Thursday, January 21, 2021

ემა დონაჰიუ - "ოთახი" Emma Donoghue - "Room"


        "ოთახის" შესახებ  პატარა ჯეკი მოგვითხრობს , რომელიც თავისი დაბადებიდან 5 წელს აღნიშნავს. ჯეკს, დედის გარდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ ჰქონია. დედამისი 19 წლის ასაკში ბებერმა ნიკმა გაიტაცა და ხმაგაუმტარ ფარდულში გამოკეტა, კარს კი დამცავი კოდი დაუყენა. კაცი მას ფიზიკურად უსწორდებოდა და აუპატიურებდა გაქცევის მცდელობისას. გატაცებიდან ერთ წელიწადში მას ჯეკი ეყოლა.

         ჯეკის ოთახი მისთვის მთელი სამყაროა. გარე სამყაროსთან რაც აკავშირებთ ეს მხოლოდ ტელევიზორია,თუ არ ჩავთვლით ხანდახან შემოსულ ბებერ ნიკს, რომელსაც საკვები და კვირა დღეს "კვირის საჩუქარი" მოაქვს. ჯეკმა იცის რომ დედა ნამდვილია, წიგნიც ნამდვილია , ხალიჩა, მცენარე, მაგრამ რაც ტელევიზორში ხდება ის ნამდვილი არაა... დედა ჯეკს ლიმიტირებულად აყურებინებს შოუებს და მულტფილმებს, ამავდროულად კი აფრთხილებს , რომ ტელევიზორის დიდხანს ყურება ტვინს აზიანებს.


          შეიძლება ითქვას, რომ ჯეკისთვის ბებერი ნიკიც არარეალურია. ის მხოლოდ ორჯერ ნახავს მას მთელი წიგნის განმავლობაში. დედა ჯეკს შეძლებისდაგვარად ყველაფერს ასწავლის. თუმცა , 11 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი ვერაფრით ვერ ჰყოფნის ბავშვის მისწრაფებებს დაამყაროს კონტაქტი გარესამყაროსთან.კიდევ უფრო რთულია შექმნილი მდგომარეობის ატანა დედისთვის , რომელიც ცხოვრობდა ამ სამყაროში და იცის რაც დაკარგა...

          საბოლოოდ, ისინი შეძლებენ ამ კოშმარს თავი დააღწიონ და დაუბრუნდნენ გარესამყაროს, რომელიც მარტოობაში გატარებული წლების შემდეგ , ტავდაპირველად თავბრუს ახვევს მათ თავისი გადატვირთული თანამედროვეობით.  აქ უკვე იწყება ისტორიის მეორე, კიდევ უფრო საინტერესო და ძალიან მძიმე ნაწილი. წლობით იზოლაციამ ისინი ისეთი "საჩუქრით" დააჯილდოვა , როგორიცაა დეპერსონალიზაცია. შედარებით მარტივია ადაპტაციის პერიოდი ჯეკისთვის.მართალია , შეშინებულია, მაგრამ პირველ რიგში ის ცნობისმოყვარე ბავშვია, რომელიც , შეცნობის პროცესს გვიან გადის.


         "ოთახი" არის ისტორია ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ყველანი ჯეკები ვართ, რაღაც მხრივ...შინაგანი ბავშვი ჩვენს პირად ოთახებში გამოკეტილი... ერთი ერთზე. მოკლედ, "ოთახი" ერთი დიდი სამყაროა წიგნად დაწერილი. ამბავი მშობლებსა და შვილებზე, სიმამაცესა და სადიზმზე...თუ დაინტერესდებით, წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი , რომელიც ზუსტი ანალოგია წიგნის.  დაფიქრდით, იქნებ დროა თქვენც თქვათ :  "ნახვამდის, ოთახო!"



No comments:

Post a Comment