Sunday, April 7, 2024

კარლოს ლუის საფონი - "ქარის ჩრდილი" Carlos Ruiz Zafon - "The shadow of the wind"

 


          ყველას ვურჩევდი გაეცნოს თანამედროვე ლიტერატურის ამ შედევრს. ესა არის საოცარი თავგადასავალი მკითხველის, წიგნის, მწერლისა და ლიტერატურული გმირების შესახებ, ერთგვარი ლაბირინთი წარსულში, ფენიქსის თავგადასავალი, თუ როგორ ხდება მკვდრად შერაცხულის იდუმალი გამოცხადება აწმყოში, ფერფლიდან აღდგენა და სიცოცხლის ხალისის კვლავ დაბრუნება. 

       სიუჟეტია ასეთია : დანიელის მამა ბუკინისტი იყო და თავის ვაჟს ნელ-ნელა ასწავლა ეს საქმე. ერთხელ კი მივიწყებული წიგნების სასაფლაოდან დანიელმა ერთი წიგნი წამოიღო წასაკითხად. ეს გახლდათ ხულიან კარაქსის "ქარის ჩრდილი", საკმაოდ საინტერესო სიუჟეტის მქონე რომანი, რომელმაც დანიელს არა მხოლოდ წიგნის, არამედ მისი ავტორისადმი გაუღვივა ცნობისმოყვარეობა. იგი ცდილობს გაარკვიოს , ჰქონდა თუ არა მწერალს გამოქვეყნებული სხვა რომანები. თუმცა , სანამ ამას დაადგენდა, პირველ რიგში აინტერესებდა თავად მწერლის ვინაობა. მივიწყებული, ლამის უცნობი მწერლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებამ დანიელი არაერთ ადამიანს შეახვედრა. ხულიან კარაქსის ხსენებული რომანის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შემორჩენილიყო, რომელიც დანიელის ხელში აღმოჩნდა  და არ აპირებდა მის დათმობას. ვინ იყო კარაქსი? ესპანურად წერდა თუ ფრანგულად? მისი რომანები ხომ პარიზში იბეჭდებოდა? საიდან უნდა მოხვედრილიყო ბარსელონელი მწერალი საფრანგეთში?! 


       მწერლის აჩრდილს ადევნებულ დანიელს ეხმარება ფერმინი, მამამისის მიერ აყვანილი თანამშრომელი წიგნების მაღაზიაში, საკმაოდ ქარიშხლიანი წარსულის მქონე კაცი, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ გარშემო. დანიელი შეიტყობს , რომ ხულიან კარაქსი, ცნობილი მექუდის შვილი იყო, თუმცა სხვა ცნობით დედამისს იგი სხვა კაცისგან შეეძინა. ცნობილი ხდება სასწავლებელი, სადაც დიდგვაროვანთა შვილები სწავლობდნენ, რომელშიც ხულიანი გავლენიანი ალდაიას წყალობით მიუღიათ.

       ერთი ცნობით, გაღატაკებული მწერალი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ბორდელში ფორტეპიანოზე დაკვრით ირჩენდა თავს, პერ-ლაშეზეს სასაფლაოზე მოკლეს დუელში, მეორე ვერსიით კი პარიზიდან დაბრუნებული დაიღუპა ბარსელონაში, სადაც საერთო სამარხში დაასაფლავეს. დანიელთან ერთად , მკითხველიც დაეხეტება ბარსელონის ქუჩებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ბუკინისტურ მაღაზიებში, იმ სასწავლებლის პანსიონში, სადაც მწერალი და მისი მეგობრები სწავლობდნენ... მოვლენები კი ისე ვითარდება , რომ ვხვდებით , ჩვენს თვალწინ საოცარი კვანძი გაიხსნება... 


        "ქარის ჩრდილი", როგორც მიანიშნებენ ხოლმე ,თავად  მკითხველის ამბავიცაა.  დანიელის ცხოვრებაში ხომ ზუსტად იგივე მოვლენები ხდება, რაც ახალგაზრდა კარაქსს დაემართა. მასაც უყვარდება მეგობრის და , რომელიც სხვაზეა დანიშნული, თუმცა ხულიანისგან განსხვავებით, დანიელის ამბავი დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ , გმირის გამარჯვებაა. თუმცა ხულიანის ამბავიც არააა ბოლომდე უბედური. ის ჩემს თვალში ფენიქსია, აღმდგარი და კალამმომარჯვებული.

