Sunday, June 30, 2019

Antoine De Saint-Exupery - "the little prince" ანტუან დე სანტ-ეკზიუპერი - "პატარა უფლისწული"

მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც უკვე სრულასაკოვან ადამიანად იქცა.ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს.ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას : ლეონ ვერტს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

 

 წიგნში მოთხრობილ ამბავში , ავტორი თანამონაწილეა. მეორე მთავარ პერსონაჟად კი ქერათმიანი, ლამაზი , პატარა უფლისწული გვევლინება.საოცრად ცხოვრებისეულ, ცხოვრების სირთულეებზე დამხმარე წიგნად გამოგვადგება "პატარა უფლისწული".  წიგნის მთელი ეს ხიბლი და რჩევები ადამიანებთან ურთიერთობის თუ ზოგადად მათი ტიპების გასაცნობად ჩანს იმ თავებში , რომლებშიც უფლისწული სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობს. აქ თითქმის ყველანაირი ტიპის ადამიანს ხვდება და სწავლობს რა არის მათში ცუდი და კარგი.


პირველ პლანეტაზე - ასტეროიდზე , უფლისწულმა მეფე გაიცნო. მეფე თითქოს ყველაფერს მართავდა : მზეს, მთვარეს , ვარსკვლავებს. სინამდვილეში კი, მას არაფერი ემორჩილებოდა, რადგან მის პლანეტაზე არაფერი არ არსებობდა მის გარდა. ეკზიუპერმა  მეფით შეიძლება ითქვას ზედმეტად ამაყი, ამპარტავანი ადამიანი წარმოგვიდგინა. თანაც მსგავსი ადამიანის დახასიათებაც მკაფიოდ გადმოგვცა : "მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას  : მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია" .

მეორე პლანეტაზე მყოფი კაცი უფლისწულს სთხოვდა, რომ მისთვის თაყვანი ეცა. ის პატივმოყვარე ადამიანი იყო. ეკზიუპერი კი გვეუბნება : " პატივმოყვარე კაცის თვალში ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია . პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით" .

მესამე პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. ლოთი კაცით , ჩემი აზრით, ეკზიუპერმა სუსტი ადამიანი წარმოგვიდგინა. ისეთი ადამიანი , რომელიც ვეღარ უმკლავდება სირთულეებს და გამოსავალს სმაში პოულობს. მას აღარ უჩნდება ცხოვრების გაგრძელების სურვილი  და სულიერად  იშლება.

მეოთხე პლანეტაზე , ისეთი უსაქმური კაცი ცხოვრობდა, რომელიც  მხოლოდ ვარსკვლავებს ითვლიდა.


მეხუთე პლანეტაზე ერთი კაცი ცხოვრობდა , რომელსაც შუქის  ანთება და ჩაქრობა ევალებოდა მხოლოდ. ის ამის გამო ძილს ვერ ახერხებდა , თუმცა  საქმეს არ ეშვებოდა.ეკზიუპერმა უერთგულესი ადამიანი დაგვანახა ამ პერსონაჟით.

მეექვსე  პლანეტაზე , შედარებით საინტერესო პერსონა, გეოგრაფი ცხოვრობდა. თუმცა , აღმოჩნდა , რომ მას მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდა და არა პრაქტიკული. ამით ეკზიუპერმა შეგვახსენა , რომ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის ცხოვრებაში არ გამოიყენე. 



მეშვიდე პლანეტა დედამიწა იყო. უზარმაზარი დედამიწა.სწორედ აქ გაიცნო უფლისწულმა პატარა მელია, რომელმაც ბევრი რჩევა მისცა მას. აქ გაიცნო წიგნის ავტორიც...

წიგნის დასასრულს ეკზიუპერი თხოვნით მიმართავს მკითხველს : "ახედეთ ზეცას და იკითხეთ: შეჭამა ვარდი ბატკანმა თუ არა?  და თქვენ დაინახავთროგორ შეიცვლება ყველაფერი ... მაგრამ დიდები ვერასდროს მიხვდებიან, რამხელა რამ არის ეს".


სამახსოვრო ფრაზები :

  • უფესვოდ ძალიან ძნელია ცხოვრება.
  •  მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ შეუძლია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
  • მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ.
  • მდუმარებაშიც ანათებს რაღაც.
  • ლამაზი ის არის, რაც არ ჩანს.
  • უდაბნოში ცოტა არ იყოს და მარტობაა...ადამიანთა შორისაც მარტობაა...
  • რა უცნაური ხალხია ეს დიდები ...
  • როცა ადამიანს უმძიმს , მზის ჩასვლის ყურება უყვარს.
  • ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. ძალაუფლება , უპირველეს ყოვლისა გონებას უნდა ემორჩილებოდეს.


