Thursday, June 27, 2019

ერიხ მარია რემარკი - "სამი მეგობარი"

           ყველა კარგი წიგნი ჩვენში რაღაცას ტოვებს. ეს არის წიგნის მთავარი ღირებულება, მთავარი თვისება, რის გამოც უყვართ და ემეგობრებიან. წიგნი გვასწავლის ცხოვრებას და ჩვენც, უბრალო ადამიანების და პერსონაჟების მაგალითზე ვცდილობთ გავიგოთ მეტი, მივბაძოთ გმირებს, არ გავიმეოროთ ცოდვილთა შეცდომები და უბრალოდ ვისწავლოთ ცხოვრება, სადაც არის სიხარული , სევდა , ტკივილი , განშორება ,  მეგობრობა და სიყვარული...


          ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი" ნამდვილი ემოციების მთელი ჯაჭვია, რომელიც უნდა განიცადო.ის ცხოვრების ნამდვილი მაგალითია. ზოგჯერ ძალიან მწარე, ნაღვლიანი და დამაფიქრებელი. თავიდან ვერც კი მივხვდი , რასთან მქონდა საქმე და სწორედ ამ მარტივმა სიუჟეტმა ჩამახედა ძალიან ღრმად ადამიანის ფიქრებში. მე ვიყავი თითოეული ადამიანი, ვინც ამ დროს თამაშობდა და მის როლს განვასახიერებდი, მათთან ერთად ვგრძნობდი და ვკვდებოდი. მე გავიგე, თუ როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ტაქსისტი და მეძავი, ჩავიხედე სიღარიბეში, გავიცანი ძნელი ყოფა, თავის ჩამოხრჩობაც, სიმთვრალეც და ბედნიერების შეგრძნებაც.

        წიგნის მთავარი გმირი გვიყვება თავის ცხოვრებაზე, რომელსაც აზრს აძლევს არაჩვეულებრივი ქალი და როცა ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება სიყვარული, ყველაფერი იცვლება ახლით. სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ უფულოდ, საყვარელ ადამიანთან ერთად , შეიძლება მოვიგონოთ, რომ ოდესღაც მდიდრები ვიყავით და ახლა გავკოტრდით. შევთხზათ ისტორიები , რომ ვიყავით რიო-დეჟანეიროში, თუ მას გავახარებთ.


         მე ყურადღებით ვკითხულობდი ახალ-ახალ თავებს, სადაც ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ზოგჯერ მეჩვენებოდა , რომ ცხოვრება მეტად მწარე და უსამართლოა და მე ბედნიერი ვერ ვიქნები. ზოგჯერ კი ამისთვის, ისიც საკმარისია, რომ გყავს კარგი მეგობარი, რომელიც უბრალოდ გაგრძნობინებს ,რომ ყოველთვის შენს გვერდით იქნება და შენთან ერთად გადაიტანს ტკივილს თუ ბედნიერებას. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მართლაც უნდა დავაფასოთ ის , რასაც მეგობრობა ჰქვია.


P.S.  იქნებ  უკეთესია ვიყოთ ბედნიერები ყოველგვარი მიზნების  და ამბიციების გარეშე , მაშინ , როცა ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან?!...

No comments:

Post a Comment