Tuesday, January 21, 2020

რომენ გარი - "ევროპული აღზრდა" Romain Gary - "European Education"


        თანამედროვე ევროპელ მწერალთა რიგებში ღირსეული ადგილი უჭირავს რომენ გარის, არაჩვეულებრივ ნოველისტს, რომელიც  ნაწარმოებებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით – რომენ გარი და ემილ აჟარი ,თუმცა მისი ნამდვილი  გვარი კაცევი იყო.
        პირველი რომანი რომელიც 1945 წელს გამოაქვეყნა იყო "ევროპული აღზრდა", იმ წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულებულად გამოცხადდა და ნაწარმოებიც სწორედ ამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი საშინელი, სასტიკი და ხანგრძლივი დაპირისპირების შესახებ გვიყვება.

         
       პოლონეთში შეჭრილი გერმანელები დაუნდობლად აწიოკებენ მშვიდობიან მოსახლეობას, კლავენ, აწამებენ, ძარცვავენ, მათ ცხოვრებას ყოვლად გაუსაძლის ხდიან… თუმცა მაინც არ ნებდებიან ადამიანები, სიცოცხლეს არ თმობენ ასე ადვილად, ტყეებში სამალავებს აკეთებენ, მიწაში ცხოვრობენ, შიმშილს ებრძვიან, პარტიზანები ფარულად აწყობენ მცირე თავდასხმებს ყველა გერმანელზე ვინც კი უახლოვდებათ.
       
       ერთ–ერთი მოკლე და  პატარა წიგნია მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე, მაგრამ ფურცელთა სიმცირე მის მნიშვნელობას ვერაფერს აკლებს, დიდი ტკივილის მიუხედავად მსუბუქად და სწრაფად იკითხება, გრძნობ რომ გმირებთან ერთად ცხოვრობ, იბრძვი, მათთან ერთად ცდილობ შეინარჩუნო განცდა სიცოცხლისა, იპოვო კაცობრიობის არსებობის საჭიროების დამამტკიცებელი საბუთები, იმის იმედს ეძებ რომ ამდენ სიძულვილს ოდესმე სიყვარული შეცვლის და ადამიანები ტყვიის ნაცვლად ერთმანეთს ღიმილს შეაგებებენ.

     
     ეს ნაწარმოებები სავსეა ლაიტმოტივებით, ერთ–ერთია შიმშილისა და უმი კარტოფილის გარშემო ტრიალი, უმი კარტოფილით სავსე ტომრები ადამიანურობის დაკარგვა–არდაკარგვის ზღვარადაა ქცეული…

      კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ლაიტმოტივია  მუსიკა და მისი მომაჯადოვებელი ზეგავლენა, ამ ნოტებისგან აწყობილ მელოდიებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს პიროვნულობა, გაახსენოს სიცოცხლის არსი...

       წიგნის მთავარი გმირი იანეკი პირველად ლეიტენანტ იაბლონსკის საყვარელ ქალთან მოისმენს ფორტეპიანოზე დაკრულ შოპენს… შემდეგ ყველანი ერთად უსმენენ შოპენის "პოლონეზს"…  
       სწორედ პოლონელი შოპენი და ავსტრიელი მოცარტი მის სულს მალამოდ ედება, თუკი ის ყველა გერმანელში მტერს ხედავდა, იმ  მუსიკის წყალობით რომელსაც ამჯერად ყოველ საღამოს გერმანელ მეთოჯინესთან ისმენს, ხვდება რომ ყველანი ერთნაირად არიან ადამიანები, ყველას ერთნაირად შეუძლია სიცოცხლე და სიყვარული, უბრალოდ ზიგიერთებს ეს დაავიწყდათ… მუსიკის ენაზე, ვისაც სურვილი აქვს მოისმინოს და შეიგრძნოს ეს მშვენიერება ყველა ერთ ლამაზ, ჰუმანურ და დაუვიწყარ ენაზე საუბრობს…

       კარგი საკითხავია რთულ და სასტიკ პერიოდზე, მაგრამ იმხელა ადამიანურობაა ჩადებული სიყვარულით აგავსებს!

