Wednesday, April 24, 2024

ბრიტ ბენეტი - "დაკარგული ნახევარი" Brit Bennett - "The vanishing half"

 


         წიგნში არის მოთხრობილი ტყუპი დების ისტორია, რომლებიც არიან ძალიან პატარა ქალაქიდან, რომელსაც ჰქვია - მალარდი. ქალაქი იმდენად პატარაა, რომ რუკაზეც შეუძლებელია მისი პოვნა. თუმცა ეს ქალაქი იმდენად უნიკალურია, რომ ამ "შავი ქალაქის" მკვიდრნი, იმდენად ღია ფერის კანით გამოირჩევიან , შეუძლებელია ისინი ფერადკანიანად  მიიჩნიონ. თუმცა ტყუპებს უჭირთ ქალაქიდან გაქცევა და საკუთარი ცხოვრების შექმნა , მას შემდეგ რაც დედამ მთლიანად დაასამარა მათი იმედები და ოცნებები სკოლიდან წაყვანით. მას სურდა, რომ დებს ემუშავათ ადრეული ასაკიდანვე და დახმარებოდნენ ოჯახს. 

         გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი მაინც ახერხებენ და გარბიან სახლიდან და ამ ქალაქიდან, მიემართებიან სრულიად განსხვავებულ ქალაქში , საიდანაც შეუძლიათ დაინახონ სამყარო ფართოდ გახელილი თვალებით, მოძებნონ შანსები, გაშალონ ფრთები და იფრინონ, შეძლონ ისე ცხოვრება, როგორც ყოველთვის სურდათ , რომ ეცხოვრათ. თავისუფლება... თუმცა იმისთვის რომ გახდნენ თავისუფლები, ბევრი რამის დათმობა მოუწევთ და ამას საკმაოდ გვიან გაანალიზებენ.


          ვერ ვიტყვი , რომ წიგნი უზომოდ საინტერესო იყო... წიგნის მთელი შინაარსი არის იმაზე , თუ როგორ გაიყარა ამ ტყუპი დების გზები და საბოლოოდ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მრავალი წლის შემდეგ... თუმცა სასურველი იყო , რომ ავტორს უფრო სიღრმისეულად გადმოეცა ემოციები  და არა ზედაპირულად , რაც საკმაოდ იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა .... 

       არსებობს რასობრივი იდენტობის ანალიზი , რაც დამეხმარა სიუჟეტის უკეთესად გაანალიზებაში და მაინც კარგია , რომ წავიკითხე , თუმცა ისეთი დადებითი და სასწაული გამოხმაურება როგორიც ამ წიგნს აქვს , ვფიქრობ ცოტა ზედმეტია. 


სამახსოვრო ფრაზები : 

  • შეიძლება ქალაქს გაექცე , მაგრამ სისხლს ვერ გაექცევი.
  • ის , თუ ვინ ხარ , ხანდახან სულ პატარა დეტალებამდე დადის.
  • გასაოცარია, რას არ ჩაადენინებს კაცს ემოცია.
  • ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ განსხვავებულობა განსაკუთრებულობას ნიშნავს,არადა ამას მხოლოდ მარტოობა მოაქვს.
  • ამხელა სამყაროა , ჩვენ კი მხოლოდ ერთხელ ვცოვრობთ, აი რა არის ყველაზე სევდიანი...

Thursday, April 11, 2024

ნინო ხარატიშვილი - "ჩემი საყვარელი ორეული"

 


         ალბათ, არასწორი იქნება ეს წიგნი ერთ უბრალო სიყვარულის ისტორიად, ამაღელვებელ დრამად და მოუთოკავი ვნების ამსახველ ნაწარმოებად აღვიქვათ, როგორც ეს, შესაძლოა, წიგნის ზედაპირულად წაკითხვის შემდეგ ჩანდეს. წიგნი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი - საზოგადო სევდის ამსახველია - საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიშის, წარსულის გახსენებისა და ვერდავიწყების ერთდროული შიშის , რის გამოც წიგნის მთავარი პერსონაჟები - სტელა და ივო გამუდმებით ერთმანეთისკენ და საკუთარი თუ სხვების წარსული შეცდომების გამოსწორებისაკენ მიილტვიან.

