Wednesday, October 18, 2023

ფენი ფლეგი - "შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოპში" Fannie Flagg - "Fried green tomatoes at the Whistle Stop cafe"

 


          ამ წიგნს ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები - ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება. 500 გვერდი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მაინც არ მეყო...სიმშვიდის , უპირობო სიყვარულის და უსაზღვრო სიკეთის გამო შუძლებელია ეს წიგნი არ შეგიყვარდეს.

        ისტორია ვითარდება ტრედგუდების ოჯახის ირგვლივ და ძალიან კარგად აღწერს იმდროინდელი ამერიკის ბნელ მხარეებს. რუთისა და იჯის ურთიერთობა კი ნამდვილი ქალური თანადგომის , ძლიერი მეგობრობისა და სიკეთის მაგალითია.

        კაფე "უისელ სტოპი" წარმოადგენს ქალაქის გულს, ვინაიდან სწორედ მის მახლობლად გადის ქალაქის მთავარი რკინიგზაც და აქ იყრის თავს უამრავი ხალხი, რათა დააგემოვნონ კაფის უგემრიელესი კერძები.


           რუთისა და იჯის ამბავზე არანაკლებ მნიშვნელოვანი - ეველინ ქოუჩის ამბავია. ეველინისთვის ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. ყოველ დილით ათასი რამის გამოგონება უწევდა, რომ რამენაირად დღის ბოლომდე მიეღწია. საკუთარ თავს არწმუნებდა , დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდებაო, სულ ელოდა , რომ რაღაც არაჩვეულებრივ ამბავს გაიგებდა, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. როცა საბოლოოდ გააცნობიერა  რომ არაფერი შეიცვლებოდა, ჩუმმა ისტერიკამ და სასოწარკვეთილებამ მოიცვა. სწორედ მაშინ , როცა მისი ცხოვრება ინტენსიური თერაპიის განყოფილების ნაცრისფერ მოსაცდელს დაემსგავსა, მან მისის ტრედგუდი გაიცნო, რომელმაც ასწავლა რომ "ღმერთი არასდროს ხურავს ერთ კარს,ისე რომ მეორე არ გაგიღოს." 


          როცა დავიღლები და შიგნიდან მსხვრევის ხმა არ ჩერდება, წარმოვიდგენ ,რომ სადმე მივიწყებულ და გადაკარგულ ტყეში ვარ, სადაც ადამიანებზე მეტი ხეები იქნებიან, მიტოვებულ სახლში მშვიდად ვიცხოვრებ ხეებით და მთებით შემოსაზღვრული. ბაღში მწვანე პომიდვრებს მოვიყვან. გავიკეთებ უგემრიელეს ყავას, დარიჩინის ორცხობილებთან ერთად , აივანზე სარწეველა სკამზე ფეხებს გადავაჯვარედინებ, გემრიელად შევექცევი და სიჩუმეს მოვუსმენ...


  



  სამახსოვრო ფრაზები : 

  • საოცარია, როცა ბავშვი ხარ, გგონია, დრო არასდროს გავა.
  • როდესაც სახლიდან ხარ წასული, უცნაური რაღაცეები შეიძლება მოგენატროს.
  • ღარიბების უმეტესობა კარგი ხალხია, ძუნწების გარდა, მაგრამ ძუნწებს სიმდიდრეც კი არ უშველის.
  • შეიძლება გული გაგიტყდეს , მაგრამ ის მაინც აგრძელებდეს ცემას.
  • დედამიწაზე არიან არაჩვეულებრივი არსებები, რომლებიც ადამიანებად გვაჩვენებენ თავს.
  • მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოიყურები,ყოველთვის არსებობს ადამიანი , რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მოეჩვენები.
  • კაცს ისე ვერ გაიცნობ , თუ მასთან ერთად არ იცხოვრებ.
  • ვისაც ყველაზე მეტად სტკივა, ყოველთვის ყველაზე ცოტას ლაპარაკობს.

No comments:

Post a Comment