Sunday, November 10, 2019

პოლ ოსტერი - "ნიუ-იორკული ტრილოგია" Paul Auster - "The New York Trilogy"


         ერთი შეხედვით, ყოველი ნაწარმოები, ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი რეალური სამყაროს პარალელურად არსებობს, ჩვენ ვგრძნობთ მათ მატერიალურობას, ვეხებით წიგნს , ვფურცლავთ, ვდებთ მასში სანიშნს ან ვწყვეტთ კითხვას რომელიმე პარაგრაფის შემდეგ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთში ირევა და ხდება ტექსტის ნაწილი?!  როცა ავტორი თავად არის წიგნის პერსონაჟი, როცა ორი პერსონაჟი ადგილებს იცვლის, ირევა დრო , სივრცე, ცნობიერება და ჩვენ ვეღარ ვაგნებთ დასასრულს, სამაგიეროდ კი გვრჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა...

        ეს წიგნი არის ადამიანებზე...არა დაჩაგრულ , ბოროტ ან კეთილ ადამიანებზე, არამედ უბრალოდ ადამიანებზე , რომლებიც ზოგჯერ მეორდებიან , მაგრამ განსხვავებული ფუნქცია ეძლევათ. პოლ ოსტერის გმირები, უსასრულოდ და თითქოს უაზროდ დაეხეტებიან ნიუ-იორკის ქუჩებში, ზოგიერთი ტანჯული მკითხველი, თავს მათსავით გრძნობს, კითხვის პროცესი აუტანელიც შეიძლება გახდეს, როცა სიუჟეტი გაუგებარია, მწერლის განზრახვა ბუნდოვანი, აღქმის უნარი დაკარგული და სამყარო გაუცხოებული...

        წიგნში გმირები ერთმანეთს საკმაოდ ჰგვანან. ისეთი სევდიანები არიან, წვალობენ ზოგჯერ მათი მსხვერპლი არაფრისმომცემია, ისინი იმდენად მარტონი არიან , თავს თვალთვალით ირთობენ.  თავდაპირველად საქმეა თვალთვალი, შემდეგ ეს ხდება ცხოვრების განუყოფელი წესი, რომელსაც ვერანაირად ვეღარ აჩერებ... მერე ყველა ერთმანეთს უთვალთვალებს და  მთელი წიგნი ერთმანეთთან  ჩასაფრება, თვალთვალი,  მუდმივი ძიების და მოლოდინის პროცესია....

        “ბედის თამაშს ვინ რას გაუგებს…ზოგადად ადამიანის სიცოცხლე მკვეთრად იცვლის ხოლმე მიმართულებას,ირყევა, გეზი თითქოს არჩეული აქვს,მაგრამ შუა გზაში მკვეთრად უხვევს,ერთხანს დგას,დინებას მიყვება,მერე ხელახლა აგრძელებს სვლას.წინასწარ არაფერია ცნობილი და როცა დანიშნულების ადგილს მიაღწევ,მთლად ისეთი არ აღმოჩნდება ხოლმე, როგორსაც მოელოდი…გარემოებები,რომლებიც ცხოვრებას გეზს უცვლის,იმდენნაირი შეიძლება იყოს,რომ სანამ ადამიანი არ მოკვდება,გარკვევევით რამის თქმა შეუძლებელია.სიკვდილი მხოლოდ ბედნიერების ერთადერთი შემფასებელი კი არ არის,არამედ თავად სიცოცხლის ერთადერთი საზომიცაა…”

    
        პოლ ოსტერს, შეუძლია მკითხველი აქციოს თავისი მხატვრული სამყაროს ნაწილად, თავი აგრძნობინოს ნიუ-იორკში, ან ჩაკეტილ ოთახში მყოფ დეტექტივად, რომელიც გამუდმებით უთვალთვალებს მოპირდაპირე კორპუსში ვიღაცას, შენც დაკარგული ხარ, აჩრდილი ხარ, ორეული გყავს, რომელიც მატარებლიდან გამოსული სხვა გზით წავა, შენც ურიგდები მამას და გეშინია სიტყვების ,რომლებსაც დაკარგავ, ან თეთრი ფერის, რომელიც მოულოდნელად იქცევა შავად...

       რაც მთავარია , სამყაროში არსებობს უამრავი კითხვა, რომლებზეც არაა აუცილებელი მწერალმა გასცეს პასუხები, მისი პრეროგატივაა კითხვები დასვას ...


No comments:

Post a Comment