        ერთ-ერთი რამ , რაც მომწონს, ერის ის , რომ ამ წიგნში ვერ ნახავთ პერსონაჟს, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. თავად მთავარი პერსონაჟი სტელა , არის ქალი, ბავშვობის კომპლექსებით, მიტოვებულის სინდრომით. თითქოს მისი ოჯახი ცალკეა და თვითონ ცალკე. მას მხოლოდ ივო ჰყავს, მამამისის საყვარლის შვილი, რომელზეც ჩაჭიდებულია ემოციურად და სწორედ ეს ემოცია მიჰყვება ნაწარმოების ბოლომდე.  ალბათ ბევრს აქვს ერთი , მსგავსი ისტორია მოსაყოლი. ემოციური მიჯაჭვულობა ადამიანზე, რომელიც ბავშვობასთან და მარტოობის განცდის აღმოფხვრასთან ასოცირდება და მხოლოდ ამით არის განსაკუთრებული.


         ივოს უყვარდა თუ არა სტელა, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ივოსნაირი ადამიანები ძალიან ბევრია გარშემო. ის არის კაცი, რომელიც აკეთებს იმას , რაც გამოსდის და პრინციპში ამ პერსონაჟის არსი ისევ სტელას დამოკიდებულებაა მის მიმართ, მაგრამ საქმეს ივოს პერსონაჟის ფინალი ართულებს... ივოს ტოქსიკურობა, ვფიქრობ ეგოიზმში და სიბოროტეში გადასდის, მთელი რომანის განმავლობაში ეს ტოქსიკურობა ყელში მებჯინებოდა და თითქოს გულს მირევდა და მიუხედავად ივოს წარსულისა, მაინც ვერ გავუგე ამ პერსონაჟს... ვერ შევიყვარე... 

       წიგნის მეორე ნახევარი საკმაოდ სევდიანი აღმოჩნდა და განხილვასაც ალბათ სევდიანად დავასრულებ : როცა ტკივილი და მონატრება ასეთი ძლიერია, რთულია ადამიანს გახსოვდეს, რომ უამრავი გამოუყენებელი შესაძლებლობების ტყვე ხარ... რთულია გახსოვდეს, რომ სხვისი დღეებით ცხოვრობ."დავიწყება მხოლოდ და მხოლოდ ღიმილია ნანგრევებში..." საყვარელი ორეულები კი ადრე თუ გვიან, აუცილებლად გვტოვებენ...


სამახსოვრო ფრაზები : 

  • მკვდარი ოცნებების სამყაროში კარები არ არსებობს.
  • როცა გვიყვარს, არასდროს არ გვიყვარს ცალკე აღებული კაცი, ქალი, ბავშვი, დედა , მამა. ყოველთვის ყველა ერთდროულად , ერთ ადამიანში გვინდა გვიყვარდეს. სიყვარულის კატეგორიებად დაყოფა ჩვენი დროის ავადმყოფური მიდრეკილებაა - ფორმა მივცეთ ყველა გრძნობას.
  • როგორ უნდა შეძლო ნაკაწრების გარეშე ცხოვრება?ის იცხოვრო, რომ ზიანი არ მიაყენო საკუთარ თავს, შენივე ოცნებებმა არ დაგასახიჩროს?
  • ზოგჯერ შეგეშინდება , ის ჰგავს ერთმანეთს სხვადასხვა სამყაროები, მიუხედავად თავიანთი განსხვავებულობისა.

