Friday, August 23, 2024

ჩარლზ ბუკოვსკი - "ფოსტა" Charles Bukowski - "Post office"

 


        ეს წიგნი ბუკოვსკის პირველი რომანია და მისი ალტერ ეგო - ჰენრი ჩინასკი გვიყვება თავისი ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც 12 წელი "მიაკლა"  ფოსტაში მუშაობას... პარალელურად არც დოღს, არც ქალებს და რა თქმა უნდა არც დასალევს არ იკლებდა...  

      ბუკოვსკის რომანებიდან მხოლოდ "მაკულატურა" მაქვს წაკითხული და ჩემი დაკვირვებით ქართული ძალიან უხდება ბუკოვსკის. რაც შეეხება ფოსტას , წიგნი მხოლოდ სამ კვირაში დაწერა და ალბათ, ისევე ადვილად წერდა , როგორ ადვილადაც იკითხება. ბუკოვსკი აღარ არის გვარი ან ფსევდონიმი, ეს უკვე არის ცხოვრების წესი, რაღაც განსაკუთრებული და ასევე ძალიან ჩვეულებრივი, რა ჟანრიც გინდა მოუგონონ ,მას მაინც ვერ აღწერენ ნორმალურად...

      "ბინძური რეალიზმის" წარმომადგენელი ყოფილა ვიკიპედიის აზრით. ჩემი აზრით, კი ეს რეალიზმია და ჩვენი გონებაა ბინძური, ხოლო ბუკოვსკი ის არის, ვინც ამბობს ყველაფერს, რაც თავში მოსდის, რაც ეწერება და რაც ამახსოვრდება და თუ ვინმესთვის ეს სიბინძურეა , ეს უკვე მათი პრობლემაა... 


      ამ წიგნის კითხვისას იყო გრძნობა , რომ ჩემი ტყავი დავტოვე და ბუკოვსკის ალკოჰოლით გაჟღენთილ სხეულში გადავინაცვლე , ვიყავი ერთ დოღზე მოთამაშე , მექალთანე, გაუბედურებული ლოთი, ფოსტაში დაბმული მონა, მაგრამ მაინც ტელევიზორზე მიშტერებულ გარშემომყოფებზე ბევრად უკეთესი...

     თუ გინდათ გამოცადოთ როგორია არ გქონდეთ გეგმა და მიზანი უბრალოდ კიდევ ერთი დღე დოღზე და კიდევ ერთ ღამე ლოთობაში და კიდევ ერთი "ძაღლური" დღე ფოსტაში ან ქუჩაში კარდაკარ წანწალში ან ოფისში წერილების დახარისხებაში , ამას ეს წიგნი გპირდებათ. ბუკოვსკი , ზოგადად ძალიან პარადოქსულია... მოგწონს ოღონდ ზუსტად ვერც გამოთქვამ რა... სიმართლე? პირდაპირობა? სიგიჟე? ცინიზმი? ... ასევე ძნელია იმის თქმა თუ რითი უნდა აღფრთოვანდე... მისი პიროვნებით ნამდვილად არა , მაგრამ სწორედ აქაა მისი პარადოქსი, რომ როცა ყველაფერი მიუთითებს სხვას, სხვა რამე ხდება... 



No comments:

Post a Comment