Saturday, August 31, 2024

ნიკოლას სპარქსი - "არჩევანი" Nicholas Sparks - "The Choice"

 


       ნიკოლას სპარქსის წიგნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მისი წიგნები საკმაოდ სახალისო, საინტერესო , დრამატული და სევდიანია. რაც შეეხება ამ წიგნს, უზომოდ საინტერესო და ჩამთრევია. 

       წიგნის მთავარი პერსონაჟია - თრევის პარკერი, საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი,მას ყველაფერი აქვს - კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან და რაც მთავარია ერთგული მეგობრები. თრევისს, მიუხედავად იმისა რომ , უკვე ჰყავს მეგობარი გოგონა , რომელთანაც თავს კარგად გრძნობს, მაინც არ სჯერა სიყვარულის და არ აღიარებს მას. იქნებ , ესეც ერთგვარი თავდაცვაა, რათა გულისტკენა თავიდან აიცილოს?! 


      თუმცა , ზუსტად ამ დროს მის მეზობლად გადმოდის გოგონა - გაბი ჰოლანდი, რომელიც თავდაყირა დააყენებს მის ცხოვრებას ან პირიქით , ვინაიდან ამ გოგონასაც ჰყავს საქმრო...ისინი დგებიან არჩევანის წინაშე და  ახლა მათ ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხონ.

      ეს არის წიგნი ნამდვილ ერთგულებასა და სიყვარულზე, გამძლეობაზე, რომელიც ადამიანს მხოლოდ მაშინ აღმოაჩნდება , როდესაც ნამდვილად  უანგაროდ უყვარს და მზადაა სიყვარულისთვის ყველაფერი გაიღოს. ეს ისტორია არჩევანზეა , რომელსაც ადამიანს არა გონება ,არამედ გული აკეთებინებს ... სიყვარულით გაკეთებული არჩევანი კი მცდარი არასდროს არ არის .



Friday, August 23, 2024

ჩარლზ ბუკოვსკი - "ფოსტა" Charles Bukowski - "Post office"

 


        ეს წიგნი ბუკოვსკის პირველი რომანია და მისი ალტერ ეგო - ჰენრი ჩინასკი გვიყვება თავისი ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც 12 წელი "მიაკლა"  ფოსტაში მუშაობას... პარალელურად არც დოღს, არც ქალებს და რა თქმა უნდა არც დასალევს არ იკლებდა...  

      ბუკოვსკის რომანებიდან მხოლოდ "მაკულატურა" მაქვს წაკითხული და ჩემი დაკვირვებით ქართული ძალიან უხდება ბუკოვსკის. რაც შეეხება ფოსტას , წიგნი მხოლოდ სამ კვირაში დაწერა და ალბათ, ისევე ადვილად წერდა , როგორ ადვილადაც იკითხება. ბუკოვსკი აღარ არის გვარი ან ფსევდონიმი, ეს უკვე არის ცხოვრების წესი, რაღაც განსაკუთრებული და ასევე ძალიან ჩვეულებრივი, რა ჟანრიც გინდა მოუგონონ ,მას მაინც ვერ აღწერენ ნორმალურად...

      "ბინძური რეალიზმის" წარმომადგენელი ყოფილა ვიკიპედიის აზრით. ჩემი აზრით, კი ეს რეალიზმია და ჩვენი გონებაა ბინძური, ხოლო ბუკოვსკი ის არის, ვინც ამბობს ყველაფერს, რაც თავში მოსდის, რაც ეწერება და რაც ამახსოვრდება და თუ ვინმესთვის ეს სიბინძურეა , ეს უკვე მათი პრობლემაა... 


      ამ წიგნის კითხვისას იყო გრძნობა , რომ ჩემი ტყავი დავტოვე და ბუკოვსკის ალკოჰოლით გაჟღენთილ სხეულში გადავინაცვლე , ვიყავი ერთ დოღზე მოთამაშე , მექალთანე, გაუბედურებული ლოთი, ფოსტაში დაბმული მონა, მაგრამ მაინც ტელევიზორზე მიშტერებულ გარშემომყოფებზე ბევრად უკეთესი...

     თუ გინდათ გამოცადოთ როგორია არ გქონდეთ გეგმა და მიზანი უბრალოდ კიდევ ერთი დღე დოღზე და კიდევ ერთ ღამე ლოთობაში და კიდევ ერთი "ძაღლური" დღე ფოსტაში ან ქუჩაში კარდაკარ წანწალში ან ოფისში წერილების დახარისხებაში , ამას ეს წიგნი გპირდებათ. ბუკოვსკი , ზოგადად ძალიან პარადოქსულია... მოგწონს ოღონდ ზუსტად ვერც გამოთქვამ რა... სიმართლე? პირდაპირობა? სიგიჟე? ცინიზმი? ... ასევე ძნელია იმის თქმა თუ რითი უნდა აღფრთოვანდე... მისი პიროვნებით ნამდვილად არა , მაგრამ სწორედ აქაა მისი პარადოქსი, რომ როცა ყველაფერი მიუთითებს სხვას, სხვა რამე ხდება... 



