Sunday, November 24, 2019

ჯორჯ ორუელი - "ცხოველების ფერმა" George Orwell - "Animal Farm"


         "ცხოველების ფერმა" არის ნაწარმოები რუსეთის რევოლუციაზე და მის მიერ შექმნილ ტოტალიტარულ რეჟიმზე.საბჭოთა კავშირში ეს ნაწარმოები აკრძალული იყო, რადგან საბჭოთა რეჟიმმა მასში საკუთარი თავი ამოიცნო. წიგნი 1945 წელს გამოვიდა და მოინათლა პოლიტიკურ ალეგორიად. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ის რეჟიმიც წარსულს ჩაბარდა, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია ერთი-ერთში ჯდება წიგნის სიუჟეტთან.

         წიგნის მთავარი გმირები ცხოველები არიან. ისინი თავიანთ პატრონს - ჯოუნზს აუჯანყდებიან, ფერმიდან განდევნიან და დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას.აჯანყებას ცხოველებს შორის, ყველაზე გონიერნი - ღორები ხელმძღვანელობენ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. ისინი მუხლჩაუხრელად შრომობენ, რადგან იციან რომ ეს მათი კეთილდღეობისთვისაა საჭირო. ისინი იცავენ თანასწორობის პრინციპებს და მათ მიერ შემოღებულ შვიდ მცნებას.
  • ყველა , ვინც ორ ფეხზე დადის , ცხოველის მტერია.
  • ყველას , ვისაც  ოთხი ფეხი და ფრთები აქვს , ცხოველის მეგობარია.
  • არცერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი.
  • არცერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში.
  • არცერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი.
  • არცერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი.
  • ყველა ცხოველი თანასწორია.     


        თუმცა მალევე ირღვევა რევოლუციით შექმნილი იდილია და ღორები გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ.  ღორების პრივილეგია კიდევ უფრო გაფართოვდა , როდესაც ცბიერმა ღორმა ნაპოლეონმა , თავისი პოლიტიკური კონკურენტი - სნოუბოლდი ფერმიდან გააძევა და მისგან ნამდვილი მტრის ხატი  შექმნა. ღორების გაბატონების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა , მათ შორის  ცხოველების მიერ შემოღებული შვიდი მცნებაც. ღორი ნაპოლეონი, რომელიც დიქტატორად იქცა ერთგული ძაღლების დახმარებით, ძალადობით ახერხებს ყველა განსხვავებული აზრის მოსპობას და დიქტატურის შენარჩუნებას.

       რაღაც პერიოდის შემდეგ , შენც ისეთივე ღორი ხდები, როგორი მმართველიც გყავს. მას შენ ირჩევ, შენ აძლევ უფლებას ის გიქნას , რაც მოუნდება,  დებილივით დგახარ და  იტან ყველაფერს, პროტესტის გრძნობა ვისაც უჩნდება , იმას სჯიან და გეშინია , იგივე არ დაგემართოს.იმას კი ვეღარ ფიქრობ , რომ ერთიანობას ვერცერთი ღორი ვერ უწევს წინააღმდეგობას. ხალხის ძალას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მერე რა, თუ მათ შორის მრავლად არიან ღორები, ვირთხები, მშიშრები და ეგოისტები. მთავარია ღირსება არ დაკარგო...


Tuesday, November 19, 2019

ვირჯინია ვულფი - "საკუთარი ოთახი" Virginia Woolf - "A room of one`s own"


         ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი" ქალთა უფლებების დასაცავად მიძღვნილი წიგნია. რატომ არ ქმნიან ქალები დიდ ლიტერატურას?! რატომ არ ჰყავს მსოფლიოს ქალი მოაზროვნეები?! ამ კითხვებზე მწერალს საკუთარი ახსნა აქვს. "საკუთარი ოთახი", სინამდვილეში - ადამიანის პირადი სივრცეა და თუ შენი თავი შენვე გაბარია , ოთახის გარეშე ყოფნასაც აიტან.

"მიეცით ქალს საკუთარი ოთახი,500 გირვანქა წლიური შემოსავალი,მიეცით საშუალება ხშირად გაანძრიოს ტვინი და სულ მალე ის შექმნის უკეთეს ნაწარმოებს."