Sunday, April 7, 2024

კარლოს ლუის საფონი - "ქარის ჩრდილი" Carlos Ruiz Zafon - "The shadow of the wind"

 


          ყველას ვურჩევდი გაეცნოს თანამედროვე ლიტერატურის ამ შედევრს. ესა არის საოცარი თავგადასავალი მკითხველის, წიგნის, მწერლისა და ლიტერატურული გმირების შესახებ, ერთგვარი ლაბირინთი წარსულში, ფენიქსის თავგადასავალი, თუ როგორ ხდება მკვდრად შერაცხულის იდუმალი გამოცხადება აწმყოში, ფერფლიდან აღდგენა და სიცოცხლის ხალისის კვლავ დაბრუნება. 

       სიუჟეტია ასეთია : დანიელის მამა ბუკინისტი იყო და თავის ვაჟს ნელ-ნელა ასწავლა ეს საქმე. ერთხელ კი მივიწყებული წიგნების სასაფლაოდან დანიელმა ერთი წიგნი წამოიღო წასაკითხად. ეს გახლდათ ხულიან კარაქსის "ქარის ჩრდილი", საკმაოდ საინტერესო სიუჟეტის მქონე რომანი, რომელმაც დანიელს არა მხოლოდ წიგნის, არამედ მისი ავტორისადმი გაუღვივა ცნობისმოყვარეობა. იგი ცდილობს გაარკვიოს , ჰქონდა თუ არა მწერალს გამოქვეყნებული სხვა რომანები. თუმცა , სანამ ამას დაადგენდა, პირველ რიგში აინტერესებდა თავად მწერლის ვინაობა. მივიწყებული, ლამის უცნობი მწერლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებამ დანიელი არაერთ ადამიანს შეახვედრა. ხულიან კარაქსის ხსენებული რომანის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შემორჩენილიყო, რომელიც დანიელის ხელში აღმოჩნდა  და არ აპირებდა მის დათმობას. ვინ იყო კარაქსი? ესპანურად წერდა თუ ფრანგულად? მისი რომანები ხომ პარიზში იბეჭდებოდა? საიდან უნდა მოხვედრილიყო ბარსელონელი მწერალი საფრანგეთში?! 


       მწერლის აჩრდილს ადევნებულ დანიელს ეხმარება ფერმინი, მამამისის მიერ აყვანილი თანამშრომელი წიგნების მაღაზიაში, საკმაოდ ქარიშხლიანი წარსულის მქონე კაცი, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ გარშემო. დანიელი შეიტყობს , რომ ხულიან კარაქსი, ცნობილი მექუდის შვილი იყო, თუმცა სხვა ცნობით დედამისს იგი სხვა კაცისგან შეეძინა. ცნობილი ხდება სასწავლებელი, სადაც დიდგვაროვანთა შვილები სწავლობდნენ, რომელშიც ხულიანი გავლენიანი ალდაიას წყალობით მიუღიათ.

       ერთი ცნობით, გაღატაკებული მწერალი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ბორდელში ფორტეპიანოზე დაკვრით ირჩენდა თავს, პერ-ლაშეზეს სასაფლაოზე მოკლეს დუელში, მეორე ვერსიით კი პარიზიდან დაბრუნებული დაიღუპა ბარსელონაში, სადაც საერთო სამარხში დაასაფლავეს. დანიელთან ერთად , მკითხველიც დაეხეტება ბარსელონის ქუჩებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ბუკინისტურ მაღაზიებში, იმ სასწავლებლის პანსიონში, სადაც მწერალი და მისი მეგობრები სწავლობდნენ... მოვლენები კი ისე ვითარდება , რომ ვხვდებით , ჩვენს თვალწინ საოცარი კვანძი გაიხსნება... 


        "ქარის ჩრდილი", როგორც მიანიშნებენ ხოლმე ,თავად  მკითხველის ამბავიცაა.  დანიელის ცხოვრებაში ხომ ზუსტად იგივე მოვლენები ხდება, რაც ახალგაზრდა კარაქსს დაემართა. მასაც უყვარდება მეგობრის და , რომელიც სხვაზეა დანიშნული, თუმცა ხულიანისგან განსხვავებით, დანიელის ამბავი დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ , გმირის გამარჯვებაა. თუმცა ხულიანის ამბავიც არააა ბოლომდე უბედური. ის ჩემს თვალში ფენიქსია, აღმდგარი და კალამმომარჯვებული.

