Wednesday, December 18, 2019

ჩაკ პალანიკი - "მებრძოლთა კლუბი" Chuck Palahniuk - "Fight Club"


        ეს წიგნიც და წიგნის ეკრანიზაციაც,რომელიც ერთი ერთში მიჰყვება ნაწარმოებს,იმ ადამიანების შესახებ ჰყვება, ვინც საკუთარი თავი ვერ წარმოაჩინა და აგრესია ან სხვებზე გადაიტანა ან საკუთარი თავისკენ მიმართა.

       ყველაფერი უძილობით იწყება, მერე კიბოთი დაავადებულთა გამამხნევებელ ჯგუფში, ამას პიროვნების გაორება მოჰყვა და ტაილერ დერდენიც გამოჰყვა . მან თავის მხრივ "მებრძოლთა კლუბის" იდეა მოიტანა.  კლუბში შეკრებილები ერთმანეთს კი არა , ყველა იმ პრობლემას ურტყამენ, რაც ცხოვრებაში ნერვებს უშლით, ქიმწმენდაში გაფუჭებული ტანსაცმლიდან დაწყებული და ბანკის ვალებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა,რომ "მებრძოლთა კლუბის" შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება პირველივე წესით იკრძალება, ამბავი სწრაფად ვრცელდება და კლუბის წევრების რიცხვიც მნიშვნელოვნად იზრდება.

       ჩაკ პალანიკი ამბობს, რომ ყველაზე განათლებული ადამიანიც კი ვერ მოიფიქრებს ისეთ რაღაცას,რაც სხვას უკვე არ გაეკეთებინოს. აგრესიისგან გასათავისუფლებლად, ალბათ, ადამიანებს ამ მიზეზით ერთმანეთი მართლა უცემიათ, მსოფლიოს ჯავრი ერთმანეთზე ამოუყრიათ. ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია, იმაზე ვფიქრობ როგორ გროვდება აგრესია ადამიანში, რა გავლენას ახდენს მასზე ყოველდღიური სტრესი და სადამდე შეიძლება ამან ადამიანი მიიყვანოს.

   სამახსოვრო ფრაზები :
  • ყველაფერს,რითაც ამაყობ - დაივიწყებენ.
  • ერთი იდეალური წუთისთვის ბევრი უნდა იშრომო.
  • სრულყოფილება მხოლოდ ერთ წუთს გრძელდება.
  • ყველა ვინც გიყვარს, ოდესმე ზურგს გაქცევს ან მოკვდება.
  • სულელი ვარ. ყოველთვის რაღაც მინდა და მჭირდება.
  • მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ხდები სრულიად თავისუფალი,შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა.
  • ყველაფერი არაფრად მეჩვენება.
  • მე მხოლოდ პაიკი ვარ,მთელი მსოფლიოს ნაგავი.

Tuesday, December 10, 2019

რ.ჯ. პალაციო - "საოცრება" R.J. Palacio - "The Wonder"


         მითხარით, მოულოდნელად ქუჩაში რომ შეგხვედროდათ პატარა, 11 წლის ბიჭი, გრძელი შავი თმებით, დიდი ზომის ცხვირით, არა სიმეტრიულად განლაგებული თვალებით,უცნაური ფორმის პირით და შეწეული ყურებით, რას იზამდით? გაიქცეოდით? დაიკივლებდით? იტირებდით? მეტყველების უნარს დაკარგავდით? დასცინებდით? თუ გაუღიმებდით და თბილი მზერით შეხედავდით?  ეს აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ და წინასწარ მოემზადოთ, რადგან წიგნის კითხვის დროს, მოგიწევთ რომ სწორედ ასეთ ბიჭს - ავგუსტუს პულმანს პირისპირ შეხვდეთ. ბიჭს, დეფორმირებული სახით , მაგრამ კეთილი გულით.


       უცნაურსახიან ბიჭზე თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიყვებიან მისი და - ოლივია , შემდეგ მისი მეგობრები - ჯეკი და ჯუნი. ყველას თავისებურად უყვარს ეს საოცრება ბიჭი, თავისებურად ზრუნავს და თავისებურად უვლიან მას.

      ავგუსტუსს წარმოდგენა არა აქვს , როგორია ის სხვისი თვალით დანახული, მაგრამ სამაგიეროდ იცის, რომ ის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბავშვია შინაგანად... მერე რა , თუ უამრავი ოპერაცია გადაიტანა ...

     ზოგადად, არ მიყვარს, როდესაც ვინმეს ვავალდებულებ რა წაიკითხოს, მაგრამ ამ შემთხვევაში - ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ!!!  ეს წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები იმაზე მეტი სიკეთის გამოჩენას , ვიდრე საჭიროა. კითხვისას თქვენც ისეთივე შეგრძნება დაგეუფლებათ, როგორც მე.  ეს არის ცვლილების შეგრძნება. ეს არის სიკეთე , რომელიც ამ უბრალო, შავად ნაბეჭდი სიტყვებით დაწერილმა ფურცლებმა გადმომცეს. უკვე ვიცი , რომ უკეთესად ვიცხოვრებ , ადამიანებს უფრო მეტად დავეხმარები,  გავიღიმებ და სიკეთეს ავირჩევ.  მე ვირჩევ სიკეთეს ... თქვენ?!


