Sunday, January 5, 2020

ვიქტორ ჰიუგო - "კაცი, რომელიც იცინის" Victor Hugo - "The man who laughs"

         ეს წიგნი პირველად წლების წინ წავიკითხე , მაგრამ დღემდე მახსოვს კითხვის პროცესი და ემოციები.მას შემდეგ დიდი დრო გავიდა , მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს წიგნზე, რომელიც საკმაოდ გამორჩეულია.
        როგორც ბევრისთვის ცნობილია, ვიქტორ ჰიუგოს წიგნები  არ არის მარტივი საკითხავი, რადგან ის პერიოდულად წყვეტს მთავარი სიუჟეტის ძაფს და სხვადასხვა სპეციფიური დეტალის აღწერაზე გადაერთვება ხოლმე.მაგრამ ამის პარალელურად, ავტორი იმდენად საინტერესო და ამაღელვებელ სიუჟეტს გვთავაზობს , რომ მკითხველი წიგნზე უარს ვერ ამბობს.

        წიგნის გამორჩეული გმირი გუინპლენია, კაცი, რომელიც იცინის... რომელსაც სხვაგვარად არ შეუძლია... პერსონაჟის ცხოვრება დასაწყისშივე უზომოდ დრამატული და ემოციურია. დარწმუნებული ვარ,თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც , მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ამის განწყობაზე საერთოდ არ ვიყოთ , საზოგადოებრივი აზრის ან უბრალოდ თავაზიანობის გამო მაინც ვირგებთ მომღიმარ ნიღაბს და გარკვეული დროით საკუთარ განწყობას ვაყალბებთ, რაც საკმაოდ დამღლელი და არასასიამოვნო პროცესია... ახლა კი წარმოიდგინეთ, ეს ნიღაბი სამუდამოდ რომ აღიბეჭდოს თქვენს სახეზე...

     
      ავტორის მიერ აღწერილი გუინპლენი  საზარელია... ემოცია, რომელსაც მისი სახის დანახვა იწვევს ადამიანებში , უზომო შიში ან ისტერიული სიცილია, მაგრამ არა მკითხველისთვის. ავტორის მეშვეობით , ჩვენ პატარა, საყვარელ ბიჭს ვხედავთ, მოგვიანებით კი კაცს, რომელიც თავად არის იძულებული იცხოვროს მახინჯთა გარემოცვაში.  ამ ყველაფრის მიუხედავად, ის  მხოლოდ ერთადერთხელ გამოხატავს ემოციას , ზიზღს ამ ყველაფრის მიმართ და ეს ეპიზოდი საოცარია...

      წიგნის მშრალი ფურცლების მიღმა, ავტორი ახერხებს, რომ დაგვაფიქროს ადამიანების მთავარ ღირებულებებზე , ჭეშმარიტებისა და სიცრუის, ასევე გარეგანისა და შინაგანის ჭიდილზე და რაც მთავარია სიყვარულზე , რადგან სიყვარული ყველაფერია...


No comments:

Post a Comment