Sunday, October 8, 2023

სტივენ კინგი - "შინაური ცხოველების სასაფლაო" Stephen King - "Pet Sematary"

 


         ალბათ , ყველასთვის ცნობილია, რომ სტივენ კინგი საშინელებათა ჟანრის მწერლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. წიგნის დასაწყისში, მან თავად გასცა პასუხი კითხვაზე თუ , რომელია მისი ყველაზე საშიში წიგნი. მან ყველაზე საშიშ წიგნად "შინაური ცხოველების სასაფლაო" დაასახელა. 

        კინგი ფიქრობდა , რომ ამჯერად ყველანაირ ზღვარს გასცდა და ზედმეტად ღრმად შეტოპა, ამიტომაც არ გეგმავდა წიგნის თავის სიცოცხლეში დაბეჭდვას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წიგნი მაინც გამოიცა.

        წიგნი მოგვითხრობს კრიდების ოჯახზე , რომლებიც ჩიკაგოდან მენში გადადიან საცხოვრებლად. ლუის კრიდს ჰყავს ცოლი, ორი შვილი და კატა , სახელად უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც მოფერებით ჩერჩის ეძახიან. ნაწარმოების სახელიდან გამომდინარე, თავიდანვე ვიფიქრე , რომ მთელი წიგნი ამ ერთ კატაზე იქნებოდა და ყოველი მოქმედება მასთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ჩემი მოლოდინები არ გამართლდა... ოჯახი ცხოვრობს ისეთ ადგილას , სადაც მოძრაობენ სატვირთო მანქანები და შინაური ცხოველების სიკვდილიანობაც საკმაოდ ხშირია. მათ სახლთან ახლოს შინაური ცხოველების სასაფლაოა, რომელიც სულაც არ არის ჩვეულებრივი და მასთან ბევრი საზარელი ამბავიც არის დაკავშირებული.


          წერის სტილი ამ წიგნში ძალიან საინტერესო და უჩვეულოა. იმ დროს, როდესაც ყველაფერი კარგადაა და ყველა ბედნიერია, ავტორი უეცრად აჯახებს მკითხველს, რომ ეს საღამო რომელიმე პერსონაჟისთვის უკანასკნელია, ან შესაძლოა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე დღეში ცოცხალი აღარ იყოს. ხშირია ეპიზოდები, როცა პერსონაჟებს რაღაც ესიზმრებათ და ეს გადასვლა , რეალობასა და სიზმარს შორის , იმდენად შეუმჩნეველი და ბუნებრივია, რომ რამდენჯერმე რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთში ამერია კითხვის დროს.

         მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საშინელებათა ჟანრისაა, მასში მაინც არის სახალისო დეტალები, რომლებიც ცოტა ამსუბუქებენ ამ დაძაბულ ფონს. ეს დეტალები ძირითადად ბავშვები არიან. მათი მეტყველება, მოქმედება და რეაქციები , მკითხველს გაღიმებასა და გამხიარულებაში ეხმარება. 

         და ბოლოს , ამ წიგნის მთავარი აზრი , როგორც გავიგე არის ის, რომ ხანდახან უკეთესია არ შეუშინდე რეალობას, თვალი გაუსწორო მას და შეეგუო, რომ "ხანდახან სიკვდილი ჯობს"...



No comments:

Post a Comment