Thursday, July 31, 2025

ჯეფრი იუჯინიდისი - "თვითმკვლელი ქალწულები" Jeffrey Eugenides - " The Virgin Suicides"

 


       ეს წიგნი ცოტა შემაძრწუნებელი და არაკომფორტულია, ერთდროულად ლამაზიც და ილუზიებით სავსე. ამბავი მოთხრობილია რამდენიმე მეზობელი ბიჭის პერსპექტივიდან . ისინი ცდილობენ გაარკვიონ , რატომ ჩაიდინეს ლისბონის დებმა თვითმკვლელობა.  ბიჭების მხრიდან ლისბონის დებზე ფეტიშიზმი და რომანტიზაცია საკმაოდ შემაშფოთებელია. შეპყრობილები საკუთარი აკვიატებით, ისინი მთელ დროს უთმობენ დებზე ჯაშუშობას და თვითმკვლელობების მერეც კი აწყობენ  გოგონების პირადი  ნივთების "გამოფენას". ფაქტობრივად, გოგონები დაყვანილი არიან მამაკაცური ფანტაზიებისა და სურვილების პროექციად - სიკვდილის შემდეგაც კი... 

     უნდა აღინიშნოს, ასევე , რომ გოგოები კონტროლდებიან და იზღუდებიან რელიგიური მშობლების მიერ.მშობლების მიერ გატარებული მკაცრი ქრისტიანული წესები აყალიბებს ოჯახის ჩაკეტილ გარემოს, სადაც გოგონები იძულებულნი არიან უარი თქვან პირად თავისუფლებაზე . სწორედ ამ თავისუფლების არქონა წარმოშობს ფსიქოლოგიურ კრიზისს. 


       ლისბონის დები წიგნში სიმბოლოებად გვევლინებია - დაკარგული სილამაზის, სიწმინდის და მიუწვდომლობის. ზოგადად, მთელი წიგნი ძალიან მელანქოლიურია. იგი სავსეა დრამატული აღწერებით. 

      ავტორი გვიჩვენებს , რომ ზოგჯერ სიჩუმე და გაუგებრობა უფრო სასტიკია , ვიდრე სიტყვები. ეს არის ამბავი არა მხოლოდ იმაზე თუ რა  მოხდა , არამედ იმაზე, რაც ვერ გავიგეთ და რაც სამუდამოდ მისტიკად დარჩა...




Saturday, July 26, 2025

ჯონ სტაინბეკი - "ედემის აღმოსავლეთით" John Steinbeck - "East of Eden"

 


        როგორც ავტორი ამბობს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი მის შემოქმედებაში.  წელს წაკითხული წიგნებიდან, ეს რომანი საუკეთესო აღმოჩნდა ჩემთვის. 

        წიგნში აღწერილია ტრასკებისა და ჰამილტონების ოჯახების ისტორია, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებული არიან ბიბლიურ პერსონაჟებთან. მწერალი დიდი ოსტატობით აღგვიწერს ადამიანის ორბუნებიან სახეს, წინა პლანზე წამოწევს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და ამით ხაზს უსვამს სამყაროში მუდმივ ჭიდილს სიკეთესა და ბოროტებას შორის. 

რაც შეეხება პერსონაჟებს , სტაინბეკმა ბევრი საინტერესო "პორტრეტი" შექმნა. ზოგიერთ მათგანს ძალიან შეიყვარებთ, ისე რომ მათ გამო ცრემლსაც გაიმეტებთ, ზოგიერთის მიმართ გულგრილობის გრძნობით განიმსჭვალებით, ხოლო ზოგიერთის მიმართ სიძულვილსა და სიბრალულს უხვად გაიმეტებთ.


      თითოეული პერსონაჟი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს მკითხველზე .            ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი , ჩემი აზრით, მოსამსახურე , ჩინელი კაცი - ლია, რომლის სახითაც ფაქტობრივად , მწერალი ხსნის კვანძს და გვიმხელს წიგნის მთავარ იდეას. ეს არის სიტყვა - "ტიმშელ" - "შენ შეგიძლია".. შენ შეგიძლია იბატონო ცოდვაზე და ყოველი ჩვენგანი თავად ირჩევს , თუ რომელი გზით იაროს. შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იყოს მსოფლიოში.

      რაც შეეხება დასასრულს, ძალიან ემოციური იყო , მაგრამ შვების მომგვრელი. იმდენად კარგი, რომ ვფიქრობ მთლიანი ამბავი და სიუჟეტი იდეალურად შეკრა.


