Monday, November 11, 2019

სტიგ ლარსონი - "გოგონა დრაკონის ტატუთი" Stieg Larsson - "The Girl With The Dragon Tattoo"


         ისტორია იწყება ძალიან საინტერესოდ. მდიდარი, მოხუცი კაცი თავის 82-ე  დაბადების დღეზე საჩუქარს იღებს რომელშიც ჩარჩოში ჩასმული იშვიათი გამხმარი ყვავილია. სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ის უკვე 40 წელია იღებს ანონიმური პიროვნებისგან. მოხუცი მას მანიაკად თვლის, რომელსაც მისი ჭკუიდან შეშლა აქვს გადაწყვეტილი, რადგან ის 40 წლის წინ გაუჩინარებულ, თავის ძმიშვილის საქმეს იძიებს. ის თვლის, რომ მკვლელს მისი თავიდან მოშორება სურს. მრავალი წლის წინანდელ ამბავს, რომელსაც თავიდან ათობით ადამიანი იძიებდა, მხოლოდ ის და “მკვლელი” შერჩნენ.
   
         სასოწარკვეთილი ჰენრიკ ვანგერი გადაწყვეტს ბოლოჯერ სცადოს საქმის გახსნა და ამისათვის არანაკლებ სასოწარკვეთილ ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს მიმართავს, რომელმაც ეს ესაა წააგო საქმე მდიდარ თაღლითთან და ცილისწამებისთვის ციხე ელის. ის ცნობილია თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით და მეტსახელით კალე ბლუმკვისტი როგორც ასტრიდ ლიდგრენის საბავშვო რომანის გმირი. ვანგერი მიქაელს სუსტ წერტილს უძებნის და მისი ძმიშვილის საქმის გამოძიების სანაცვლოდ ახალ კომპრომატებს ჰპირდება თაღლითის წინააღმდეგ.. კალე კი იძულებულია სოლიდური თანხის და ინფორმაციის სანაცვლოდ "ბზიკების ბუდეში" შეაბიჯოს, რომელსაც ვანგერების ოჯახი საოცრად გავს… მიქაელი ტოვებს თავის ცხოვრებას და მიყრუებულ კუნძულზე გადადის ერთი წლით საცხოვრებლად . დახმარებას კი 24 წლის “შეშლილ”, ჰაკერ გოგოს ლისბეთ სალანდერს თხოვს, რომელიც ფირმაში მუშაობს და რაღაც “ეშმაკის მანქანებით” ახერხებს ყველა “კლიენტზე” ყველაზე შავბნელი ინფორმაციის მოძიებას.



        გოგონა ფოტოგრაფიული მეხსიერებით და ძალიან ძლიერი ადამიანია.
აი აქ იწყება ისტორია. დაძაბული და სრულიად გაურკვეველი. საქმე იმდენადაა ჩახლართული ,რომ აზრზე ვერ მოდიხარ, საიდან შეიძლება დაიწყოს კვანძის გახსნა. რანაირად შეიძლება ჩაკეტილი წრიდან გამოღწევა ,რომელსაც ღრიჭოც კი ვერ მოუძებნეს 40 წლის განმავლობაში...არის მკვლელობა, მაგრამ არ არის გვამი... არის ფოტოები, რომლებსაც არაფერი დაუნახავთ, არიან თვითმხილველები, რომლებიც ფოტოებივით არაფერს ამბობენ. არის კი ეს მკვლელობა?! რა ხდება ვანგერების ოჯახში სადაც ჰენრიკის გარდა ყველა კაცი ქალების მოძულე ნაცისტი იყო. რა მოუვიდა სინამდვილეში ჰარიეტს?!


            აქ არის ყველაფერი რაც მკითხველს უყვარს: საინტერესო დეტექტივი რომლის ფინალიც ნამდვილად მოულოდნელია, ოჯახური დრამა, რელიგიური ტრილერი, პოლიტიკური ინტრიგები…ისტორია იმაზე ,თუ როგორ შეიძლება დაუნგრიოს ცხოვრება ბევრ ადამიანს ერთი ადამიანის ეგოიზმმა და ფანატიკურმა "ვითომ" რწმენამ და ფატალურმა იდეალებმა…რა თქმა უნდა წიგნს აქვს უარყოფითი მხარეები, თუმცა ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის... მე მომეწონა...

No comments:

Post a Comment