Friday, June 28, 2019

კენ კიზი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" Ken Kesey - "One flew over the cuckoos nest"

ვიკ ლოველს, ვინც მითხრა , ურჩხულები არ არსებობენო და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა...
     ამ მიძღვნით იწყებს კენ კიზი თავის რომანს , რომელშიც ასახულია ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, იმ სისტემის, რომელიც ადამიანებს აჩლუნგებს.


     რომანის მოქმედება ხდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.ერთ-ერთი მთავარი გმირია, პაციენტი მაკმერფი, რომელიც სავარაუდოდ სულიერ აშლილობას ციხიდან თავის დაღწევის მიზნით იგონებს. ის უპირისპირდება მთავარ ექიმს, რომელიც ძალაუფლებას პაციენტებისა და პერსონალის წინააღმდეგ იყენებს.ექთანი მაკმერფის ოპერაციაზე აგზავნის, რომელიც მას ანადგურებს. თუმცა , მანამდე ის ასწრებს "კომბინატის" შერყევას. საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანები, ცხოვრებით ტკბობას სწავლობენ, თავისუფლდებიან კომპლექსებისგან, ხდებიან გაბედულები და თავდაჯერებულები.

      მაკმერფის ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დასრულდა, მაგრამ განა არ არის სიმართლე, რომ  "ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია".
სისტემა ფიზიკურად იმარჯვებს , მაგრამ ასეთი ადამიანები არ მარცხდებიან. ამ წიგნის წაკითხვისას შეუძლებელია არ გაგიჩნდეს გრძნობა, რომ შენც გაქვს ემოციური პრობლემები,მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ უბრალოდ უნდა დახუჭო თვალები, რომ სულში ვერ ჩაგიძვრნენ, იპოვო რაიმე საყრდენი და იცინო. იცინო მაშინ , როცა გინდა ყვირილი და ტირილი. უნდა იცინო იმაზე, რაც გაწამებს, თორემ სამყარო ჭკუიდან გადაგიყვანს. ნამდვილად, ძლიერი ვერ იქნები, სანამ ყველაფერში სასაცილო მხარეს ვერ დაინახავ,სანამ არ მიხვდები, რომ ტკივილს არ უნდა მისცე საშუალება, გადაფაროს კომედია.  შეიძლება საზოგადოების წინააღმდეგ ვერაფერს გახდე, მაგრამ ეცადე მაინც...!!!

გახდი "არანორმალური" და გადაუფრინე გუგულის ბუდეს!!!

Thursday, June 27, 2019

ერიხ მარია რემარკი - "სამი მეგობარი"

           ყველა კარგი წიგნი ჩვენში რაღაცას ტოვებს. ეს არის წიგნის მთავარი ღირებულება, მთავარი თვისება, რის გამოც უყვართ და ემეგობრებიან. წიგნი გვასწავლის ცხოვრებას და ჩვენც, უბრალო ადამიანების და პერსონაჟების მაგალითზე ვცდილობთ გავიგოთ მეტი, მივბაძოთ გმირებს, არ გავიმეოროთ ცოდვილთა შეცდომები და უბრალოდ ვისწავლოთ ცხოვრება, სადაც არის სიხარული , სევდა , ტკივილი , განშორება ,  მეგობრობა და სიყვარული...


          ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი" ნამდვილი ემოციების მთელი ჯაჭვია, რომელიც უნდა განიცადო.ის ცხოვრების ნამდვილი მაგალითია. ზოგჯერ ძალიან მწარე, ნაღვლიანი და დამაფიქრებელი. თავიდან ვერც კი მივხვდი , რასთან მქონდა საქმე და სწორედ ამ მარტივმა სიუჟეტმა ჩამახედა ძალიან ღრმად ადამიანის ფიქრებში. მე ვიყავი თითოეული ადამიანი, ვინც ამ დროს თამაშობდა და მის როლს განვასახიერებდი, მათთან ერთად ვგრძნობდი და ვკვდებოდი. მე გავიგე, თუ როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ტაქსისტი და მეძავი, ჩავიხედე სიღარიბეში, გავიცანი ძნელი ყოფა, თავის ჩამოხრჩობაც, სიმთვრალეც და ბედნიერების შეგრძნებაც.

