Tuesday, December 3, 2019

ჯოჯო მოიესი - "მე, შენამდე" Jojo Moyes - "Me before you"


        რომანი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი გოგონას -  ლუიზა კლარკის და ახალგაზრდა ბიზნესმენის -  უილ ტრეინორის ამბავს.უილ ტრეინორი შემთხვევით აღმოჩნდება ავტოსაგზაო შეჯახების მსხვერპლი და ის კვადრიპლეგიის ურთულესი ფორმით დაავადდება,რომლის წინაშე მედიცინაც კი უძლურია. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ცხოვრების ყოველგვარი სიამე იგემა და გამოსცადა ყველაზე ბედნიერი მომენტები, ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე მსგავს ყოფაში - იჯდეს ეტლში და უმოძრაოდ მყოფი უცქერდეს სამყაროს ბრუნვას.სწორედ ამის გამო, მან გადაწყვიტა თვითმკვლელობა და ოჯახს მისცა 6 თვის ვადა, რათა ამ დროის მანძილზე შეძლონ მასთან ყოფნა და თან გამომშვიდობება.

         ლუიზა კლარკი მისი მომვლელი ხდება. ბავშვური, ჭრელა-ჭრულა ფერების და ბზიკების მოყვარული გოგონა ნელ-ნელა იცვლება, მიზანი უჩნდება და ხვდება ,რომ უფრო მნიშვნელოვანი რამეებია სადარდებელი ცხოვრებაში , ვიდრე მისი შეყვარებულის აკვიატებული ფიქრები ჯანმრთელი ცხოვრების წესის შედეგად ცხიმგამომშრალი და უდრეკი კუნთების დაყენების შესახებ.


         საბოლოოდ მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ , თუმცა happy end ის მოლოდინში , აბსოლუტური სინანული, უამრავი შეკითხვა და გულწრფელი ცრემლები მომყვა...ვერ გავერკვიე , იყო თუ არა უილის გადაწყვეტილება სამართლიანი...ყველაზე მძაფრად ბოლო ნაწილი განვიცადე კითხვისას, თუ როგორ იღებს, დაღლილი , ნატანჯი და ფარხმალდაყრილი ადამიანი ევთანაზიას - ანუ, უმტკივნეულო და მშვიდი სიკვდილის არჩევანს...

         ასეთი ისტორიები , ზოგჯერ მგონია , რომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება, თუმცა არის მასშიც ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან სამყარო ყოველდღიური უცნაურობების და არაერთგვაროვნების კომპლექტია და რომ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად იქცეს ჩვენს ცხოვრებაში...


No comments:

Post a Comment