         ვირჯინიას აზრით,მთავარი, რის გამოც ქალები ვერ ქმნიდნენ რაიმე ღირებულს,  იყო ცხოვრების ერთფეროვნება. კაცი ომობდა, შეუზღუდავად იღებდა  ყველაფერს , რაც ადამიანის ცხოვრებას ამრავალფეროვნებს. ქალებს კი, თავისი შემოსავალი არასდროს არ ჰქონდათ და მხოლოდ ქმრისა და ბავშვების მოვლა ევალებოდათ. მათ ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა ისეთი , რაც მათი ინსპირაციის წყაროდ იქცეოდა.

       ვირჯინია ვულფის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.ქალებმა თავი დააღწიეს მეორე სქესის მფარველობას. თუ დღეს რომელიმე ქალს კაცის ნეკნობა უნდა , ეს მისი არჩევანი უფროა, ვიდრე თავს მოხვეული აზრი თუ ძალადობა.

       მიუხედავად ამისა , ვირჯინია ვულფი ხაზს უსვამს თავის სქესს, თუმცა შესაძლოა მაშინ ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ეს წიგნიც , ცოტა არ იყოს გაბრაზებული და ნიშნის მოგებით დაწერილია.

       ინტელექტუალური თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში. ამას , მატერიალური მდგომარეობის გარეშეც შეგიძლია მიაღწიო. დღეს, უკვე ნამდვილად და თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ქალების უმრავლესობამ თავი დააღწია კაცის მფარველობას და სწორედ ის დროა, მსოფლიოს ახალი აღმოჩენები შეემატოს.

    სამახსოვრო ფრაზები:
  • შეგიძლიათ, საიმედოდ გამოკეტოთ თქვენი ბიბლიოთეკები; მაგრამ არ არსებობს კარიბჭე, არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ.
  •  მწერლისათვის საბედისწეროა, იყო უბრალოდ ქალი ან კაცი; მას ორივე ბუნება უნდა გააჩნდეს.
  •  ჩემი შეხედულებების მოსმენის შემდეგ, იქნებ დამეთანხმოთ კიდეც, რომ ფულსა და საკუთარ ადგილს მართლაც აქვს რაღაც გავლენა ქალებსა და ლიტერატურაზე. ყოველ შემთხვევაში, როდესაც თემა ასეთი საკამათოა, ჭეშმარიტების ღაღადზე პრეტენზია ისედაც არავის არ უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შესაძლებელია, ისაა, რომ აუდიტორიას მისცე საშუალება საკუთარი დასკვნები გამოიტანოს შენი ნაამბობიდან. მოცემულ შემთხვევაში ფაქტებზე მეტ სიმართლეს თავად ლიტერატურა თუ შემოგვთავაზებს.
  •  ცხოვრება ორივე სქესისათვის – მძიმე, სასტიკი, გამუდმებული ბრძოლაა, რომელსაც გიგანტური გამბედაობა და ძალა სჭირდება. ალბათ ყველაზე მეტად, ილუზიებით სავსე ისეთი არსებებისათვის, როგორებიც ჩვენ ვართ, ეს ყველაფერი საკუთარი თავის რწმენას მოითხოვს. საკუთარი თავის რწმენის გარეშე აკვნის ბავშვებს ვგავართ.

Sunday, November 17, 2019

ნიკოლას სპარქსი - "დღიური" Nicholas Sparks -"The Notebook"


       "დღიური" რომანტიკული რომანია და ამ ჟანრის მოყვარულებს მოეწონებათ.საკმაოდ დახვეწილი ნაწერია და საინტერესო პასაჟებით მოთხრობილი ამბავი. გარკვეულ მომენტებში კარგად გამოსდის პერსონაჟების ემოციების მკითხველამდე მოტანა...

        ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.უყვარს , როდესაც ხედავს და მაშინ, როდესაც მიდის...თუ ნოასა და ელივით რეალურ ცხოვრებაშიც უყვართ, უდიდესი ბედნიერებაა - როცა ვინმეს ჰყავხარ, ედარდები და შენს გარეშე ცუდად არის.


