Tuesday, December 10, 2019

რ.ჯ. პალაციო - "საოცრება" R.J. Palacio - "The Wonder"


         მითხარით, მოულოდნელად ქუჩაში რომ შეგხვედროდათ პატარა, 11 წლის ბიჭი, გრძელი შავი თმებით, დიდი ზომის ცხვირით, არა სიმეტრიულად განლაგებული თვალებით,უცნაური ფორმის პირით და შეწეული ყურებით, რას იზამდით? გაიქცეოდით? დაიკივლებდით? იტირებდით? მეტყველების უნარს დაკარგავდით? დასცინებდით? თუ გაუღიმებდით და თბილი მზერით შეხედავდით?  ეს აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ და წინასწარ მოემზადოთ, რადგან წიგნის კითხვის დროს, მოგიწევთ რომ სწორედ ასეთ ბიჭს - ავგუსტუს პულმანს პირისპირ შეხვდეთ. ბიჭს, დეფორმირებული სახით , მაგრამ კეთილი გულით.


       უცნაურსახიან ბიჭზე თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიყვებიან მისი და - ოლივია , შემდეგ მისი მეგობრები - ჯეკი და ჯუნი. ყველას თავისებურად უყვარს ეს საოცრება ბიჭი, თავისებურად ზრუნავს და თავისებურად უვლიან მას.

      ავგუსტუსს წარმოდგენა არა აქვს , როგორია ის სხვისი თვალით დანახული, მაგრამ სამაგიეროდ იცის, რომ ის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბავშვია შინაგანად... მერე რა , თუ უამრავი ოპერაცია გადაიტანა ...

     ზოგადად, არ მიყვარს, როდესაც ვინმეს ვავალდებულებ რა წაიკითხოს, მაგრამ ამ შემთხვევაში - ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ!!!  ეს წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები იმაზე მეტი სიკეთის გამოჩენას , ვიდრე საჭიროა. კითხვისას თქვენც ისეთივე შეგრძნება დაგეუფლებათ, როგორც მე.  ეს არის ცვლილების შეგრძნება. ეს არის სიკეთე , რომელიც ამ უბრალო, შავად ნაბეჭდი სიტყვებით დაწერილმა ფურცლებმა გადმომცეს. უკვე ვიცი , რომ უკეთესად ვიცხოვრებ , ადამიანებს უფრო მეტად დავეხმარები,  გავიღიმებ და სიკეთეს ავირჩევ.  მე ვირჩევ სიკეთეს ... თქვენ?!


    

No comments:

Post a Comment