Saturday, January 18, 2020

ჯოზე სარამაგუ - "სიბრმავე" Jose Saramago - "Blindness"


      წიგნი ადამიანის ცნობიერებას ცვლის. ყოველი ახალი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ დიდხანს ცხოვრობ მიღებული შთაბეჭდილებით. ჟოზე სარამაგუს ,,სიბრმავის“ შემდეგ კიდევ უფრო მეტად მივხვდი,  როგორ შემეცვალა წარმოდგენა ცხოვრებასა და ადამიანებზე.

       რთულია ემოციის გარეშე გაიხსენო ეპიზოდი წიგნიდან. არადა, თავს ვერ ანებებ კითხვას, გვერდზე დებ ყველაფერს, ხვდები, რასაც კითხულობ, შენ თვალწინ კი არ ხდება, მონაწილე ხარ.

        რა სასტიკია ცხოვრება, რა უძლურია ადამიანი მის წინაშე, როგორ გათამაშებს, გამარცხებს, გთელავს. ამავდროულად საშუალებას გაძლევს წამოდგე, მაგრამ სად არიან ადამიანები, წამოდგომაში რომ დაგეხმარებიან?! და ეძებ ასეთ ადამიანს სარამაგუს ,,სიბრმავეში“. ექიმის ცოლივით თვალხილული იმას ხედავ, რასაც ის, მაგრამ ისე გრძნობ? ისე განიცდი? ისე ცდილობ? რა თქმა უნდა, არა,რადგან მას მიჰყვები, მის ზურგსა და მხრებს ამოფარებული. შიშით, ძრწოლით, განცდით – შენც არ გაგთელონ, შენც არ დაგემართოს იგივე, არ დაბრმავდე, არ გესროლონ, გვამებს ფეხი არ დაადგა, არ დამდაბლდე, არ მოკლა, არ შეურაცხყო, არ დაგავიწყდეს ღმერთი! გაოცებას ვერ მალავ, ერთადერთ ქალს შეუძლია ამ ყველაფერს გაუმკლავდეს და ბოლომდე თავისუფალ ადამიანად დარჩეს. შენც გიჩნდება სურვილი, ,,გათავისუფლდე“, ეს ალბათ მაშინ მოხდება, ექიმის ცოლს ფარად რომ აღარ დაიყენებ, როცა შენც იმავეს გაივლი არა სიცოცხლისთვის,არამედ თავისუფლების ძიებისთვის.

      ეს არის წიგნი, რომელიც უმძიმესი ეპიზოდების მიუხედავად სულმოუთქმელად იკითხება. არა მარტო იმიტომ, რომ თავი დააღწიო ამ სისატიკეს, არამედ იმიტომ,რომ შენ ირგვლივ თვალგახელილი კი არა,სიბრმავიდან გამოსული, ბედნიერი, თავისუფალი ადამიანები იხილო.
      ყველაზე დიდი ემოცია ამ წიგნში თანაგანცდაა.საოცარია, როგორ იცვლები ნაწარმოების ბოლოს, როგორ გიხარია, რომ სამყაროს ფერები დაუბრუნდა, გჯერა, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. არ შეიძლება ადამიანები ასეთებად დარჩნენ.დარწმუნდები, რომ სარამაგუს ადამიანები კი არ სძულს, პირიქით, ძალიან უყვარს, მაგრამ ასეთი რამ რომ არ მოხდეს, იმიტომაც დაწერა, ალბათ, ეს წიგნი. და კიდევ იმიტომაც,რომ შეგვახსენა:  ,,ადამიანებო,იყავით ადამიანურნი,ეს თქვენი პირველი მოვალეობაა!“

Sunday, January 5, 2020

ვიქტორ ჰიუგო - "კაცი, რომელიც იცინის" Victor Hugo - "The man who laughs"

         ეს წიგნი პირველად წლების წინ წავიკითხე , მაგრამ დღემდე მახსოვს კითხვის პროცესი და ემოციები.მას შემდეგ დიდი დრო გავიდა , მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს წიგნზე, რომელიც საკმაოდ გამორჩეულია.
        როგორც ბევრისთვის ცნობილია, ვიქტორ ჰიუგოს წიგნები  არ არის მარტივი საკითხავი, რადგან ის პერიოდულად წყვეტს მთავარი სიუჟეტის ძაფს და სხვადასხვა სპეციფიური დეტალის აღწერაზე გადაერთვება ხოლმე.მაგრამ ამის პარალელურად, ავტორი იმდენად საინტერესო და ამაღელვებელ სიუჟეტს გვთავაზობს , რომ მკითხველი წიგნზე უარს ვერ ამბობს.

