Thursday, April 11, 2024

ნინო ხარატიშვილი - "ჩემი საყვარელი ორეული"

 


         ალბათ, არასწორი იქნება ეს წიგნი ერთ უბრალო სიყვარულის ისტორიად, ამაღელვებელ დრამად და მოუთოკავი ვნების ამსახველ ნაწარმოებად აღვიქვათ, როგორც ეს, შესაძლოა, წიგნის ზედაპირულად წაკითხვის შემდეგ ჩანდეს. წიგნი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი - საზოგადო სევდის ამსახველია - საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიშის, წარსულის გახსენებისა და ვერდავიწყების ერთდროული შიშის , რის გამოც წიგნის მთავარი პერსონაჟები - სტელა და ივო გამუდმებით ერთმანეთისკენ და საკუთარი თუ სხვების წარსული შეცდომების გამოსწორებისაკენ მიილტვიან.

        ერთ-ერთი რამ , რაც მომწონს, ერის ის , რომ ამ წიგნში ვერ ნახავთ პერსონაჟს, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. თავად მთავარი პერსონაჟი სტელა , არის ქალი, ბავშვობის კომპლექსებით, მიტოვებულის სინდრომით. თითქოს მისი ოჯახი ცალკეა და თვითონ ცალკე. მას მხოლოდ ივო ჰყავს, მამამისის საყვარლის შვილი, რომელზეც ჩაჭიდებულია ემოციურად და სწორედ ეს ემოცია მიჰყვება ნაწარმოების ბოლომდე.  ალბათ ბევრს აქვს ერთი , მსგავსი ისტორია მოსაყოლი. ემოციური მიჯაჭვულობა ადამიანზე, რომელიც ბავშვობასთან და მარტოობის განცდის აღმოფხვრასთან ასოცირდება და მხოლოდ ამით არის განსაკუთრებული.


         ივოს უყვარდა თუ არა სტელა, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ივოსნაირი ადამიანები ძალიან ბევრია გარშემო. ის არის კაცი, რომელიც აკეთებს იმას , რაც გამოსდის და პრინციპში ამ პერსონაჟის არსი ისევ სტელას დამოკიდებულებაა მის მიმართ, მაგრამ საქმეს ივოს პერსონაჟის ფინალი ართულებს... ივოს ტოქსიკურობა, ვფიქრობ ეგოიზმში და სიბოროტეში გადასდის, მთელი რომანის განმავლობაში ეს ტოქსიკურობა ყელში მებჯინებოდა და თითქოს გულს მირევდა და მიუხედავად ივოს წარსულისა, მაინც ვერ გავუგე ამ პერსონაჟს... ვერ შევიყვარე... 

       წიგნის მეორე ნახევარი საკმაოდ სევდიანი აღმოჩნდა და განხილვასაც ალბათ სევდიანად დავასრულებ : როცა ტკივილი და მონატრება ასეთი ძლიერია, რთულია ადამიანს გახსოვდეს, რომ უამრავი გამოუყენებელი შესაძლებლობების ტყვე ხარ... რთულია გახსოვდეს, რომ სხვისი დღეებით ცხოვრობ."დავიწყება მხოლოდ და მხოლოდ ღიმილია ნანგრევებში..." საყვარელი ორეულები კი ადრე თუ გვიან, აუცილებლად გვტოვებენ...


სამახსოვრო ფრაზები : 

  • მკვდარი ოცნებების სამყაროში კარები არ არსებობს.
  • როცა გვიყვარს, არასდროს არ გვიყვარს ცალკე აღებული კაცი, ქალი, ბავშვი, დედა , მამა. ყოველთვის ყველა ერთდროულად , ერთ ადამიანში გვინდა გვიყვარდეს. სიყვარულის კატეგორიებად დაყოფა ჩვენი დროის ავადმყოფური მიდრეკილებაა - ფორმა მივცეთ ყველა გრძნობას.
  • როგორ უნდა შეძლო ნაკაწრების გარეშე ცხოვრება?ის იცხოვრო, რომ ზიანი არ მიაყენო საკუთარ თავს, შენივე ოცნებებმა არ დაგასახიჩროს?
  • ზოგჯერ შეგეშინდება , ის ჰგავს ერთმანეთს სხვადასხვა სამყაროები, მიუხედავად თავიანთი განსხვავებულობისა.

No comments:

Post a Comment