Thursday, November 7, 2024

ბოჰუმილ ჰრაბალი - "მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ"

 


         ბოჰუმილ ჰრაბალის რიგით მეორე წიგნი , რომელიც წავიკითხე და მოვიხიბლე. ამბის მთხრობელი 22 წლის მორიგე მილოჰ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ მილოვიცეში ცხოვრობს და რკინიგზის სადგურზე პრაქტიკას გადის. 1945 წელია და სამყარო ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენისთვის ემზადება. თუმცა , მილოჰ ჰრმას თავისი გასაჭირი აქვს. ის შეყვარებულია... მას თავისივე თანამშრომელი, მატარებლის გამცილებელი, მაშა უყვარს და ამ სიყვარულს კიდევ ერთი გასაჭირი ემატება, რომელსაც სამედიცინო ენაზე ejaculatio precox ჰქვია. ეს "გასაჭირი" მილოშის ცხოვრებაში საკმაოდ დიდ დაღს დატოვებს და ერთ-ერთ ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას მიაღებინებს და ვენებს გადაიჭრის. მაგრამ სიკვდილს მილოშისთვის არ სცალია... მას ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. 

      წიგნში , რათქმაუნდა მხოლოდ მილოშის პრობლემას არ ვხვდებით. პრობლემები აქვთ ყველას : სადგურის უფროსს, ტელეგრაფისტს, მთავარ მორიგეს და ა.შ. ამიტომ პირადი ტრაგედიები  ქვეყანაში გამეფებულ ტრაგედიებს ებრძვის და ეს მცირე ზომის წიგნი ძალიან ბევრ ომს იტევს : პირადი გრძნობების ომებს და მსოფლიოში გამეფებულ ომებს. 

      მილოშ ჰრმა ჰრაბალის გმირებისთვის დამახასიათებელი სტილით გვიამბობს თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ისტორიის ბობოქარ პერიოდში ადამიანი საკუთარ განსაცდელსაა შეჭიდებული. არც ამ წიგნში გვაკლია  მისი დამახასიათებელი სევდა... იუმორით გაჯერებული სევდა... თუ არ იცით იუმორით გაჯერებული სევდა რას ნიშნავს, მაშინ ჰრაბალის წიგნები ნამდვილად უნდა წაიკითხოთ. იშვიათად შეხვდებით მწერალს, რომელსაც შეუძლია ასეთი მსუბუქი იუმორით მოყვეს უდიდესი ტრაგედია... 




No comments:

Post a Comment