 სამახსოვრო ფრაზები : 

  • წესრიგი აუცილებელი და სამართლიანი რამაა.
  • ჯარისკაცი ყველაზე წმინდაა ადამიანებს შორის, მას ყველაზე მძიმე გამოცდების გავლა უწევს.
  • ამ სამყაროში ძალიან ბევრი რამ კეთდება ინსტიქტურად.
  • თითქმის ყველა ადამიანი განიცდის შიშს  და მათ არ იციან, რა იწვევს ამ შეგრძნებას - აჩრდილები, დაბრკოლებები თუ უჩინარი სიკვდილის მოლოდინი.
  • დიდი საქმეები ისტორიის მიმდინარეობას ცვლის.
  • მახინჯ ადამიანს სწორედ სიმახინჯე მიაჩნია ნორმად, რადგან საკუთარ თავსყველა ნორმალურ არსებად თვლის.
  • შიში ადამიანს სიტუაციის კონტროლში უშლის ხელს.
  • ხალხის უმეტესობა მხოლოდ იმას ხედავს , რისი დანახვაც უნდა.
  • ძნელია, როდესაც ადამიანს ორი მხრიდან გაიცნობ და მერე იძულებეული ხარ , მარტო ერთი მხარე გახსოვდეს.
  • დანაშაულის გრძნობა უცნაური რამაა - ადამიანმა ყველაფერი რომ დათმოს, რაც კი გააჩნია, მაინც დაიტოვებს ერთ-ორ ადგილს ცოდვებისათვის, რომ ასაღელვებელი ჰქონდეს.
  • სიმდიდრე და უსაქმურობა ეშმაკის იარაღებია.
  • ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მაგიდას მივუსხდებით და შენ ყველაფერს პასეანსივით გაშლი. მანამდე კი... ჯერ ყველა კარტი უნდა შეაგროვო.
  • მოგონებების გარეშე  დრო ადამიანის წინაშე სრულიად უძლური იქნებოდა.
  • საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი თითქოს მძაფრსიუჟეტიან სერიალში ვცხოვრობთ  და სისტემატური დაძაბულობის რეჟიმში ვიმყოფებით.
  • თავიანთი სისუსტეების მიღმა ყველას ერთი სურვილი ამოძრავებს -  ხალხის სიყვარული რომ დაიმსახუროს.
  • მსოფლიოში ყველაზე კარგი მოსაუბრე სწორედ ის არის , ვინც სხვის საუბარს უსმენს.
  • გარემოს გამოცვლა , როგორც წესი, არაფერს ცვლის.


Thursday, July 17, 2025

ჰარუკი მურაკამი - "უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილგრიმობის წლები"

 



        ცუკურუ ტაძაკი რკინიგზის სადგურების მშენებელი მარტოსული კაცია, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია სამყაროში. ის იძენს და კარგავს ადამიანებს და იმ გამოქვაბულს ადარებს თავს, რომელსაც დროებით შეეფარებიან ხოლმე ჩიტები.

         ცუკურუ ბავშვობაში ოთხ თანატოლს დაუმეგობრდა : აკას (წითელი) , აოს (ლურჯი) , შიროს (თეთრი) და კუროს (შავი). ხუთ განუყრელ მეგობარს შორის მხოლოდ ცუკურო იყო უფერო... ერთხელ, მოულოდნელად მეგობრებმა ზურგი აქციეს და მიატოვეს, ისე , რომ არაფერი აუხსნიათ და არ განუმარტავთ.

         წლების შემდეგ ცუკურო ხვდება სარას, რომელსაც შეიყვარებს და რომელიც უბიძგებს მას , წარსულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი გაარკვიოს. ზუსტად 16 წლის შემდეგ ცუკურუ მიდის თავისი  ძველი მეგობრების სანახავად, რომ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში...


        ჰარუკი მურაკამის ეს რომანი 2014 წელს გამოიცა და მისმა ტირაჟმა იაპონიაში პირველ თვეში მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა . ვისაც მურაკამის წიგნები გიყვართ და დაიმეგობრეთ მისი არაჩვეულებრივი პერსონაჟები, დარწმუნებული ვარ ეს "უფერო" კაციც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს საყვარელ პერსონაჟებს შორის და საერთოდ ვიქრობ, რომ ამ უფერულ კაცს ძალიან ბევრი ფერი დაჰქონდა საკუთარი მარტოობის წლებში... 