        წიგნის გამორჩეული გმირი გუინპლენია, კაცი, რომელიც იცინის... რომელსაც სხვაგვარად არ შეუძლია... პერსონაჟის ცხოვრება დასაწყისშივე უზომოდ დრამატული და ემოციურია. დარწმუნებული ვარ,თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც , მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ამის განწყობაზე საერთოდ არ ვიყოთ , საზოგადოებრივი აზრის ან უბრალოდ თავაზიანობის გამო მაინც ვირგებთ მომღიმარ ნიღაბს და გარკვეული დროით საკუთარ განწყობას ვაყალბებთ, რაც საკმაოდ დამღლელი და არასასიამოვნო პროცესია... ახლა კი წარმოიდგინეთ, ეს ნიღაბი სამუდამოდ რომ აღიბეჭდოს თქვენს სახეზე...

     
      ავტორის მიერ აღწერილი გუინპლენი  საზარელია... ემოცია, რომელსაც მისი სახის დანახვა იწვევს ადამიანებში , უზომო შიში ან ისტერიული სიცილია, მაგრამ არა მკითხველისთვის. ავტორის მეშვეობით , ჩვენ პატარა, საყვარელ ბიჭს ვხედავთ, მოგვიანებით კი კაცს, რომელიც თავად არის იძულებული იცხოვროს მახინჯთა გარემოცვაში.  ამ ყველაფრის მიუხედავად, ის  მხოლოდ ერთადერთხელ გამოხატავს ემოციას , ზიზღს ამ ყველაფრის მიმართ და ეს ეპიზოდი საოცარია...

      წიგნის მშრალი ფურცლების მიღმა, ავტორი ახერხებს, რომ დაგვაფიქროს ადამიანების მთავარ ღირებულებებზე , ჭეშმარიტებისა და სიცრუის, ასევე გარეგანისა და შინაგანის ჭიდილზე და რაც მთავარია სიყვარულზე , რადგან სიყვარული ყველაფერია...


Friday, January 3, 2020

მოასირ სკლიარი - "კაფკას ლეოპარდები" Moacyr Scliar - "Les Leopardds de Kafka"


       2020 წელი , როგორც ახალ წელს შეეფერება, კარგი შემართებით დავიწყე და ერთი პატარა წიგნის წაკითხვაც მოვასწარი უკვე, რომლის შესახებ ახლა მოვყვები.ვაღიარებ, ბრაზილიელი მწერლის - მოასირ სკლიარის შესახებ , ამ წიგნის წაკითხვამდე არაფერი გამეგო და როგორც აღმოვაჩინე, მისი წიგნების ძირითადი თემა ებრაელებს და მათ დიასპორას უტრიალებს,ასევე აღწერს მათ ცხოვრებას ემიგრაციაში, კერძოდ ბრაზილიაში.

       წიგნის მთავარი გმირი - მემარცხენე , ტროცკისტი ბიჭია, სახელად - "თაგუნა", რომელიც უკრაინის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს და მეგობრის მაგივრად წავა პრაღაში საიდუმლო მისიით,რომლის შესახებაც თვითონაც არაფერი არ იცის. ისედაც გაურკვევლობაში მყოფი, იქ კიდევ ბევრ რამეს აურევს და ამ არეულობისას ფრანც კაფკასაც კი გაიცნობს, მისგან ხელმოწერილ ჩანაწერსაც დაისაკუთრებს ტაძარში შევარდნილი ლეოპარდების შესახებ და ცხოვრების ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულს გადაეყრება.

       მოკლედ, ბევრი უცნაური დამთხვევა და მოულოდნელობები შეგხვდებათ წიგნში.      
სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაური წიგნია , კაფკასნაირი. ასეა თუ ისეა , ეს პატარა წიგნი პრაღაში გამოგზაურებს, მივიწყებულ კომუნისტურ მანიფესტში ჩაგაჭყიტებს, ფრანც კაფკას გაგაცნობს, მის უცნაურ მისამართიან ცარიელ ბინაშიც შეგაჭყიტებს და უცნაურ ჩანაწერზე ტვინსაც გაჭყლეტინებს.