Monday, January 6, 2025

ჯ.მ. კუტზეე - "სირცხვილი" J.M. Coetzee - "Disgrace"

 


       ეს არის რომანი , რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წიგნი 1999 წელს გამოიცა და ბუკერის პრემია - ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. 

      ამბავი ხანშიშესული ლექტორისა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში კითხულობს ლექციებს. პროფესორი დევიდ ლური წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ორივე მეუღლეს დაშორდა. პირველი ცოლისგან შეძენილი ერთადერთი ქალიშვილი - ლუსი, სოფელში ფერმერულ ცხოვრებას მისდევს.  ლურის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, როდესაც ურთიერთობას იწყებს სტუდენტ გოგონასთან. ეს სასიყვარულო კავშირი ლურისთვის ერთგვარი გატაცებაა, ოღონდ მის მიღმა სულ სხვა რამ იმალება. შესაძლოა ეს არ იყო სიყვარული და არც მიეცემოდა სერიოზული ფორმა ასაკობრივი სხვაობის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ის გრძნობდა განსაკუთრებულ, ბევრისთვის აუხსნელ ფილოსოფიურ მუხტს...


      ამ ურთიერთობის გამჟღავნება დევიდის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის... პირადად მე მომწონს დევიდი, მისი მსოფლმხედველობა. ლუსის კი, ჩემი აზრით, ყველაფერი მარაზმში გადადის. დაუშვებელია ასეთი რამ გაუკეთო საკუთარ თავს , ა შეიძლება არ იბრძოლო...

      მომეწონა კუტზეე, მისი მოკლე, ლაკონური წერის სტილი, გასაგები აზრები, არანაირი გაწელილი სიუჟეტები, მარტივი შეწყვეტა და ახალ აზრზე გადასვლა . 



Sunday, January 5, 2025

ტრეისი შევალიე - "გოგონა მარგალიტის საყურით" Tracy Chevalier - "Girl with a pearl earring"

 


       "გოგონა მარგალიტის საყურით" ტრეისი შევალიეს ცნობილი რომანია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის ნიდერლანდების ყოფაში აბრუნებს მკითხველს. წიგნში მიმოხილულია ერთ-ერთი ვერსია თუ როგორ შექმნა ჰოლანდიელმა მხატვარმა - იან ვერმეერმა, თავისი ყველაზე ცნობილი ნახატი. ნაწარმოებისთხრობის სტილი საინტერესოა, იმ მხრივაც , რომ თავად ნახატზე გამოსახული გოგონა - გრიტი გვიყვება, როგორია ვერმეერების ოჯახში მოახლის ყოველდღიურობა. 

      გრიტი ღარიბი ოჯახიდანაა, ეს და სხვა გარემოებები აიძულებს რომ თუნდაც მცირე თანხის სანაცვლოდ ემსახუროს ვერმეერების მრავალშვილიან ოჯახს. ოჯახის უფროსი, რომელსაც გრიტი ხშირად იხსენიებს, როგორც უმეტესად სახელოსნოში მყოფ ბატონად, გრიტის დახატვას გადაწყვეტს და ასე იქმნება უკვე ნახსენები შედევრი.


      რაღაც მომენტში ავტორზე ცოტა გავბრაზდი , რადგან პორტრეტზე გამოსახული გოგონასთვის უფრო მეტი მემეტება, ვიდრე ის დამცირება, რაც ბოლო გვერდებზე ხდება... რაც შეეხება ვერმეერს, სრულიად უემოციოდ, უგულოდ და თითქოს ზერელე პიროვნებადაა წარმოჩენილი... თუმცა , ეს მხოლოდ ავტორის ინტერპრეტაციაა .

     ცოტა რამ ნახატზე: ეს არის ჰოლანდიელი მხატვრის - იან ვერმეერის მიერ ზეთის საღებავით შესრულებული ნახატი. ტილოს მოიხსენიებენ, როგორც "ნიდერლანდელი მონა ლიზა", როგორც ვარაუდობენ სურათი მხატვრის მიერ დახატული უნდა იყოს 1665 წელს.  უცნობია იგი მხატვარმა შეკვეთით დახატა თუ არა, ვინ იყო მისი შემკვეთი... ერთი ვერსიის თანახმად , ტილოზე გამოსახული გოგონა თავად მხატვრის ქალიშვილი - მარიაა.