         ამ მართლაც დიდებულმა ნაწარმოებმა , მთლიანად მომიცვა და მომნუსხა რამდენიმე დღე ... ის შთაბეჭდილებები და მისტიკური განცდა რაც დამიტოვა , ნამდვილად დიდხანს გამყვება. 


   სამახსოვრო ფრაზები : 

  • ზოგიერთი რამ მხოლოდ ბინდში უნდა ინახოს.
  • საიდუმლო ღირს იმდენი, რამდენიც ადამიანი, რომელსაც ის არ უნდა გავანდოთ.
  • ნუ იმატებ ასაკს , ცუღლუტო, ამაზე თვითონ ცხოვრება იზრუნებს.
  • არ არსებობს მკვდარი ენები, არსებობს მხოლოდ მიძინებული ტვინი.
  • არასდროს არავის ენდო, განსაკუთრებით იმათ , ვისაც ეთაყვანები.
  • უნიჭო და უწიგნურ არსებებს მუდამ ყველასი შურთ.
  • სინამდვილეში , სიძულვილი ნიჭია, როელსაც დროთა განმავლობაში იძენ.
  • ადამიანებს უყვართ ცხოვრების გართულება, თითქოს ის ისედაც რთული არ იყოს.
  • ჯარი, ქორწინება,ეკლესია და ბანკი - აი, აპოკალიფსის ოთხი მხედარი.
  • სამყაროში მუდამ ხდება რაღაც ცუდი, მაგრამ როცა საქმე შენს ახლობელს შეეხება, ყველაფერი გაცილებით შავბნელი ჩანს.
  • სიტყვები და საქციელები, რომლებითაც ბავშვს გულს ვტკენთ, სისასტიკის თუ უმეცრების გამო, მის სულში ილექება და ადრე თუ გვიან , ამ სულს დაბუგავს.
  • მკითხველიც გაურბის თავის თავს მორიგი რომანის ფურცლებზე, რადგან ისინი, ვისი სიყვარულიც მას სჭირდება, მხოლოდ ჩრდილები არიან, რომლებიც მისთვის უცნობი ადამიანის სულში ცხოვრობენ.
  • დასაფასებელი ის კი არ არის , რასაც ვიძლევით, არამედ ის, რასაც შეველევით.
  • ქალი ერთდროულად ბაბილონის გოდოლი და მინოტავრის ლაბირინთია.
  • სიმართლის სათქმელად ძალიან ცოტა საბაბი არსებობს, მოსატყუებლად კი აურაცხელი.
  • წიგნები სარკეა : მათში მხოლოდ ის აისახება, რაც ადამიანს სულში აქვს.
  • ქუჩაში ცხოვრება იმაზე მეტს ასწავლის ადამიანს , ვიდრე თვითონ სურს იცოდეს.
  • სული სხეულის გარეშე არ არსებობს. ესაა ამ ვერაგი დროების სამწუხარო რეალობა.
  • არ დაივიწყო შენი ოცნებები , ვინ იცის , როდის დაგჭირდება ისინი.
  • მოლოდინი სულს აჟანგებს.
  • მეორე შანსი აღარასდროს მოგეცემა , ორჯერ მხოლოდ რაიმეს თუ ინანებ...
  • მუშაობისას ადამიანი ცხოვრებას თვალებში არ უყურებს.
  • ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, ოღონდ შეიძლება ადამიანი ამას ყოველთვის ვერ ხვდებოდეს.
  • ყველა ომი, პირადიც და გლობალურიც , უსახელო მარიონეტების თამაშია.
  • სიცოცხლეს ღმერთ გვაძლევს, მაგრამ სამყაროს ეშმაკი მართავს.
  • მოგონებები ზოგჯერ ტყვიაზე უარესია.
  • ყველამ თავისებური სიყვარული იცის.