Tuesday, November 19, 2019

ვირჯინია ვულფი - "საკუთარი ოთახი" Virginia Woolf - "A room of one`s own"


         ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი" ქალთა უფლებების დასაცავად მიძღვნილი წიგნია. რატომ არ ქმნიან ქალები დიდ ლიტერატურას?! რატომ არ ჰყავს მსოფლიოს ქალი მოაზროვნეები?! ამ კითხვებზე მწერალს საკუთარი ახსნა აქვს. "საკუთარი ოთახი", სინამდვილეში - ადამიანის პირადი სივრცეა და თუ შენი თავი შენვე გაბარია , ოთახის გარეშე ყოფნასაც აიტან.

"მიეცით ქალს საკუთარი ოთახი,500 გირვანქა წლიური შემოსავალი,მიეცით საშუალება ხშირად გაანძრიოს ტვინი და სულ მალე ის შექმნის უკეთეს ნაწარმოებს."

         ვირჯინიას აზრით,მთავარი, რის გამოც ქალები ვერ ქმნიდნენ რაიმე ღირებულს,  იყო ცხოვრების ერთფეროვნება. კაცი ომობდა, შეუზღუდავად იღებდა  ყველაფერს , რაც ადამიანის ცხოვრებას ამრავალფეროვნებს. ქალებს კი, თავისი შემოსავალი არასდროს არ ჰქონდათ და მხოლოდ ქმრისა და ბავშვების მოვლა ევალებოდათ. მათ ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა ისეთი , რაც მათი ინსპირაციის წყაროდ იქცეოდა.

       ვირჯინია ვულფის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.ქალებმა თავი დააღწიეს მეორე სქესის მფარველობას. თუ დღეს რომელიმე ქალს კაცის ნეკნობა უნდა , ეს მისი არჩევანი უფროა, ვიდრე თავს მოხვეული აზრი თუ ძალადობა.

       მიუხედავად ამისა , ვირჯინია ვულფი ხაზს უსვამს თავის სქესს, თუმცა შესაძლოა მაშინ ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ეს წიგნიც , ცოტა არ იყოს გაბრაზებული და ნიშნის მოგებით დაწერილია.

       ინტელექტუალური თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში. ამას , მატერიალური მდგომარეობის გარეშეც შეგიძლია მიაღწიო. დღეს, უკვე ნამდვილად და თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ქალების უმრავლესობამ თავი დააღწია კაცის მფარველობას და სწორედ ის დროა, მსოფლიოს ახალი აღმოჩენები შეემატოს.

    სამახსოვრო ფრაზები:
  • შეგიძლიათ, საიმედოდ გამოკეტოთ თქვენი ბიბლიოთეკები; მაგრამ არ არსებობს კარიბჭე, არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ.
  •  მწერლისათვის საბედისწეროა, იყო უბრალოდ ქალი ან კაცი; მას ორივე ბუნება უნდა გააჩნდეს.
  •  ჩემი შეხედულებების მოსმენის შემდეგ, იქნებ დამეთანხმოთ კიდეც, რომ ფულსა და საკუთარ ადგილს მართლაც აქვს რაღაც გავლენა ქალებსა და ლიტერატურაზე. ყოველ შემთხვევაში, როდესაც თემა ასეთი საკამათოა, ჭეშმარიტების ღაღადზე პრეტენზია ისედაც არავის არ უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შესაძლებელია, ისაა, რომ აუდიტორიას მისცე საშუალება საკუთარი დასკვნები გამოიტანოს შენი ნაამბობიდან. მოცემულ შემთხვევაში ფაქტებზე მეტ სიმართლეს თავად ლიტერატურა თუ შემოგვთავაზებს.
  •  ცხოვრება ორივე სქესისათვის – მძიმე, სასტიკი, გამუდმებული ბრძოლაა, რომელსაც გიგანტური გამბედაობა და ძალა სჭირდება. ალბათ ყველაზე მეტად, ილუზიებით სავსე ისეთი არსებებისათვის, როგორებიც ჩვენ ვართ, ეს ყველაფერი საკუთარი თავის რწმენას მოითხოვს. საკუთარი თავის რწმენის გარეშე აკვნის ბავშვებს ვგავართ.

No comments:

Post a Comment