Tuesday, January 26, 2021

სიუ ტაუნსენდი - "ედრიან მოულის საიდუმლო დღიური" Sue Townsend - "The secret diary of Adrian Mole"

 



         ედრიან მოული 13- ნახევარი წლის ბიჭია , როგორც თვითონ ამბობს ნამდვილი ინტელექტუალი. ეს სტატუსი მის ცხოვრებაში მიმდინარე ამბების ერთგვარი ახსნაა. ესაა პასუხი კითხვაზეც, თუ რატომ არ მოსწონს პანკი და რატომ უჩივის ხშირად უგუნებობას.

      "არ მესმის რატომ უნდა მოვუსმინო სიმღერას,თუკი სიტყვებს მაინც ვერ ვიგებ. ნამდვილ ინტელექტუალად ვყალიბდები , ამიტომაც მაქვს ამდენი პრობლემა."

     "ჩვენთვის, ინტელექტუალებისთვის , უგუნებობა ხომ ჩვეულებრივი მდგომარეობაა! სხვებს ჩვენი არ ესმით და უგუნებობას უჟმურობად გვითვლიან ხოლმე." 

 

         სინამდვილეში ედრიანი ერთი ჩვეულებრივი მოზარდია და დიდად არაფრით არ განსხვავდება თავისი თანატოლებისგან, რომლებიც სკოლაში დადიან, მშობლების დაძაბულ ურთიერთობაზე ღელავენ, თინეიჯერობისთვის დამახასიათებელ გამონაყარს განიცდიან, ეპრანჭებიან გოგოებს, რომლებსაც შემდეგ მათი საუკეთესო მეგობრები უყვარდებათ, უხეში თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი ხდებიან და ა.შ.




       ის , რაც ედრიანს სხვებისგან განასხვავებს, მისი დღიურია, რომელიც დაბადების დღეზე აჩუქეს და რომელსაც ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ამბავსა გულწრფელად უყვება. დღიური ერთი წლის ამბებს მოიცავს და სეზონების მიხედვითაა დაყოფილი. 

       როცა ედრიანის დედა და მამა ცალ-ცალკე ცხოვრებას გადაწყვეტენ, ბიჭი ფიქრობს, რომ ეს მამამისის გაუპარსავი წვერისა და ძველმოდური ჩაცმის ბრალია...

       მისი სიყვარული არის - პანდორა. გოგო, რომელიც სანამ ედრიანს შეამჩნევდა , მისი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული გახდა. როგორც ვიცით , ასეთი ამბები ნამდვილი კლასიკაა 14-15 მოზარდების ცხოვრებაში. თუმცა ეს ედრიანს ვერ ანუგეშებს.ის მძიმედ განიცდის "ღალატსაც" და თან გახარებულია , რომ პანდორა საბოლოოდ მასთან აღმოჩნდება. თუმცა სანერვიულო მაინც არ ელევა - შეყვარებულობას თავისი მკაცრი წესები აქვს...    

        


      ედრიანის დღიურში ყოველი დღისთვის განკუთვნილ ფურცელზე საბოლოოდ იმდენი ტკივილი და სევდა იყრის თავს , რომ შეუძლებელია თქვენც არ გაგიჩნდეთ პროტესტის გრძნობა იმ გარემოს მიმართ, რომელიც ასე არაადეკვატურია მისი ღირსების, მისი პირადი ცხოვრების და მისი შინაგანი სამყაროს მიმართ.

      ისე კი არ გვაწყენდა, რომ 13 წლის ედრიან მოულის გაკვეთილები ჩვენც გაგვეთვალისწინებინა მომავლისთვის.



No comments:

Post a Comment