     თუ გინდათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში თქვენს თვალწინ გაცოცხლდეს , ეს წიგნი უდაოდ უნდა წაიკითხოთ.



Saturday, January 4, 2025

აირის მერდოკი - "შავი პრინცი" Iris Murdoch - "The Black Prince"

 


       ეს რომანი არის პირველ პირში დაწერილი. რომანის მთავარი გმირია - ორმოცდათვრამეტი წლის წარუმატებელი ხელოვანი ბრედლი პირსონი, რომელიც მთელი რომანის მანძილზე საკუთარი თავის ძიებაშია. იგი ვერ ახერხებს კარგი წიგნის დაწერას.  წინ გამუდმებით რაღაც ეღობება, რაღაც აბრკოლებს... ასეთი პრობლემები თან სდევს ბრედლის მთელი რომანის მანძილზე. მას პრობლემები აქვს თითქმის ყველა მის გარშემომყოფ ადამიანთან, იქნებიან ესენი მისი მეგობრები , ნათესავები თუ ოჯახის წევრები. ბრედლის დაკარგული აქვს რეალობის აღქმის უნარი, მას არ გააჩნია ფანტაზია. ის ვერ ახერხებს ორი მნიშვნელოვანი ცნების განმარტებასა და ერთმანეთისგან მათ გამიჯვნას: ესაა კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. მისთვის თითქოს ყველაფერი ერთნაირია. მას არ სჯერა სიყვარულის , მისი არსებობის...


      სიყვარული ამ რომანში , ისევე როგორც მერდოკის სხვა წიგნებშიც  , აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა "შავი პრინცში" ამ თემის განხილვას, ამას უფრო დიდი დრო ეთმობა ავტორის მხრიდან.  ბრედლი პირსონს უყვარდება მასზე ბევრად პატარა, ოცი წლის ჯულიან ბაფინი, მისი მეტოქისა და მეგობრის , არნოლდ ბაფინის ქალიშვილი.  მათი სიყვარული ყველასთვის მიუღებელია... მიუღებელია თვითონ ბრედლისთვისაც, თუმცა ამას არ აღიარებს. გამომცემელი რომანის წინასიტყვაობაში წერს , რომ "ყველა ხელოვანი უიღბლო შეყვარებულია და უიმედოდ შეყვარებულებს სურთ თავიანთი ამბის დაწერა". 

     საფინალო ნაწილში კი მწერალი გვთავაზობს 4 განსხვავებული პერსონაჟის მიერ დანახულ მთავარი გმირის ისტორიას, რითიც იმის თქმას ცდილობს, რომ ნებისმიერი ამბავი სამყაროში არ არის აბსოლუტური, რომ ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს და ყველა თავისებურად, განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე ისტორიას. ბრედლი პირსონი კი საბოლოოდ ნამდვილად ახერხებს შავ პრინცად გარდაქმნას და ის ნამდვილად ქმნის გენიალურ რომანს ამ წიგნის სახით. 



სამახსოვრო ფრაზები: 
     

  • ყველაფერი რაც ღირებულია - იდუმალია.
  • ხელოვნება მთლიანად აბსურდზეა  დამყარებული,მაგრამ სიმარტივისკენ მიისწრაფვის.
  • საიდუმლო ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი გვეჩვენება , ვიდრე სინამდვილეშია.
  • ღირებული აზრები დუმილის დროს იბადება.
  • ცნობისმოყვარეობა გულმოწყალების სახეობაა.
  • ხელოვანთა უმრავლესობა ნაკლებად აინტერესებს თავისი თანამედროვეები. ისინი, ვინც თანამედროვეებს ეთაყვანება , გუშინდელ დღეს მიეკუთვნებიან.
  • რა მახინჯია სინამდვილი,როცა არაფრითაა შენიღბული.
  • რაც უფრო ვუღრმავდებით წარსულს, მით უფრო ბნელად წარმოგვიდგება ის.
  • ზოგჯერ ურჩხული უნდა გახდე , რათა თავი გადაირჩინო.
  • უღრუბლო ბედნიერება თავისთავად შიშის მომგვრელია.
  • შეუძლებელია,მკვდრები გვიყვარდეს.ჩვენ გვიყვარს აჩრდილი, რომელიც ფარულად გვანუგეშებს.
  • ლოდინის დრო თვითშთანთქმადია.ყოველი წუთი, ყოველი წამი უძირო უფსკრულია.ამიტომ ყოველი წამი შეიძლება იმ ერთადერთ წამად იქცეს, როცა მოხდება ის რაზეც ოცნებობ.