Monday, August 19, 2024

მარგარეტ ლორენსი - "ქვის ანგელოზი" Margaret Laurence - "The stone angel"

 


         გიფიქრიათ სიბერეზე? ალბათ , ეს ფიქრი ყველას ზოგჯერ მაინც გაგვიელვებს , თუმცა რეალურად ვერ აღვიქვამთ იმ დროს, რომელიც ჯერჯერობით შორეულ მომავალს ეკუთვნის. მაგრამ თუ მაინც გვესტუმრება აზრი მოხუცებულობაზე, ვფიქრობთ, რომ მოხუცთა თავშესაფარი ცუდი გამოსავალი ნამდვილად არ არის...იქ ხომ კომფორტულად ვიქნებით, თანატოლებთან ვიმეგობრებთ, ოჯახის წევრებს ვუმასპინძლებთ და ირგვლივ ბევრი მზრუნველი ადამიანი გვეყოლება. ასე ვფიქრობთ ჩვენ, ახალგაზრდები...

        და როგორია სინამდვილეში სიბერე? ამას შესანიშნავად აღწერს წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი - ჰეიგარი , რომელიც მენავაკაში გაიზარდა და ახლა 90 წლისაა.  სწორედ ამ ასაკში , როდესაც ის სრულიად უმწეო ხდება, ის გვამოგზაურებს საკუთარ წარსულში, ჩვენთან ერთად აანალიზებს შეცდომებს, რომლებიც უამრავი ჰქონდა და რომლებმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება და თანდათან გვაჩვენებს , რომ სიბერე აუცილებლად მოვა, მას ვერავინ გაექცევა...


        ქალაქს , გორაკზე გაშლილ სასაფლაოზე, ჰეიგარის დედის საფლავზე წამომართული ქვის ანგელოზი გადმოჰყურებს. სწორედ ესაა ჰეიგარის მთელი ბავშობის მოგონება . აქ არ არის ბავშვობის მოგონებები, აქ მხოლოდ ხნიერი და ავადმყოფი ქალის ფიქრები და შიშია, როგორც ქვის ანგელოზში ... მხოლოდ ქალის სხეულისთვის გასაგები შეგრძნებებია...ქალმა და მისმა სხეულმაც, სხვანაირი მარტოობა იცის, ტკივილიც სხვანაირი და თვითონ სიკვდილიც სხვანაირი, მჯერა... 

       ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ღირსეულად მივიდეთ სიბერემდე , საკუთარი ხელით არ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს. მხოლოდ ამას თუ გავაკეთებთ, მშვიდად გადავალთ იმ სამყაროში , რომლშიც "ქვის ანგელოზი" გაგვაცილებს. 



Friday, August 9, 2024

ბოჰუმილ ჰრაბალი - "მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა"

 


        "მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა" მოკლე ფილოსოფიური რომანია, რომელიც მწერალმა რამოდენიმე ვერსიად დაწერა, რადგან იმ დროინდელი ჩეხეთის რესპუბლიკა მკაცრ ცენზურას ეწეოდა. საბოლოო ვერსიად ეს წიგნი 1989 წელს გამოიცა.

       წიგნში გადმოცემულია მთავარი გმირის შინაგანი მონოლიგი, რომელიც 35 წელია მაკულატურის მწნეხავად მუშაობს და ამ საქმიანობას თავის "Love story" - ის უწოდებს. მას უყვარს თავისი საქმე , უყვარს წიგნებთან ახლოს ყოფნა, უყვარს ის , თუ როგორ ალამაზებს დაწნეხილ მაკულატურას ბოლო გზაზე გასაცილებლად... ყოველი მაკულატურის შუაგულში საგულდაგულოდ შერჩეულ წიგნს დებს , საგულდაგულოდ შერჩეულ ციტატაზე გადაშლილს და ისე წნეხს, ბოლოს კი გარედან ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებს აკრავს, რომ უკანასკნელ გზაზე წასული წიგნების სილამაზე მთელმა ქალაქმა დაინახოს. მისი ოცნებაც წიგნებს ეხება, პენსიაზე გასვლის შემდეგ , წნეხის აპარატის შესყიდვა უნდა, რის შემდეგაც ყოველდღიურად ერთ შეკვრას შექმნის და წელიწადში ერთხელ ამ შეკვრების გამოფენას მოაწყობს. თუმცა სამყაროში შემცვლელი ყველაფერს მოეძებნება, ჰანტას საწნეხ აპარატსაც და თავად ჰანტასაც... 


       ერთ დღეს ჰანტას შემცვლელებს მოიყვანენ, რომლებიც მასზე ბევრად სწრაფად და პროდუქტიულად მუშაობენ. ეს ჰანტასთვის დიდი ტრაგედიაა, რადგან მისი ცხოვრება დაწერილი, დასვრილი, დალაქავებული, დახეული ქაღალდებისგან შედგება. თავისი სარდაფიდან ამოსული, სადაც 35 წელი მარტოობაში წნეხის აპარატის გვერდით გაატარა, სრულიად სხვა სამყაროში ხვდება, იმ სამყაროში , სადაც აღარანაირი მიზანი არ აქვს, სადაც მარტოობა კიდევ უფრო მეტად ხმაურობს... 

       როცა დავიღლები და დედემიწაზე აღარაფერი გამახარებს , ვხუჭავ თვალებს და რამდენიმე წლით უკან ვახვევ ჩემს ცხოვრებას ... სწორედ მაშინ შევიგრძნობ , რომ ჩემი ცხოვრება არაა მარტოსული ადამიანის ცხოვრება ... სწორედ იმ მომენტში ვიაზრებ თუ როგორ გამიმართლა , მომენტში , როდესაც მგონია , რომ მარტოსულობა მშთანთქავს...