსწორებას", იონგჰეს ქცევა თანდათან უფრო უკიდურესი ხდება, ის უარს ამბობს არა მხოლოდ ხორცზე, არამედ ადამიანურობაზე - მას არ სურს შეიგრძნოს ტკივილი, აღარ სურს არსებობა... მისი სხეული მისივე ბრძოლის ველი ხდება. ის ცდილობს სხეულიდან გათავისუფლდეს, თავიდან აიცილოს ფიზიკური სურვილები, ძალადობა და ის საზოგადოებრივი მოლოდინები, რომლებიც ქალს აკავებს. მისი "მცენარედ ქცევა" შეიძლება აღიქმებოდეს როგორც სულიერი გათავისუფლება.
კორეული საზოგადოება რომანში წარმოჩენილია როგორც პატრიარქალური და მკაცრი სისტემა, სადაც ინდივიდს თავისუფლება არ აქვს. რომანში ასევე ბუნდოვანია ზღვარი სიგიჟესა და სიწმინდეს შორის. იონგჰეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სიგიჟე , მაგრამ შეიძლება იყოს ასევე ერთადერთი გზა სულიერი გადარჩენისთვის სამყაროში , სადაც მისი ტკივილის ხმა არავის ესმის...
წიგნი საკმაოდ მარტივად იკითხება, თუმცა არის მომენტები , რომლებმაც შესაძლოა მკითხველი შოკირებული დატოვოს...



No comments:
Post a Comment