        წიგნის მთავარი გმირი გვიყვება თავის ცხოვრებაზე, რომელსაც აზრს აძლევს არაჩვეულებრივი ქალი და როცა ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება სიყვარული, ყველაფერი იცვლება ახლით. სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ უფულოდ, საყვარელ ადამიანთან ერთად , შეიძლება მოვიგონოთ, რომ ოდესღაც მდიდრები ვიყავით და ახლა გავკოტრდით. შევთხზათ ისტორიები , რომ ვიყავით რიო-დეჟანეიროში, თუ მას გავახარებთ.


         მე ყურადღებით ვკითხულობდი ახალ-ახალ თავებს, სადაც ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ზოგჯერ მეჩვენებოდა , რომ ცხოვრება მეტად მწარე და უსამართლოა და მე ბედნიერი ვერ ვიქნები. ზოგჯერ კი ამისთვის, ისიც საკმარისია, რომ გყავს კარგი მეგობარი, რომელიც უბრალოდ გაგრძნობინებს ,რომ ყოველთვის შენს გვერდით იქნება და შენთან ერთად გადაიტანს ტკივილს თუ ბედნიერებას. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მართლაც უნდა დავაფასოთ ის , რასაც მეგობრობა ჰქვია.


P.S.  იქნებ  უკეთესია ვიყოთ ბედნიერები ყოველგვარი მიზნების  და ამბიციების გარეშე , მაშინ , როცა ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან?!...

ერიხ მარია რემარკი - "ტრიუმფალური თაღი"

        ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოეძებნება,ადამიანის ადგილი კი არსად არის...
ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს - გერმანელ ექიმს,რომელიც ფაშისტ თანამემამულეებს გამოექცა. ემიგრანტებისთვის პარიზი ახალ ბაბილონად გადაიქცა.რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლებიდანვე მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალურითაღის ქვეშ არის მომწყვდეული.


ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება...

მოკლედ. დავიწყე კითხვა. გვერდით , კითხვისას, სულ მედო ცხელი ყავა, დღიური, რომელშიც რამდენიმე ძალიან კარგი ფრაზა ჩავიწერე. არ მინდოდა წიგნის კითხვა დამემთავრებინა. რამდენიმე დღე ვმოგზაურობდი საერთოდ სხვაგან, სხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანების გვერდით. განვიცდიდი სხვების ტკივილს, სევდას , ირონიას. ახალი ისტორიები , ახალი განცდები... თუმცა წიგნი დავამთავრე. რა დამრჩა ? თითქოს ის გამოცდილება , რაც ექიმმა რავიკმა თავისი ცხოვრებით მიიღო , მეც მივიღე.
                    

წიგნის კითხვის თავისუფლება

წიგნი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სურთ დროებით სხვაგან იყვნენ.
 ამ სიმართლეში არავის ეპარება ეჭვი,თუმცა მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვის რომ არაა წიგნები ესეც ფაქტია. ძნელია იმაზე საუბარი თუ რა ან როგორი სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს წიგნის წაკითხვამ,თუმცა ადვილია ისაუბრო წიგნის,კითხვის პრივილეგიებზე.
                          
ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ,ადამიანი ხდება იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.
არ ვიცი,რამ შეიძლება შეგაყვაროს კითხვა.ამის მიზეზი შეიძლება ერთი წიგნი აღმოჩნდეს,რომლის კითხვის დაწყებას ძლივს ახერხებდი ან შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა შეგაყვაროს ის. მე მაინც პირველი ვარიანტი მგონია უფრო შესაძლებელი. ადამიანებს უყვართ, როდესაც რომელიღაც ნაწარმოებში, თუნდაც სპექტაკლში ,თუნდაც ნახატში ან მუსიკის ტექსტშიც კი მათი სიტუაციის შესაფერის გრძნობებსა და სიტყვებს პოულობენ. სწორედ ამიტომ ,შეიძლება მათაც ჩაუვარდეთ ხელში წიგნი, რომელიც იმ დროს და იმ პერიოდში მათ საუკეთესო მეგობრობას გაუწევს, გაამხნევებს და იმედს მისცემს.
 
რა არის კითხვა?! და ზოგადად წიგნი ჩემთვის?! ამაზე შემიძლია მარტივად გავცე პასუხი: წიგნის კითხვა ჩემთვის თავისუფლებაა.აი ისეთი თავისუფლება,როცა გგონია რომ უბრალოდ დაფრინავ!!!