როგორც ავტორი ამბობს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი მის შემოქმედებაში. წელს წაკითხული წიგნებიდან, ეს რომანი საუკეთესო აღმოჩნდა ჩემთვის.
წიგნში აღწერილია ტრასკებისა და ჰამილტონების ოჯახების ისტორია, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებული არიან ბიბლიურ პერსონაჟებთან. მწერალი დიდი ოსტატობით აღგვიწერს ადამიანის ორბუნებიან სახეს, წინა პლანზე წამოწევს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და ამით ხაზს უსვამს სამყაროში მუდმივ ჭიდილს სიკეთესა და ბოროტებას შორის.
რაც შეეხება პერსონაჟებს , სტაინბეკმა ბევრი საინტერესო "პორტრეტი" შექმნა. ზოგიერთ მათგანს ძალიან შეიყვარებთ, ისე რომ მათ გამო ცრემლსაც გაიმეტებთ, ზოგიერთის მიმართ გულგრილობის გრძნობით განიმსჭვალებით, ხოლო ზოგიერთის მიმართ სიძულვილსა და სიბრალულს უხვად გაიმეტებთ.
თითოეული პერსონაჟი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს მკითხველზე . ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი , ჩემი აზრით, მოსამსახურე , ჩინელი კაცი - ლია, რომლის სახითაც ფაქტობრივად , მწერალი ხსნის კვანძს და გვიმხელს წიგნის მთავარ იდეას. ეს არის სიტყვა - "ტიმშელ" - "შენ შეგიძლია".. შენ შეგიძლია იბატონო ცოდვაზე და ყოველი ჩვენგანი თავად ირჩევს , თუ რომელი გზით იაროს. შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იყოს მსოფლიოში.
რაც შეეხება დასასრულს, ძალიან ემოციური იყო , მაგრამ შვების მომგვრელი. იმდენად კარგი, რომ ვფიქრობ მთლიანი ამბავი და სიუჟეტი იდეალურად შეკრა.
სამახსოვრო ფრაზები :
- წესრიგი აუცილებელი და სამართლიანი რამაა.
- ჯარისკაცი ყველაზე წმინდაა ადამიანებს შორის, მას ყველაზე მძიმე გამოცდების გავლა უწევს.
- ამ სამყაროში ძალიან ბევრი რამ კეთდება ინსტიქტურად.
- თითქმის ყველა ადამიანი განიცდის შიშს და მათ არ იციან, რა იწვევს ამ შეგრძნებას - აჩრდილები, დაბრკოლებები თუ უჩინარი სიკვდილის მოლოდინი.
- დიდი საქმეები ისტორიის მიმდინარეობას ცვლის.
- მახინჯ ადამიანს სწორედ სიმახინჯე მიაჩნია ნორმად, რადგან საკუთარ თავსყველა ნორმალურ არსებად თვლის.
- შიში ადამიანს სიტუაციის კონტროლში უშლის ხელს.
- ხალხის უმეტესობა მხოლოდ იმას ხედავს , რისი დანახვაც უნდა.
- ძნელია, როდესაც ადამიანს ორი მხრიდან გაიცნობ და მერე იძულებეული ხარ , მარტო ერთი მხარე გახსოვდეს.
- დანაშაულის გრძნობა უცნაური რამაა - ადამიანმა ყველაფერი რომ დათმოს, რაც კი გააჩნია, მაინც დაიტოვებს ერთ-ორ ადგილს ცოდვებისათვის, რომ ასაღელვებელი ჰქონდეს.
- სიმდიდრე და უსაქმურობა ეშმაკის იარაღებია.
- ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მაგიდას მივუსხდებით და შენ ყველაფერს პასეანსივით გაშლი. მანამდე კი... ჯერ ყველა კარტი უნდა შეაგროვო.
- მოგონებების გარეშე დრო ადამიანის წინაშე სრულიად უძლური იქნებოდა.
- საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი თითქოს მძაფრსიუჟეტიან სერიალში ვცხოვრობთ და სისტემატური დაძაბულობის რეჟიმში ვიმყოფებით.
- თავიანთი სისუსტეების მიღმა ყველას ერთი სურვილი ამოძრავებს - ხალხის სიყვარული რომ დაიმსახუროს.
- მსოფლიოში ყველაზე კარგი მოსაუბრე სწორედ ის არის , ვინც სხვის საუბარს უსმენს.
- გარემოს გამოცვლა , როგორც წესი, არაფერს ცვლის.




No comments:
Post a Comment