       მთავარი ისაა, რომ ელის ნოა მაშინაც ჰყავს ,როცა მეხსიერებას კარგავს.მათ ესმით ერთმანეთის ერთი შეხედვით, გრძნობენ ერთმანეთს.საოცარია ის, რომ ნოა მხოლოდ სიტყვებით ახერხებს ელის ჯანმრთელობის გაუარესების პროცესის შესუსტებას. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებით ემოციური მომენტი, რომელზეც დაბინდული გონებითაც კი რეაგირებ...

      კომუნიკაციის პრობლემა, რამაც ერთხელ მათი დაშორება გამოიწვია, ახლა სასაცილო და ნაკლებდასაჯერებელია.

       წიგნის წაკითხვის შემდეგ აცნობიერებ თუ როგორი ძლიერი გრძნობა შეიძლება იყოს სიყვარული. წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი , რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა და დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ფილმად .


Saturday, November 16, 2019

უილიამ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" William Golding - "Lord of the flies"


        გოლდინგი - ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში, ყველაზე სკანდალური მწერალია. დიდი ხანია არც ერთ ნაწარმოებს ასე არ დავუთრგუნივარ.

        რომანში მოქმედება დაუსახლებელ კუნძულზე ხდება,სადაც 13 წლამდე ბავშვები სრულიად მარტო აღმოჩნდებიან.მთავარი გმირები არიან - რალფი და ჯეკი.ორივე ბუნებით - ლიდერი, მაგრამ ამავე დროს სრულიად განსხვავებული. ჯეკი -  დაუნდობელი და სასტიკია, რალფი - უფრო რბილი და მგრძნობიარე. კუნძულზე , ზრდასრული ადამიანების გარეშე მოხვედრილი ბავშვები, ცდილობენ შექმნან საკუთარი საზოგადოება, "ზედმეტი" უფროსების და მათი "სულელური წესების" გარეშე... ჯეკი პატარა ბავშვების ჯგუფიდან შექმნის მონადირეთა ხროვას, რომლებსაც მობეზრდათ ხილით კვება და თვალის დევნება ცეცხლისთვის, რომელიც იმ იმედით დაანთეს , რომ მათ ვინმე შეამჩნევდა...
       

        მას შემდეგ, რაც ჯეკმა პირველად მოკლა ღორი, ბიჭებში რაღაც უცნაური გრძნობა იღვიძებს, რისი კონტროლიც მათ არ შეუძლიათ. პატარა ბიჭების სისასტიკემ შეიძლება მეტყველების უნარი დაგაკარგვინოთ რამდენიმე წუთით, როგორი საოცარია არაადამიანურობა.... ბიჭებს შორის დაძაბულობის პარალელურად იზრდება ურჩხულისადმი შიში,რომელმაც მათ გულებშიც დაიკავა ადგილი...

      კითხვის დროს ისეთი შეგრძნება გიჩნდება ,თითქოს საზოგადოების წინაშე გაშიშვლებენ,ყველას წინაშე გამოაქვთ შენი ბნელი მხარეები, ჯერ გრცხვენია, თავს დამცირებულად გრძნობ, მაგრამ ნელ-ნელა სიამაყით ივსები და შიშიც ქრება... რა არის ნეტავ შენი სითამამის მიზეზი? ალბათ ის, რომ იცი - ისინიც შენნაირები არიან...

     იქნებ, არსებობს ურჩხული ... იქნებ მას ჩვენი სახელი ჰქვია...


Monday, November 11, 2019

სტიგ ლარსონი - "გოგონა დრაკონის ტატუთი" Stieg Larsson - "The Girl With The Dragon Tattoo"


         ისტორია იწყება ძალიან საინტერესოდ. მდიდარი, მოხუცი კაცი თავის 82-ე  დაბადების დღეზე საჩუქარს იღებს რომელშიც ჩარჩოში ჩასმული იშვიათი გამხმარი ყვავილია. სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ის უკვე 40 წელია იღებს ანონიმური პიროვნებისგან. მოხუცი მას მანიაკად თვლის, რომელსაც მისი ჭკუიდან შეშლა აქვს გადაწყვეტილი, რადგან ის 40 წლის წინ გაუჩინარებულ, თავის ძმიშვილის საქმეს იძიებს. ის თვლის, რომ მკვლელს მისი თავიდან მოშორება სურს. მრავალი წლის წინანდელ ამბავს, რომელსაც თავიდან ათობით ადამიანი იძიებდა, მხოლოდ ის და “მკვლელი” შერჩნენ.
   