         ამ მართლაც დიდებულმა ნაწარმოებმა , მთლიანად მომიცვა და მომნუსხა რამდენიმე დღე ... ის შთაბეჭდილებები და მისტიკური განცდა რაც დამიტოვა , ნამდვილად დიდხანს გამყვება. 


   სამახსოვრო ფრაზები : 

  • ზოგიერთი რამ მხოლოდ ბინდში უნდა ინახოს.
  • საიდუმლო ღირს იმდენი, რამდენიც ადამიანი, რომელსაც ის არ უნდა გავანდოთ.
  • ნუ იმატებ ასაკს , ცუღლუტო, ამაზე თვითონ ცხოვრება იზრუნებს.
  • არ არსებობს მკვდარი ენები, არსებობს მხოლოდ მიძინებული ტვინი.
  • არასდროს არავის ენდო, განსაკუთრებით იმათ , ვისაც ეთაყვანები.
  • უნიჭო და უწიგნურ არსებებს მუდამ ყველასი შურთ.
  • სინამდვილეში , სიძულვილი ნიჭია, როელსაც დროთა განმავლობაში იძენ.
  • ადამიანებს უყვართ ცხოვრების გართულება, თითქოს ის ისედაც რთული არ იყოს.
  • ჯარი, ქორწინება,ეკლესია და ბანკი - აი, აპოკალიფსის ოთხი მხედარი.
  • სამყაროში მუდამ ხდება რაღაც ცუდი, მაგრამ როცა საქმე შენს ახლობელს შეეხება, ყველაფერი გაცილებით შავბნელი ჩანს.
  • სიტყვები და საქციელები, რომლებითაც ბავშვს გულს ვტკენთ, სისასტიკის თუ უმეცრების გამო, მის სულში ილექება და ადრე თუ გვიან , ამ სულს დაბუგავს.
  • მკითხველიც გაურბის თავის თავს მორიგი რომანის ფურცლებზე, რადგან ისინი, ვისი სიყვარულიც მას სჭირდება, მხოლოდ ჩრდილები არიან, რომლებიც მისთვის უცნობი ადამიანის სულში ცხოვრობენ.
  • დასაფასებელი ის კი არ არის , რასაც ვიძლევით, არამედ ის, რასაც შეველევით.
  • ქალი ერთდროულად ბაბილონის გოდოლი და მინოტავრის ლაბირინთია.
  • სიმართლის სათქმელად ძალიან ცოტა საბაბი არსებობს, მოსატყუებლად კი აურაცხელი.
  • წიგნები სარკეა : მათში მხოლოდ ის აისახება, რაც ადამიანს სულში აქვს.
  • ქუჩაში ცხოვრება იმაზე მეტს ასწავლის ადამიანს , ვიდრე თვითონ სურს იცოდეს.
  • სული სხეულის გარეშე არ არსებობს. ესაა ამ ვერაგი დროების სამწუხარო რეალობა.
  • არ დაივიწყო შენი ოცნებები , ვინ იცის , როდის დაგჭირდება ისინი.
  • მოლოდინი სულს აჟანგებს.
  • მეორე შანსი აღარასდროს მოგეცემა , ორჯერ მხოლოდ რაიმეს თუ ინანებ...
  • მუშაობისას ადამიანი ცხოვრებას თვალებში არ უყურებს.
  • ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, ოღონდ შეიძლება ადამიანი ამას ყოველთვის ვერ ხვდებოდეს.
  • ყველა ომი, პირადიც და გლობალურიც , უსახელო მარიონეტების თამაშია.
  • სიცოცხლეს ღმერთ გვაძლევს, მაგრამ სამყაროს ეშმაკი მართავს.
  • მოგონებები ზოგჯერ ტყვიაზე უარესია.
  • ყველამ თავისებური სიყვარული იცის.

No comments:

Post a Comment