Saturday, January 18, 2020

ჯოზე სარამაგუ - "სიბრმავე" Jose Saramago - "Blindness"


      წიგნი ადამიანის ცნობიერებას ცვლის. ყოველი ახალი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ დიდხანს ცხოვრობ მიღებული შთაბეჭდილებით. ჟოზე სარამაგუს ,,სიბრმავის“ შემდეგ კიდევ უფრო მეტად მივხვდი,  როგორ შემეცვალა წარმოდგენა ცხოვრებასა და ადამიანებზე.

       რთულია ემოციის გარეშე გაიხსენო ეპიზოდი წიგნიდან. არადა, თავს ვერ ანებებ კითხვას, გვერდზე დებ ყველაფერს, ხვდები, რასაც კითხულობ, შენ თვალწინ კი არ ხდება, მონაწილე ხარ.

        რა სასტიკია ცხოვრება, რა უძლურია ადამიანი მის წინაშე, როგორ გათამაშებს, გამარცხებს, გთელავს. ამავდროულად საშუალებას გაძლევს წამოდგე, მაგრამ სად არიან ადამიანები, წამოდგომაში რომ დაგეხმარებიან?! და ეძებ ასეთ ადამიანს სარამაგუს ,,სიბრმავეში“. ექიმის ცოლივით თვალხილული იმას ხედავ, რასაც ის, მაგრამ ისე გრძნობ? ისე განიცდი? ისე ცდილობ? რა თქმა უნდა, არა,რადგან მას მიჰყვები, მის ზურგსა და მხრებს ამოფარებული. შიშით, ძრწოლით, განცდით – შენც არ გაგთელონ, შენც არ დაგემართოს იგივე, არ დაბრმავდე, არ გესროლონ, გვამებს ფეხი არ დაადგა, არ დამდაბლდე, არ მოკლა, არ შეურაცხყო, არ დაგავიწყდეს ღმერთი! გაოცებას ვერ მალავ, ერთადერთ ქალს შეუძლია ამ ყველაფერს გაუმკლავდეს და ბოლომდე თავისუფალ ადამიანად დარჩეს. შენც გიჩნდება სურვილი, ,,გათავისუფლდე“, ეს ალბათ მაშინ მოხდება, ექიმის ცოლს ფარად რომ აღარ დაიყენებ, როცა შენც იმავეს გაივლი არა სიცოცხლისთვის,არამედ თავისუფლების ძიებისთვის.

      ეს არის წიგნი, რომელიც უმძიმესი ეპიზოდების მიუხედავად სულმოუთქმელად იკითხება. არა მარტო იმიტომ, რომ თავი დააღწიო ამ სისატიკეს, არამედ იმიტომ,რომ შენ ირგვლივ თვალგახელილი კი არა,სიბრმავიდან გამოსული, ბედნიერი, თავისუფალი ადამიანები იხილო.
      ყველაზე დიდი ემოცია ამ წიგნში თანაგანცდაა.საოცარია, როგორ იცვლები ნაწარმოების ბოლოს, როგორ გიხარია, რომ სამყაროს ფერები დაუბრუნდა, გჯერა, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. არ შეიძლება ადამიანები ასეთებად დარჩნენ.დარწმუნდები, რომ სარამაგუს ადამიანები კი არ სძულს, პირიქით, ძალიან უყვარს, მაგრამ ასეთი რამ რომ არ მოხდეს, იმიტომაც დაწერა, ალბათ, ეს წიგნი. და კიდევ იმიტომაც,რომ შეგვახსენა:  ,,ადამიანებო,იყავით ადამიანურნი,ეს თქვენი პირველი მოვალეობაა!“

No comments:

Post a Comment