Tuesday, January 5, 2021

ბერნარ ვერბერი - "ჭიანჭველები" Bernard Werber - " Empire of the ants"

 


         წიგნი ეკუთვნის ავტორს,  რომლის შესახებ თითქმის არაფერი არ იცი და გრძნობ როგორ გივლიან უკვე მუცელში ჯერ არგაცნობილი ჭიანჭველები.

          ეს არის ყველაზე უცნაური და ამაღელვებელი - კონკრეტულ წიგნამდე მისვლა. თითქოს გიყვარს  წიგნები, მაგრამ რამდენადაც გიყვარს , იმდენად გიჭირს ზოგჯერ ხელში აღება.  ამავდროულად ყველა წიგნს ეჩვევი ისე ადვილად, როგორც ყოველდღიურ საქმიანობას : დილით ადრე ადგომას , ტანსაცმლის შერჩევას, 5 წუთით აივნის ცივ ფილებზე ჩამოჯდომას ჭიქა ყავით ხელში და ფიქრობ იმაზე, რომ თითქოს ათასწლეულები აკეთებდი ამ ყველაფერს, თუმცა ისეთი დღეებიც გამოერევა ხოლმე, როდესაც მხოლოდ სხვების დღეებით ცხოვრობ - გაჭიანჭველებული ადამიანების თუ გაადამიანურებული ჭიანჭველების ცხოვრებით.



        შეგიძლიათ ასანთის ექვსი ღერით  ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედის აგება? სცადეთ , თუ შეძლებთ ესეიგი თქვენ ყველასნაირად არ ფიქრობთ და შეძლებთ ბერნარ ვერბერს და ჭიანჭველებს გაუგოთ.  წარმოიდგინეთ ჭიანჭველების ცხოვრების შესახებ დაწერილი სქელი წიგნი.  ასეთი დახასიათება არც ისე მიმზიდველად ჟღერს  და ალბათ ძალიან რთულია თანამედროვე მკითხველი დააინტერესოს , მაგრამ რა იქნება თუ აღმოვაჩენთ , რომ სინამდვილეში ჭიანჭველების საზოგადოება ძალიან ჰგავს ადამიანებისას,ხოლო ეს მწერები შესაძლოია ადამიანებზე გონიერები არიან. ამაზე ალბათ არ გიფიქრიათ... არც მე მიფიქრია.აი ბერნარ ვერბერმა კი იფიქრა , ერთი დიდი აკვარიუმი იყიდა , იქ ჭიანჭველები დაასახლა , წლების განმავლობაში დააკვირდა  და ბოლოს " ჭიანჭველებიც" დაწერა.

         წიგნში აღმოვაჩენთ , რომ ჭიანჭველებსაც სცოდნიათ ძალაუფლების სიყვარული , მბრძანებლობის სურვილი. მაგრამ ადამიანებისგან რაღაც მაინც განასხვავებთ - წესრიგის სიყვარული და გადარჩენის უდიდესი სურვილი. სწორედ ესაა ის მექანიზმი , რაზეც მათი იმპერია შენდება.  ამ წიგნში შეგხვდებათ ასევე იდუმალი სარდაფი, სადაც ადამიანები ჩადიან და უკვალოდ უჩინარდებიან.  კიდევ არის :შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია"  ეს ენციკლოპედია შექმნა ადამიანმა,  რომელმაც დაფარული დაინახა.  ადამიანმა , რომელიც ჭიანჭველებს დაელაპარაკა  და მიხვდა რომ ადამიანური ცივილიზაციის ერტადერთი ხსნა - ჭიანჭველების წესრიგის მიბაძვაა.  


 

    

        შეიძლება გაიზარდო , გახდე დიდი და უბრალოდ დააკვირდე , შეისწავლო და აღიარო როგორც სამყაროსგან დაფარული კიდევ ერთი დიდი სიბრძნე - ჭიანჭველად ყოფნის უზენაესი ნება...

No comments:

Post a Comment