         სასოწარკვეთილი ჰენრიკ ვანგერი გადაწყვეტს ბოლოჯერ სცადოს საქმის გახსნა და ამისათვის არანაკლებ სასოწარკვეთილ ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს მიმართავს, რომელმაც ეს ესაა წააგო საქმე მდიდარ თაღლითთან და ცილისწამებისთვის ციხე ელის. ის ცნობილია თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით და მეტსახელით კალე ბლუმკვისტი როგორც ასტრიდ ლიდგრენის საბავშვო რომანის გმირი. ვანგერი მიქაელს სუსტ წერტილს უძებნის და მისი ძმიშვილის საქმის გამოძიების სანაცვლოდ ახალ კომპრომატებს ჰპირდება თაღლითის წინააღმდეგ.. კალე კი იძულებულია სოლიდური თანხის და ინფორმაციის სანაცვლოდ "ბზიკების ბუდეში" შეაბიჯოს, რომელსაც ვანგერების ოჯახი საოცრად გავს… მიქაელი ტოვებს თავის ცხოვრებას და მიყრუებულ კუნძულზე გადადის ერთი წლით საცხოვრებლად . დახმარებას კი 24 წლის “შეშლილ”, ჰაკერ გოგოს ლისბეთ სალანდერს თხოვს, რომელიც ფირმაში მუშაობს და რაღაც “ეშმაკის მანქანებით” ახერხებს ყველა “კლიენტზე” ყველაზე შავბნელი ინფორმაციის მოძიებას.



        გოგონა ფოტოგრაფიული მეხსიერებით და ძალიან ძლიერი ადამიანია.
აი აქ იწყება ისტორია. დაძაბული და სრულიად გაურკვეველი. საქმე იმდენადაა ჩახლართული ,რომ აზრზე ვერ მოდიხარ, საიდან შეიძლება დაიწყოს კვანძის გახსნა. რანაირად შეიძლება ჩაკეტილი წრიდან გამოღწევა ,რომელსაც ღრიჭოც კი ვერ მოუძებნეს 40 წლის განმავლობაში...არის მკვლელობა, მაგრამ არ არის გვამი... არის ფოტოები, რომლებსაც არაფერი დაუნახავთ, არიან თვითმხილველები, რომლებიც ფოტოებივით არაფერს ამბობენ. არის კი ეს მკვლელობა?! რა ხდება ვანგერების ოჯახში სადაც ჰენრიკის გარდა ყველა კაცი ქალების მოძულე ნაცისტი იყო. რა მოუვიდა სინამდვილეში ჰარიეტს?!


            აქ არის ყველაფერი რაც მკითხველს უყვარს: საინტერესო დეტექტივი რომლის ფინალიც ნამდვილად მოულოდნელია, ოჯახური დრამა, რელიგიური ტრილერი, პოლიტიკური ინტრიგები…ისტორია იმაზე ,თუ როგორ შეიძლება დაუნგრიოს ცხოვრება ბევრ ადამიანს ერთი ადამიანის ეგოიზმმა და ფანატიკურმა "ვითომ" რწმენამ და ფატალურმა იდეალებმა…რა თქმა უნდა წიგნს აქვს უარყოფითი მხარეები, თუმცა ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის... მე მომეწონა...