სამახსოვრო ფრაზები : 

  • შეგიძლია მოგონებებს თავი მოუხუფო, მაგრამ ისტორიას, რომელმაც ისინი დაგიტოვა, ვერ წაშლა.
  • არსებობს ფიქრები, რომლებიც რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა გამოამჟღავნო.
  • იმას, ვისაც თავისუფლებას წაართმევენ, ბოლოს აუცილებლად შესძულდება ვინმე.
  • ცხოვრების მანძილზე თანდათანობით ვახერხებთ შევიცნოთ ჩვენი თავი და რაც მეტს აღმოვაჩენთ, უფრო მეტად ვკარგავთ საკუთარ თავებს.
  • ადამიანების გული ღამის ჩიტებს ჰგავს. რაღაცას ელის ჩუმად, მშვიდად, წყნარად და შემდეგ , დრო რომ მოვა, პირდაპირ მიფრინავს მისკენ.
  • საჭირო სიტყვები ყოველთვის უდროოდ , დაგვიანებით ადგება კაცს ენაზე. 

Wednesday, July 9, 2025

ფილიპ მაიკლ ონდააჩი - "ინგლისელი პაციენტი" Michael Ondaatje - "The English Patient"

 


        ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში წავიკითხე. რომანი ხასიათდება დახვეწილი წერის სტილით. მრავლად შეხვდებით ფილოსოფიურ ნააზრევს, უამრავ საინტერესო პასაჟს, აწმყოში წარსულის მისტიკური ისტორიების გაცოცხლებასა და ადამიანისთვის დამახასიათებელ ჰუმანურობას. 

      წიგნის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვითარდება, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში, სადაც ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულებრივად გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია : კანადელი ქურდი და გამნაღმველი. ეს წიგნიც მთლიანობაში ამ ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების შესახებაა, რომელთაც ომი აერთიანებთ და მისგან დაღდასმულნი უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ წარსულსა და ტკივილს.


       წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ რამხელა ძალა აქვს ომს, როგორ ფიტავს და ანადგურებს ის თითოეულ ადამიანს, აკარგვინებს მათ პირვანდელ სახეს და სრულიად სხვა პიროვნებებად აყალიბებს... ომი, ისევე როგორც სიყვარული, შინაგანად წვავთ მათ, დამწვარი სულის ტკივილი კი გაცილებით მტანჯველი და აუტანელია, ვიდრე დამწვარი კანი, რომელსაც ადამიანი მთლიანი სხეულით შეიგრძნობს.

 "ომიანობის დროს ღალატი მოსატანიც არაა იმ ღალატთან, რაც ადამიანებს მშვიდობიანობის დროს გვახასიათებს"


 

Tuesday, July 1, 2025

უილიამ სომერსეტ მოემი - "თეატრი" William Somerset Maugham - "Theatre"

 


           წიგნში მოთხრობილია 46 წლის ჯულია ლემბერტის ისტორია, ულამაზესი და პროფესიულად შემდგარი, შესანიშნავი მსახიობი ქალის. ის ცხოვრებისეულ კრიზისს განიცდის, რაც მას უბიძგებს რომანი გააჩაღოს ტომას ფენელთან, მასზე 25 წლით უმცროს მამაკაცთან.  ჯულიასთვის არასაკმარისი აღმოჩნდება მისი "იდეალური" ოჯახი და იგი ბედნიერებისა და სიამოვნების ძებნას სწორედ იმ ახალგაზრდა მამაკაცში ცდილობს, რომელიც სინამდვილეში მას მხოლოდ თეატრში წინსვლისა და თავის დამკვიდრებისთვის იყენებს. 

        მას შემდეგ, რაც ჯულიასთვის ყოველივე ნათელი გახდება, იგი შეასრულებს თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარ და გარდამტეხ როლს და სწორედ ამ იდეალურად შესრულებული სასცენო სახით, იგი იმარჯვებს, როგორც ამ დიდ ტყუილზე, ასევე საკუთარი თავის სისუსტეებსა და დამაბრმავებელ ვნებაზე. 


        წიგნის კითხვის პროცესში მკითხველი დარწმუნდება თუ რამდენად კარგად იცნობს ავტორი ქალის ბუნებას, როგორ ზედმიწევნით და ზუსტად გადმოსცემს ქალის ფიქრებს, ვნებებს, თვითდაჯერებულობას და სიყვარულს. ასევე ნახავს თუ რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ქალი ეჭვიანობამ და რა შეიძლება მოიმოქმედოს მან. ეჭვიანობა ღრღნის და აუძლურებს ადამიანს.  ზოგჯერ კი აძლიერებს და შურისძიების გრძნობას უღვივებს. ეჭვიანი ქალისთვის კი შურისძიება უპირველესი ხდება და მიმართავს არაძალადობრივი ქმედებებით სხვის დაუძლურებას.

       რომანის დასასრულიც გენიალური სიტყვებით გვირგვინდება :         

"თამაში - თვალთმაქცობაა და ეს თვალთმაქცობა გახლავთ ერთადერთი და ნამდვილი რეალობა ამ ცხოვრებაში."