Sunday, November 17, 2024

პოლ ოსტერი - "მისნის ღამე"

 


       "მისნის ღამეში" ამბავი ისეა მოყოლილი , სხვაგან რომ არასად არ წამიკითხავს. ყველაზე მეტად , ვფიქრობ , ესაა დასაფასებელი მწერალში. 

        სიუჟეტი კი ასეთია : სიდნი ორი მწერალია, რომელიც ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობს. წერს წიგნს, რომლის შინაარსაც ავტორი მთავარი ამბის პარალელურად გვიყვება. თავის მხრივ სიდნის გმირი  - ნიკი წიგნს კითხულობს, რასაც შენ გაკითხებს. სიდნი შემდეგ დაიწყებს სცენარის წერასაც - ესეც მოთხრობილი მეოთხე ამბავი. ამას ემატება ისიც , რომ მთავარი ამბის წინაისტორიები თუ გაინტერესებს  ქვემოთ, შენიშვნების სახით შეგიძლია წაიკითხო. ფაქტობრივად , დამატებითი დეტალები ცალკეა გატანილი  და მას , ვისაც ტექსტიდან გადახვევები და მანამდე განვითარებული ამბების კითხვა არ უყვარს, შეუძლია გამოტოვოს ისე, რომ მთავარი სიუჟეტიდან თითქმის არაფერი დააკლდეს.

"რეალური ძალა აქვს სიტყვებსაც, რომელსაც ვწერ და რომელსაც წარმოვთქვამთ. ყველაფერი რაც ადამიანს უკავშირდება, რეალურია და მატერიალიზების ძალა გააჩნია.ხანდახან მოვლენები აღსაქმელად იქამდე გვეძლევა, ვიდრე ისინი რეალურად მოხდება.ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, მაგრამ მომავალი ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენშია." 

     სინამდვილეში სიდნისაც იგივე დაემართა , რაც მის გმირს, ისიც მოულოდნელად გადაურჩა სიკვდილს და რეალური ცხოვრებისგან გაცლა არჩია. მერე საცავში ჩაიკეტა. სიდნის ცხოვრებაც იქ გაიჭედა. ვერ მოიფიქრა ნიკი ამ საცავიდან როგორ გაეყვანა, მერე ისიც ვერ გაიგო თუ როგორ გამოსულიყო ცოლთან ურთიერთობის ჩიხიდან. ცოლი ყველაზე მეტად უყვარს. ეს ის გოგოა "დედამიწის ზურგზე ყველაზე შეუფერებელ ადგილას" რომ შეუყვარდა, ლაპარაკის უნარი რომ დაკარგა და გრეისი თავის ცხოვრებაში რომ შეუშვა.  


     პოლ ოსტერის "მისნის ღამისმაგვარ" წიგნებს სასიამოვნოდ საკითხავეებს ვუწოდებ. აი ისეთებს, რომ კითხულობ და კმაყოფილი ხარ , "მკითხველი" რომ გქვია... 



Thursday, November 7, 2024

ბოჰუმილ ჰრაბალი - "მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ"

 


         ბოჰუმილ ჰრაბალის რიგით მეორე წიგნი , რომელიც წავიკითხე და მოვიხიბლე. ამბის მთხრობელი 22 წლის მორიგე მილოჰ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ მილოვიცეში ცხოვრობს და რკინიგზის სადგურზე პრაქტიკას გადის. 1945 წელია და სამყარო ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენისთვის ემზადება. თუმცა , მილოჰ ჰრმას თავისი გასაჭირი აქვს. ის შეყვარებულია... მას თავისივე თანამშრომელი, მატარებლის გამცილებელი, მაშა უყვარს და ამ სიყვარულს კიდევ ერთი გასაჭირი ემატება, რომელსაც სამედიცინო ენაზე ejaculatio precox ჰქვია. ეს "გასაჭირი" მილოშის ცხოვრებაში საკმაოდ დიდ დაღს დატოვებს და ერთ-ერთ ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას მიაღებინებს და ვენებს გადაიჭრის. მაგრამ სიკვდილს მილოშისთვის არ სცალია... მას ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. 

