Saturday, September 16, 2023

თემურ ბაბლუანი - "მზე , მთვარე და პურის ყანა"

 



             ერთ-ერთი უმძიმესი წიგნია, რაც წამიკითხავს. დავიწვი მთავარი გმირის საცოდაობით და უბედურებით...ეს არის ერთი ბიჭის ძალიან სევდიანი, რთული , ფათერაკებით სავსე ცხოვრების ისტორია.

            მოქმედება ხდება 60-70 იანი წლების საქართველოში, რომელიც ასე მტკივნეულ ჭრილობად დაგვრჩა ყველას. განადგურებული საქართველო, სადაც შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ, სადაც კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, სადაც უკიდურესი სიღარიბე სუფევს,  სადაც თავს დაცულად ვერ გრძნობ, რადგან პროკურატურისთვის მხოლოდ ისაა მთავარი, საქმე გახსნილად გამოაცხადოს და "რეალური დამნაშავე" გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს... კიდევ უფრო რთულია, ნახევარი სიცოცხლე სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში და იმ ციხეშც შეიძლება ვიღაცამ სიცოცხლეს გამოგასალმოს, თვალში რომ არ მოუხვდე ... 

          ამ ყველაფერთან ერთად აღწერილია ჩვეულებრივი თბილისური ეზო, სხვადასხვა ეპოქაში თავისი ებრაელობით, სომხობით , ქართველობით. სიუჟეტი ვითარდება და ისტორია არ სრულდება. გამუდმებით ადრენალინის ქვეშ ხარ. წიგნის დასრულების შემდეგაც კი ვერ გამოდიხარ კარგა ხანს მდგომარეობიდან , თითქოს ეს ყველაფერი შენს თავს ხდება. მომსწრე ხდები ყალბი მეგობრობის, საშინელი რეჟიმის, სიყვარულიც კი , რომელიც ასეთი სპეტაკი და სათუთი იყო - ერთიანად ინგრევა... 

         ეს რომ უცხოელის დაწერილი ყოფილიყოს, შეიძლება ასე მძაფრად არ აღმექვა. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ გვახსოვს და ეს ყველაფერი ჩვენთვის ნაცნობია, შეუძლებელია ემოციების გარეშე წაიკითხო .


        სამახსოვრო ფრაზები : 

  • ყველაზე დიდი ვაჟკაცი ცხრაგრამიანი ტყვიაა.
  • არის წუთები, როდესაც სიჩუმეს ვერაფერი შეედრება.
  • ნაღვლიანი სიტყვაა- როდესმე. რასაც ამ სიტყვას მოაყოლებენ, ის თითქმის არასოდეს არ ხდება.
  • სულელების დავა მთავრდება ჩხუბით, თორემ ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამონახავს საერთო ენას.
  • დარწმუნებული მარტო იდიოტი შეიძლება იყოს.
  • ყველაფერი, რაც ნამდვილია მსხვერპლს ითხოვს.
  • სიცოცხლეში, სულ ცოტა ერთხელ მაინც, სიკეთის გაკეთების სურვილი ნებისმიერ ადამიანს უჩნდება, ვინც უნდა იყოს და როგორიც უნდა იყოს.
  • როცა მსგავსი ბედის ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ეჩვენებათ, რომ უკეთ ესმით ერთმანეთის და მათ შრის ადვილად მყარდება თბილი ურთიერთობა.
  • ქალი , რომელსაც დიდი გრძნობის დაფასება არ შეუძლია, არამგონია , ოდესმე ბედნიერი რომ იყოს.
  • არაფერი ისე არ ანგრევს კაცის ფსიქიკას , როგორც გაურკვევლობა.როცა არ იცი რაშია საქმე , მაგრამ კარგს ნამდვილად არ ელოდები.
  • არაფერი ისე არ ადუნებს და აჩლუნგებს კაცს , როგორც კმაყოფილების განცდა.

No comments:

Post a Comment