    

Tuesday, December 3, 2019

ჯოჯო მოიესი - "მე, შენამდე" Jojo Moyes - "Me before you"


        რომანი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი გოგონას -  ლუიზა კლარკის და ახალგაზრდა ბიზნესმენის -  უილ ტრეინორის ამბავს.უილ ტრეინორი შემთხვევით აღმოჩნდება ავტოსაგზაო შეჯახების მსხვერპლი და ის კვადრიპლეგიის ურთულესი ფორმით დაავადდება,რომლის წინაშე მედიცინაც კი უძლურია. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ცხოვრების ყოველგვარი სიამე იგემა და გამოსცადა ყველაზე ბედნიერი მომენტები, ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე მსგავს ყოფაში - იჯდეს ეტლში და უმოძრაოდ მყოფი უცქერდეს სამყაროს ბრუნვას.სწორედ ამის გამო, მან გადაწყვიტა თვითმკვლელობა და ოჯახს მისცა 6 თვის ვადა, რათა ამ დროის მანძილზე შეძლონ მასთან ყოფნა და თან გამომშვიდობება.

         ლუიზა კლარკი მისი მომვლელი ხდება. ბავშვური, ჭრელა-ჭრულა ფერების და ბზიკების მოყვარული გოგონა ნელ-ნელა იცვლება, მიზანი უჩნდება და ხვდება ,რომ უფრო მნიშვნელოვანი რამეებია სადარდებელი ცხოვრებაში , ვიდრე მისი შეყვარებულის აკვიატებული ფიქრები ჯანმრთელი ცხოვრების წესის შედეგად ცხიმგამომშრალი და უდრეკი კუნთების დაყენების შესახებ.


         საბოლოოდ მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ , თუმცა happy end ის მოლოდინში , აბსოლუტური სინანული, უამრავი შეკითხვა და გულწრფელი ცრემლები მომყვა...ვერ გავერკვიე , იყო თუ არა უილის გადაწყვეტილება სამართლიანი...ყველაზე მძაფრად ბოლო ნაწილი განვიცადე კითხვისას, თუ როგორ იღებს, დაღლილი , ნატანჯი და ფარხმალდაყრილი ადამიანი ევთანაზიას - ანუ, უმტკივნეულო და მშვიდი სიკვდილის არჩევანს...

         ასეთი ისტორიები , ზოგჯერ მგონია , რომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება, თუმცა არის მასშიც ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან სამყარო ყოველდღიური უცნაურობების და არაერთგვაროვნების კომპლექტია და რომ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად იქცეს ჩვენს ცხოვრებაში...


Sunday, December 1, 2019

ჯეინ ოსტინი - "მენსფილდ პარკი" Jane Austen - "Mansfield Park"

    
        წიგნი მოგვითხრობს ისტორიას ფანი პრაისის შესახებ, თუ როგორ აშვილებენ მას 10 წლის ასაკში და გზავნიან მდიდარ ბიძიასა და დეიდასთან. ფანი მეორე ბავშვია ატ დედმამიშვილს შორის.მის მშობლებს უჭირდათ ამდენი ბავშვის გაზრდა, ამიტომაც ბიძიისა და დეიდის მხრიდან ეს ერთგვარი ქველმოქმდებაც კი იყო. ფანის მუდამ ახსენებენ,რომ მდიდარ ბიძაშვილებთან შედარებით, ის დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელია.

       ფანი სრულიად განსხვავებულია ოსტინის აქტიური, მომხიბლავი და ენერგიული პერსონაჟებისგან. მისი ცხოვრებისეული ხედვა, სიმშვიდე და პასიურობა მას ყველასგან გამოარჩევს. ეს სიმორცხვე მას საშუალებას არ აძლევს გახდეს დანარჩენებივით აქტიური. ამიტომაც ის უფრო მოწყენილი და დეპრესიული გვეჩვენება. ფანის ხშირად უსამართლოდ ექცევიან. იგი ყველას თვალში ერთი უწყინარი ,მოკრძალებული და მოსაწყენი გოგოა. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად უფრო მომხიბლავი ხდება . მიუხედავად იმისა, რომ ფანი მუდმივად გაურბის საზოგადოებაში გამოჩენას და აქტიურობას, ის ხალხის მეხსიერებაში მაინც რჩება.


       ფანი არ ურთიერთობს გარემოსთან.იგი მხოლოდ უყურებს და უსმენს იმას , რაც მის ირგვლივ ხდება.ეს თითქოს იგივეა,რაც ტელევიზორში რაიმე შოუს ყურება. ის შესაძლოა ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანადაც კი მიიჩნიოს მკითხველმა, რადგან ის ზის და აფასებს სხვა ადამიანებს,თავად კი არაფერს არ აკეთებს.

      "მენსფილდ პარკი" ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო რომანია. საზოგადოება, რომელშიც ის იმყოფება, ერთგვარ ზეგავლენას ახდენს იმაზე, რომ ადამიანები ვერ ავლენენ საკუთარ ინდივიდუალობას . თანამედროვე საზოგადოებაში კი არავის არ მოსწონს მსხვერპლი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათუბრალოდ არ შესწევთ ძალა თავი დააღწიონ საკუთარ ტანჯვას და მსხვერპლის როლში ყოფნას.