      წიგნში , რათქმაუნდა მხოლოდ მილოშის პრობლემას არ ვხვდებით. პრობლემები აქვთ ყველას : სადგურის უფროსს, ტელეგრაფისტს, მთავარ მორიგეს და ა.შ. ამიტომ პირადი ტრაგედიები  ქვეყანაში გამეფებულ ტრაგედიებს ებრძვის და ეს მცირე ზომის წიგნი ძალიან ბევრ ომს იტევს : პირადი გრძნობების ომებს და მსოფლიოში გამეფებულ ომებს. 

      მილოშ ჰრმა ჰრაბალის გმირებისთვის დამახასიათებელი სტილით გვიამბობს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ისტორიის ბობოქარ პერიოდში ადამიანი საკუთარ განსაცდელსაა შეჭიდებული. არც ამ წიგნში გვაკლია  მისი დამახასიათებელი სევდა... იუმორით გაჯერებული სევდა... თუ არ იცით იუმორით გაჯერებული სევდა რას ნიშნავს, მაშინ ჰრაბალის წიგნები ნამდვილად უნდა წაიკითხოთ. იშვიათად შეხვდებით მწერალს, რომელსაც შეუძლია ასეთი მსუბუქი იუმორით მოყვეს უდიდესი ტრაგედია... 




Saturday, October 26, 2024

ნიკოს კაზანძაკისი - "ალექსის ზორბასის ცხოვრება"

 


        გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ღირებული წიგნი ბევრი არ წამიკითხავს. წიგნი, რომელიც იმდენს გასწავლის, რაც შესაძლოა ათობით ერთად აღებულმა წიგნმა არ მოგცეს.

       ამ წიგნმა  საბერძნეთში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს იყო განპირობებული იმით, რომ წიგნში აქცენტი გაკეთებულია ცხოვრების სიყვარულზე, ამქვეყნიური არსებობის განდიდებაზე და ქრისტიანი ბერების მკრეხელურ მოღვაწეობაზე იმ პერიოდის საბერძნეთში.

       თავად პერსონაჟი - ალექსის ზორბასი, არის ერთი, არცთუ დიდი განათლებით გამორჩეული პიროვნება, რომელსაც ბევრი უნახავს, გამოუცდია და გადაუწყვეტია საკუთარი ცხოვრება განვლოს ისე , რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს დღევანდელი დღიდან. მისთვის სამყარო თავად არის სამოთხე, სადაც ყოველი დღე სასწაულია და ახალი აღმოჩენებით არის სავსე. ზორბასი არ უშინდება არცერთ მარცხს, რადგან მარცხიც გამარჯვებად მიაჩნია. მისთვის ეს მხოლოდ ცხოვრების განუყოფელი, ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც ცეკვითა და სიხარულით ეგებება. 


       სიუჟეტი კი ასე ვითარდება : მთავარი გმირი , რომლის სახელიც უცნობი რჩება, თავისი ცხოვრების ძირეულ შეცვლას გადაწყვეტს , კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს იქირავებს და ნახშირის მოსაპოვებლად გაემგზავრება. გზაში ის მაკედონელ - ალექსის ზორბასს გაიცნობს და მასთან ერთად სამუშაოდ გაემგზავრება, რაც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ცხოვრების ნამდვილ არსს დაანახვებს და ბევრი რამის ახლებურად გაანალიზებას ასწავლის. 

      წიგნის ორივე გმირისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის - თავისუფლება, თუმცა ორივე თავისუფლებას სხვადასხვაგვარად აღიქვამს... 