Sunday, November 10, 2019

პოლ ოსტერი - "ნიუ-იორკული ტრილოგია" Paul Auster - "The New York Trilogy"


         ერთი შეხედვით, ყოველი ნაწარმოები, ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი რეალური სამყაროს პარალელურად არსებობს, ჩვენ ვგრძნობთ მათ მატერიალურობას, ვეხებით წიგნს , ვფურცლავთ, ვდებთ მასში სანიშნს ან ვწყვეტთ კითხვას რომელიმე პარაგრაფის შემდეგ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთში ირევა და ხდება ტექსტის ნაწილი?!  როცა ავტორი თავად არის წიგნის პერსონაჟი, როცა ორი პერსონაჟი ადგილებს იცვლის, ირევა დრო , სივრცე, ცნობიერება და ჩვენ ვეღარ ვაგნებთ დასასრულს, სამაგიეროდ კი გვრჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა...

        ეს წიგნი არის ადამიანებზე...არა დაჩაგრულ , ბოროტ ან კეთილ ადამიანებზე, არამედ უბრალოდ ადამიანებზე , რომლებიც ზოგჯერ მეორდებიან , მაგრამ განსხვავებული ფუნქცია ეძლევათ. პოლ ოსტერის გმირები, უსასრულოდ და თითქოს უაზროდ დაეხეტებიან ნიუ-იორკის ქუჩებში, ზოგიერთი ტანჯული მკითხველი, თავს მათსავით გრძნობს, კითხვის პროცესი აუტანელიც შეიძლება გახდეს, როცა სიუჟეტი გაუგებარია, მწერლის განზრახვა ბუნდოვანი, აღქმის უნარი დაკარგული და სამყარო გაუცხოებული...

        წიგნში გმირები ერთმანეთს საკმაოდ ჰგვანან. ისეთი სევდიანები არიან, წვალობენ ზოგჯერ მათი მსხვერპლი არაფრისმომცემია, ისინი იმდენად მარტონი არიან , თავს თვალთვალით ირთობენ.  თავდაპირველად საქმეა თვალთვალი, შემდეგ ეს ხდება ცხოვრების განუყოფელი წესი, რომელსაც ვერანაირად ვეღარ აჩერებ... მერე ყველა ერთმანეთს უთვალთვალებს და  მთელი წიგნი ერთმანეთთან  ჩასაფრება, თვალთვალი,  მუდმივი ძიების და მოლოდინის პროცესია....

        “ბედის თამაშს ვინ რას გაუგებს…ზოგადად ადამიანის სიცოცხლე მკვეთრად იცვლის ხოლმე მიმართულებას,ირყევა, გეზი თითქოს არჩეული აქვს,მაგრამ შუა გზაში მკვეთრად უხვევს,ერთხანს დგას,დინებას მიყვება,მერე ხელახლა აგრძელებს სვლას.წინასწარ არაფერია ცნობილი და როცა დანიშნულების ადგილს მიაღწევ,მთლად ისეთი არ აღმოჩნდება ხოლმე, როგორსაც მოელოდი…გარემოებები,რომლებიც ცხოვრებას გეზს უცვლის,იმდენნაირი შეიძლება იყოს,რომ სანამ ადამიანი არ მოკვდება,გარკვევევით რამის თქმა შეუძლებელია.სიკვდილი მხოლოდ ბედნიერების ერთადერთი შემფასებელი კი არ არის,არამედ თავად სიცოცხლის ერთადერთი საზომიცაა…”

    
        პოლ ოსტერს, შეუძლია მკითხველი აქციოს თავისი მხატვრული სამყაროს ნაწილად, თავი აგრძნობინოს ნიუ-იორკში, ან ჩაკეტილ ოთახში მყოფ დეტექტივად, რომელიც გამუდმებით უთვალთვალებს მოპირდაპირე კორპუსში ვიღაცას, შენც დაკარგული ხარ, აჩრდილი ხარ, ორეული გყავს, რომელიც მატარებლიდან გამოსული სხვა გზით წავა, შენც ურიგდები მამას და გეშინია სიტყვების ,რომლებსაც დაკარგავ, ან თეთრი ფერის, რომელიც მოულოდნელად იქცევა შავად...

       რაც მთავარია , სამყაროში არსებობს უამრავი კითხვა, რომლებზეც არაა აუცილებელი მწერალმა გასცეს პასუხები, მისი პრეროგატივაა კითხვები დასვას ...


