Saturday, November 2, 2019

პოლ ოსტერი - "ილუზიების წიგნი" Paul Auster - "The book of illusions"


         გაიცანით - პოლ ოსტერი  - ამერიკელი მწერალი, ენათმეცნიერი, სცენარისტი, პოეტი და მთარგმნელი. მის მიერ დაწერილი 3 წიგნი მაქვს წაკითხული და ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნზე მოგიყვებით. 

         "ილუზიების წიგნი" ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ მწერალს რეჟისორობა ყოველთვის სურდა. მასში კინოსადმი სიყვარული დიდი დოზითაა გადმოცემული.  პროფესორი დევიდ ზიმერი თავს დატეხილი ტრაგედიის შემდეგ , შველას სწორედ კინოში პოულობს. თანაც მუნჯ კინოში. :ყველას ეგონა, რომ ეს ადამიანი მკვდარია..." - ასე იწყება წიგნი, რომელიც მუნჯი კინოს ვარსკვლავის - ჰექტორ მანის შესახებ მოგვითხრობს. ჰექტორ მანი 20 -ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, ერთ დღეს მოულოდნელად გაუჩინარდება. წლების განმავლობაში მისი ასავალ-დასავალის შესახებ  ვერცერთი დეტექტივი თუ კერძო გამომძიებელი ვერაფერს იგებს. დროთა განმავლობაში , მსახიობი ყველას ავიწყდება...ერთ დღეს კი , თავის ტრაგიზმთან მარტოდმარტო დარჩენილი პროფესორი დევიდ ზიმერი , ჰექტორ მანის ერთ-ერთ კინოს უყურებს  და ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად გაეცინება. სწორედ ეს მომენტი გახდება ბიძგი...ბიძგი ახალი ცხოვრების დასაწყებად. პროფესორი მსახიობის ბიოგრაფიის შესწავლას და შემდეგ მის შესახებ წიგნის დაწერას მიზნად ისახავს. ერთ დღეს კი უცნაურ წერილს იღებს, საიდანაც ირკვევა , რომ ჰექტორ მანი არ დაღუპულა და მასთან შესახვედრად მზად არის.

          პოლ ოსტერი გამოგონილ მსახიობს და მის კინოებს ისე რეალურად აღწერს , რომ რამდენიმეჯერ დავგუგლე , რომ მენახა იქნებ მართლა არსებობდა ასეთი პიროვნება...მაგრამ, ამაოდ...  დარწმუნებული ვარ , წიგნი დაგაინტერესებთ და პოლ ოსტერს ისევე დაუმეგობრდებით, როგორც მე.


     სამახსოვრო ფრაზები :
  • მემგონი, ყველა ჩვენგანს სურს, რომ შეუძლებელი, მიუღწეველი რამეებისა სწამდეს, თავი დაირწმუნოს, რომ სასწაულები ხანდახან მაინც ხდება.
  • კინო ვიზუალური ენაა, ამბების თხრობის ხერხი ორგანზომილებიან ეკრანზე სახეების ჩვენებით.
  •  მათხოვარს საქმე ასარჩევად არ აქვს.
  •  სამყარო ილუზიაა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად ხელახლა აქვს გამოსაგონი.
  •  ნეტავი რამდენი ადამიანია კიდევ ცოცხალი იმათგან, ვინც კი ცხოვრების გზაზე შემომხვედრია?
  •  ამბობენ, მოულოდნელს მუდამ ელოდეო, მაგრამ იმას კი აღარ მოველოდი, რომ მოულოდნელს გამეორება სცოდნია.
  •  მძიმე გასაჭირის წუთები ადამიანებს გამძლეობას უორკეცებს; ან უფრო ზოგადად რომ ვთქვათ: ადამიანი სრული ცხოვრებით ცხოვრებას ვერ დაიწყებს, თუ კი მანამდე განგებამ კედელთან არ მიიმწყვდია.
  •  არაფერი იკარგება იქიდან, რაც კი ოდესმე შეგვმთხვევია.
  •  ყველა ადამიანს საკუთარი ათვლის წერტილი აქვს და საითაც გინდა წადი ამ ადგილიდან სიცოცხლის განმავლობაში, ბოლოს მაინც აღმოჩნდება, რომ ისევ იქ დაბრუნებულხარ.
   

No comments:

Post a Comment