Tuesday, January 21, 2020

რომენ გარი - "ევროპული აღზრდა" Romain Gary - "European Education"


        თანამედროვე ევროპელ მწერალთა რიგებში ღირსეული ადგილი უჭირავს რომენ გარის, არაჩვეულებრივ ნოველისტს, რომელიც  ნაწარმოებებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით – რომენ გარი და ემილ აჟარი ,თუმცა მისი ნამდვილი  გვარი კაცევი იყო.
        პირველი რომანი რომელიც 1945 წელს გამოაქვეყნა იყო "ევროპული აღზრდა", იმ წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულებულად გამოცხადდა და ნაწარმოებიც სწორედ ამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი საშინელი, სასტიკი და ხანგრძლივი დაპირისპირების შესახებ გვიყვება.

         
       პოლონეთში შეჭრილი გერმანელები დაუნდობლად აწიოკებენ მშვიდობიან მოსახლეობას, კლავენ, აწამებენ, ძარცვავენ, მათ ცხოვრებას ყოვლად გაუსაძლის ხდიან… თუმცა მაინც არ ნებდებიან ადამიანები, სიცოცხლეს არ თმობენ ასე ადვილად, ტყეებში სამალავებს აკეთებენ, მიწაში ცხოვრობენ, შიმშილს ებრძვიან, პარტიზანები ფარულად აწყობენ მცირე თავდასხმებს ყველა გერმანელზე ვინც კი უახლოვდებათ.
       
       ერთ–ერთი მოკლე და  პატარა წიგნია მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე, მაგრამ ფურცელთა სიმცირე მის მნიშვნელობას ვერაფერს აკლებს, დიდი ტკივილის მიუხედავად მსუბუქად და სწრაფად იკითხება, გრძნობ რომ გმირებთან ერთად ცხოვრობ, იბრძვი, მათთან ერთად ცდილობ შეინარჩუნო განცდა სიცოცხლისა, იპოვო კაცობრიობის არსებობის საჭიროების დამამტკიცებელი საბუთები, იმის იმედს ეძებ რომ ამდენ სიძულვილს ოდესმე სიყვარული შეცვლის და ადამიანები ტყვიის ნაცვლად ერთმანეთს ღიმილს შეაგებებენ.

     
     ეს ნაწარმოებები სავსეა ლაიტმოტივებით, ერთ–ერთია შიმშილისა და უმი კარტოფილის გარშემო ტრიალი, უმი კარტოფილით სავსე ტომრები ადამიანურობის დაკარგვა–არდაკარგვის ზღვარადაა ქცეული…

      კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ლაიტმოტივია  მუსიკა და მისი მომაჯადოვებელი ზეგავლენა, ამ ნოტებისგან აწყობილ მელოდიებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს პიროვნულობა, გაახსენოს სიცოცხლის არსი...

       წიგნის მთავარი გმირი იანეკი პირველად ლეიტენანტ იაბლონსკის საყვარელ ქალთან მოისმენს ფორტეპიანოზე დაკრულ შოპენს… შემდეგ ყველანი ერთად უსმენენ შოპენის "პოლონეზს"…  
       სწორედ პოლონელი შოპენი და ავსტრიელი მოცარტი მის სულს მალამოდ ედება, თუკი ის ყველა გერმანელში მტერს ხედავდა, იმ  მუსიკის წყალობით რომელსაც ამჯერად ყოველ საღამოს გერმანელ მეთოჯინესთან ისმენს, ხვდება რომ ყველანი ერთნაირად არიან ადამიანები, ყველას ერთნაირად შეუძლია სიცოცხლე და სიყვარული, უბრალოდ ზიგიერთებს ეს დაავიწყდათ… მუსიკის ენაზე, ვისაც სურვილი აქვს მოისმინოს და შეიგრძნოს ეს მშვენიერება ყველა ერთ ლამაზ, ჰუმანურ და დაუვიწყარ ენაზე საუბრობს…

       კარგი საკითხავია რთულ და სასტიკ პერიოდზე, მაგრამ იმხელა ადამიანურობაა ჩადებული სიყვარულით აგავსებს!

No comments:

Post a Comment