Saturday, November 2, 2019

პოლ ოსტერი - "ილუზიების წიგნი" Paul Auster - "The book of illusions"


         გაიცანით - პოლ ოსტერი  - ამერიკელი მწერალი, ენათმეცნიერი, სცენარისტი, პოეტი და მთარგმნელი. მის მიერ დაწერილი 3 წიგნი მაქვს წაკითხული და ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნზე მოგიყვებით. 

         "ილუზიების წიგნი" ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ მწერალს რეჟისორობა ყოველთვის სურდა. მასში კინოსადმი სიყვარული დიდი დოზითაა გადმოცემული.  პროფესორი დევიდ ზიმერი თავს დატეხილი ტრაგედიის შემდეგ , შველას სწორედ კინოში პოულობს. თანაც მუნჯ კინოში. :ყველას ეგონა, რომ ეს ადამიანი მკვდარია..." - ასე იწყება წიგნი, რომელიც მუნჯი კინოს ვარსკვლავის - ჰექტორ მანის შესახებ მოგვითხრობს. ჰექტორ მანი 20 -ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, ერთ დღეს მოულოდნელად გაუჩინარდება. წლების განმავლობაში მისი ასავალ-დასავალის შესახებ  ვერცერთი დეტექტივი თუ კერძო გამომძიებელი ვერაფერს იგებს. დროთა განმავლობაში , მსახიობი ყველას ავიწყდება...ერთ დღეს კი , თავის ტრაგიზმთან მარტოდმარტო დარჩენილი პროფესორი დევიდ ზიმერი , ჰექტორ მანის ერთ-ერთ კინოს უყურებს  და ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად გაეცინება. სწორედ ეს მომენტი გახდება ბიძგი...ბიძგი ახალი ცხოვრების დასაწყებად. პროფესორი მსახიობის ბიოგრაფიის შესწავლას და შემდეგ მის შესახებ წიგნის დაწერას მიზნად ისახავს. ერთ დღეს კი უცნაურ წერილს იღებს, საიდანაც ირკვევა , რომ ჰექტორ მანი არ დაღუპულა და მასთან შესახვედრად მზად არის.

          პოლ ოსტერი გამოგონილ მსახიობს და მის კინოებს ისე რეალურად აღწერს , რომ რამდენიმეჯერ დავგუგლე , რომ მენახა იქნებ მართლა არსებობდა ასეთი პიროვნება...მაგრამ, ამაოდ...  დარწმუნებული ვარ , წიგნი დაგაინტერესებთ და პოლ ოსტერს ისევე დაუმეგობრდებით, როგორც მე.


     სამახსოვრო ფრაზები :
  • მემგონი, ყველა ჩვენგანს სურს, რომ შეუძლებელი, მიუღწეველი რამეებისა სწამდეს, თავი დაირწმუნოს, რომ სასწაულები ხანდახან მაინც ხდება.
  • კინო ვიზუალური ენაა, ამბების თხრობის ხერხი ორგანზომილებიან ეკრანზე სახეების ჩვენებით.
  •  მათხოვარს საქმე ასარჩევად არ აქვს.
  •  სამყარო ილუზიაა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად ხელახლა აქვს გამოსაგონი.
  •  ნეტავი რამდენი ადამიანია კიდევ ცოცხალი იმათგან, ვინც კი ცხოვრების გზაზე შემომხვედრია?
  •  ამბობენ, მოულოდნელს მუდამ ელოდეო, მაგრამ იმას კი აღარ მოველოდი, რომ მოულოდნელს გამეორება სცოდნია.
  •  მძიმე გასაჭირის წუთები ადამიანებს გამძლეობას უორკეცებს; ან უფრო ზოგადად რომ ვთქვათ: ადამიანი სრული ცხოვრებით ცხოვრებას ვერ დაიწყებს, თუ კი მანამდე განგებამ კედელთან არ მიიმწყვდია.
  •  არაფერი იკარგება იქიდან, რაც კი ოდესმე შეგვმთხვევია.
  •  ყველა ადამიანს საკუთარი ათვლის წერტილი აქვს და საითაც გინდა წადი ამ ადგილიდან სიცოცხლის განმავლობაში, ბოლოს მაინც აღმოჩნდება, რომ ისევ იქ დაბრუნებულხარ.