ვფიქრობ, ეს წიგნი მწერლის ყველაზე მეტად ქართული და ამავდროულად მისი საუკეთესო რომანია. წიგნი არის რეკვიემი დაკარგულ თაობაზე , დაავადმყოფებულ, წამალზე დამოკიდებულ ახალგაზრდობაზე, 80-90- იანი წლების თბილისის გაძაღლებულ ყოფაზე, ნამდვილ მეგობრობაზე, რომელიც არასდროს სრულდება, სიყვარულსა და ღალატზე, საკუთარ დემონებთან ბრძოლასა და ომზე.
წიგნის მთავარი მოქმედი პერსონაჟები ერთმანეთთან ბედისწერის ძალით დაკავშირებული ოთხი გოგონაა. ქეთო - ამბის მთხრობელი, ყველაზე მგრძნობიარე პერსონაჟი და ადამიანი , რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის მრავალ უბედურებას, გადარჩება, ცხოვრებას თავიდან დაიწყებს, მაგრამ წარსულს ვერა და ვერ დააღწევს თავს... ნენე - ქალაქში ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ძმისშვილი და უბრალოდ ახალგაზრდა გოგო, რომელსაც სიყვარული სწყურია და თავისებურად უჯანყდება მის ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას, ყოველთვის წინ იხედება და წარსულს მასზე ბატონობის უფლებას არ აძლევს, ქეთოსგან განსხვავებით. დინა - ჩემი საყვარელი პერსონაჟი, შეუდრეკელი, თავისუფლების მოყვარული და მაძიებელი, სამართლიანი, ექსტრავაგანტური, სიყვარულისთვის ყველაფერზე წამსვლელი, გონიერი და უშიშარი. და ბოლოს ირა - ჭკვიანი, გონებამახვილი პერსონაჟი, რომელმაც მოახერხა და იმ სასტიკ დროში ამერიკაში შეძლო სასწავლებლად წასვლა და იქ მიღებული ცოდნით საყრდენი გამოაცალა იმ სისტემას , რომელიც მალევე ჩამოიშალა.
ამ წიგნს როცა წაიკითხავთ, მიხვდებით თუ რა ჭაობიდან ამოვედით და ძალიან აშკარად დაინახავთ, რომ იმავე ჭაობში ვბრუნდებით დღეს, 2025 წელს... დაუსჯელობის სინდრომი , სროლები, ნარკოტიკი, ბანდები და სხვა მრავალი უბედურება... საქართველოში დღესაც უკმარი სინათლეა , მთელი თავისი სიცხადით...



No comments:
Post a Comment