      დიდი რეკომენდაციით გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი. ვფიქრობ, ცხოვრების რთული პერიოდის დროს, ზორბასის ხედვები და სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება დიდ ძალას მოგცემთ იმისთვის, რომ ცხოვრებას მარტივად შეხედოთ და დაბრკოლებები უმტკივნეულოდ გადაიტანოთ.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • საყვარელ ადამიანებთან განშორების პროცესის გაჭიანურება ძალიან მწარეა...ჯობია ეგრევე მოიკვეთო და კვლავ ადამიანის ბუნებრივ გარემოში - მარტოობაში - დარჩე.
  • ველური რამ არის ახალგაზრდობა, არაადამიანური, რადგან ბევრ რამეს ვერ ხვდება.
  • რელიგია ხალხის ოპიუმია.
  • ყველა სოფელს თავისი გიჟი ჰყავს.თუ არ ჰყავს,ქმნის, რომ გაერთოს.
  • მარადიული კანონების დაჩქარება მომაკვდინებელი ცოდვაა. მოვალე ხარ,უკვდავ რიტმს ნდობით მისდიო.
  • ბევრი ადამიანი რაღაცის საფასურად არის პატრიოტი.
  • თითოეული ადამიანი თავისებურად აფრენს, მაგრამ ყველაზე დიდი სიგიჟე , ასე მგონია, ის არის, რომ გიჟი არ იყო.
  • სამყარო ჩვენ რომ გვგონია, იმაზე გაცილებით დიდია. თითქოს გამუდმებით ვმოგზაურობთ, სინამდვილეშ კი ჩვენი სახლის ზღურბლისთვის არ გადაგვიბიჯებია.
  • როგორ უნდა გათავისუფლდე ეშმაკისაგან ,თუკი სანახევროდ მაინც არ გაეშმაკდი?!
  • როცა ყველაფერი უკუღმა მიგდის, უნდა გიხაროდეს,რადგან ამ დროს შეგიძლია გამოსცადო,აქვს თუ არა შენს სულს სიმტკიცე და ღირსება.

Thursday, October 10, 2024

გილიან ფლინი - "გაუჩინარებული ქალი" Gillian Flynn - "Gone Girl"

 


          ეს ის წიგნია , რომელიც პირადად მე ძალიან მიყვარს.  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ წიგნი საოცრად საინტერესოა, მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ხარ და გაფაციცებით ადევნებ თვალს წინადადებებს, რომ გაიგო, როგორ გავითარდება მოვლენები... კითხვის დროს თავიდან ბოლომდე გადაშვებული ვიყავი მასში და მინდოდა , მთელი ინფორმაცია მალევე შეესრუტა ჩემს გონებას. 

       წიგნის სიუჟეტი კი ასეთია: ნიკ დანი , ერთ დღეს ბრუნდება სახლში და აცნობიერებს , რომ მისი მეუღლე - ემი, გაუჩინარდა. აი, ასე მარტივად - გაქრა... ქალი, რომელიც ცნობილი მწერლების ნებიერა შვილი იყო... გამომძიებლები  ცდილობენ, გაუჩინარების მიზეზები ამოხსნან. მალევე ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. ყველა სამხილი ამას მიუთითებს. იწყება კიდევ უფრო სიღრმისეული გამოძიება, თუმცა ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და ფერმკრთალდება...


      ეს წიგნი არის დუელი - ორი ხასიათისა და ორი გონების დაპირისპირება, რომელთაგან ვერც ერთზე იტყვი - მთლიანად თეთრი ან შავიაო. ემოციური მწვერვალი, რომელიც თხრობა ახლავს თან, ბოლო წუთამდე ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ და როცა უკანასკნელ გვერდს გადაფურცლავთ, მიხვდებით, რომ ეს წიგნი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დეტექტივი. 

     მიუხედავად ბევრი ცუდისა თუ კარგისა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავარი გმირი - ემი , არის ძლიერი ქალის სახე... ის სჩადის საშინელებებს, მაგრამ აგრესიით მაინც ვერ განეწყობი მის მიმართ, იმიტომ რომ საქმე გვაქვს უჭკვიანეს და უძლიერეს ქალთან, რომელსაც შეუძლია ნებისმიერის სიცოცხლე გაანადუროს, თუნდაც ეს იყოს მისი უახლოესი ადამიანი - ქმარი...